გადაწყვეტილება №19563/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19563/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: :აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 28.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19563/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.06.2021 წლის №18868 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის №081-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 აპრილის №7322 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 172 810.96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 86 515
დღგ - (-3 472)
მოგების გადასახადი - 55 879
საშემოსავლო გადასახადი - 29 827
ქონების გადასახადი - 4 281
ჯარიმა - 44 705
საურავი - 41 590,96
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 თებერვლის №5012 და 30 ივნისის №17633 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2017 წლის 6 სექტემბრიდან 2020 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №39560 ბრძანება ,,გადასახადების/გადასახდელების და ამავე თარიღის №081-409 საგადასახადო მოთხოვნა.
ღის №081-409 საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. 2020 წლის 24 ივლისს მომჩივანმა შპს ,,------------''-ის (ს/ნ-----------) დამფუძნებელთან გააფორმა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,------------’’ შპს ,,------------''- ის 25% წილის სანაცვლოდ მის დამფუძნებელს 2019 წელს გადაუხადა 200 000 აშშ დოლარი, თანხის გადაცემის დროისთვის არსებული ექვივალენტით ლარში. თანხის გადაცემა მოხდა ორ ეტაპად: 50 000 აშშ დოლარის გადაცემა მოხდა 2019 წლის 5 მარტს (ექვივალენტი ლარში 133 530), ხოლო 150 000 აშშ დოლარის გადაცემა მოხდა 2019 წლის 23 აგვისტოს (ექვივალენტი ლარში 440 040).
შემოწმებისას დადგინდა, რომ შპს ,,-----------’’ და შპს ,,-----------’’ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. შპს ,,-------------''-ისგან გამოთხოვილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის მთლიანი ღირებულება (აქტივებს გამოკლებული ვალდებულებები) 25% წილის რეალიზების დროისთვის შეადგენს 865 932 ლარს, ამდენად, მისი 25 %-ის საბაზრო ღირებულება იქნებოდა 216 483 ლარი. წილის შეძენისას 357 087 ლარი ზედმეტად არის გადახდილი, რაც მიჩნეული იქნა განაწილებულ მოგებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების დამუშავების შედეგად განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. შემოწმებით გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა პერიოდების მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2021 წლის №18868 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ სადავო საკითხზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №18868 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 27 235 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 157 ლარი და ჯარიმა 9 078 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 8 თებერვლის №081-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 აპრილის №7322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №18868 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტემენტს წარედგინა შპს „-----------“ (ს/6 ----------) დასკვნა, რომლითაც შეფასდა შპს „----------“-ის აქტივები. ასევე, სს „---------“ და შპს „------------“-ს შორის დადებული ცესიის ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებით 2023 წლის 23 იანვარს შედგა ახალი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აუდიტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 7 თებერვლის №2070 ბრძანება და 2023 წლის 8 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა №081-13.
2023 წლის 5 მარტის შემოსავლების სამსახურის №7322 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უნდა გაბათილდეს შემდეგი საფუძვლებით:
წილის ნასყიდობის ღირებულების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტს უნდა განეხორციელებინა შპს „------------“-ის აქტივების სრული შესწავლა. მათი მხრიდან შემოსავლების სამსახურს წარედგინა აუდიტის დასკვნა, რომლითაც შეფასდა წილის ნასყიდობის პერიოდში შპს „------------“-ის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონების შეფასება, ასევე კომპანიის ბალანსზე არსებული მოთხოვნა ამხანაგობა დეანელეს მიმართ.
ზოგადი განმარტებისთვის, კიდევ ერთხელ ჩამოთვლის წილის ნასყიდობისას შპს „--------“-ის აქტივებს, რომელთა გათვალისწინებაც, რატომღაც არ მოხდა გადაანგარიშების დასკვნაში:
1. „-----------“-ის სრული აქტივი, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. --------, -------- (ს/კ----------) ღირებულება 2019 წლის 1-ელი მარტის მდგომარებით შეადგენდა 108 000 ლარს.
2. გარდა აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2019 წლის 18 ივნისს სს „-----------“ და შპს „-----------“-ს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (-------) ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „---------“-მა შეიძინა 256 844.14 აშშ დოლარის აქტივი (მოთხოვნა ამხანაგობა „---------“ მიმართ). შესაბამისად, შპს „---------“-ის ბალანსზე რიცხული მოთხოვნის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 18 ივნისს შეადგენდა 780 908 ლარს.
3. ძირითადი საშუალებები - 7480 ლარი;
4. მარაგები - 372 284 ლარი (მარაგებში არ შედის უძრავი ქონება, მდებარე: ქ.---------- (ს/კ -----------)
5. მისაღები სესხი - 141 125 ლარი
6. მისაღები პროცენტი - 14 112 ლარი
7. ფული - 5524 ლარი
8.ზედმეტობა ბიუჯეტში - 11 564 ლარი აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „----------“-ის სრული აქტივები შეადგენდა 1 433 517 ლარს, ამას გამოკლებული ვალდებულებები ჯამში 148 613. შესაბამისად, კომპანიის წმინდა საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1 284 904 ლარს, რომლის 25% 321 226 ლარია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა მხოლოდ მის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა და ცესიის ხელშეკრულება, თუმცა 2023 წლის 5 აპრილის №7322 ბრძანებაში არ იქნა გათვალისწინებული ის დოკუმენტაცია, რაც თავდაპირველი საჩივრის განხილვისას იქნა მიწოდებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №18868 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 იანვრის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების შედეგად შეძენილი შპს „-----------”-ის 25% წილის საბაზრო ფასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით წარადგინა შპს „-----------“ (ს/ნ----------) მიერ შპს -----------”- ის (ს/ნ -----------) ბალანსზე არსებული ბინის შეფასება. ასევე, წარადგინა ინფორმაცია სს „-----------“ დადებული ცესიის ხელშეკრულების შედეგად ამხანაგობა „---------“ მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის შესახებ. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა, რის შედეგადაც გაიზარდა შპს „----------”-ის (ს/ნ -----------) საბაზრო ღირებულება და დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 14.06.2021 წლის №18868 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 14.06.2021 წლის №18868 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №18868 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 იანვრის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების შედეგად შეძენილი შპს -ის 25% წილის საბაზრო ფასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა.შემოწმების შედეგადაც გაიზარდა შპს-ეს საბაზრო ღირებულება და დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21)