გადაწყვეტილება № 25625/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25625/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25625/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------11.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25625/2/2025).

 

დავის საგანი: საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 18.07.2025 წლის №011-15241 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17448 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა - 478.5 ლარი.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 478.5 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 15.07.2025 წელს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა 2024 წლის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის დეკლარაცია (სავადო 01.04.2025 წ.). აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის 18.07.2025 წლის №011- 15241 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სანქცია - ჯარიმა 478.5 ლარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17448 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა, საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქცია გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევად.

შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17448 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 274-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 68-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადამხდელს 2025 წლის 28 მარტის ID:------ განცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის საფუძველზე გადავადებული ჰქონდა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ივლისამდე. ამასთან, მომჩივნის მიერ აღნიშნული დეკლარაცია წარდგენილ იქნა 2025 წლის 15 ივლისს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მეორე ნაწილით მომსახურების დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია ექვემდებარება გადაკვალიფიცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274- ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევად.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს სწორად იქნას დათვლილი სანქციის თანხა, ვინაიდან დეკლარაციის წარდგენა დააგვიანა 15 დღე ანუ 2 თვეზე ნაკლებ პერიოდში, რაც მისი განმარტებით გულისხმობს იმას, რომ საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად უნდა გამოყენებულიყო პირველი ნაწილი, შესაბამისად თანხა უნდა დათვლილიყო დასაბეგრი ბაზის 5 % ოდენობით და უნდა ყოფილიყო 119,52 ლარის 5% - 5,98 ლარი. ამბობს, რომ დასაბეგრი ბაზა არის არასწორად აღებული და დათვლილი.

ითხოვს დასაბეგრი ბაზის კორექტირებას, კერძოდ ნაცვლად 4 785 ლარისა განისაზღვროს დეკლარაციით წარდგენილი გადასახდელი თანხა 119,52 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით, წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 13.08.2025 წლის №------ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით 15.07.2025 წელს წარდგენილია 2024 წლის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის დეკლარაცია (სავადო 01.04.2025), ბიუჯეტში გადასახდელი თანხით 4 785.83 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 18.07.2025 წელს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-15241 საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 478.5 ლარი. შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17448 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მეორე ნაწილით მომსახურების დეპარტამენტის 18.07.2025 წლის №011-15241 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია გადაკვალიფიცირდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევად, შესაბამისად 11.08.2025 წელს მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება №011-15241/1 და განესაზღვრა სანქცია 239.25 ლარის ოდენობით. 13.08.2025 წლის მდგომარეობით სავადო დალაგებული ბარათის მიხედვით 01.04.2025წ (2024 წლის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის სავადო თარიღი) ერიცხება ზედმეტობა. გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით 13.08.2025 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 71 402.5 ლარი, დამატებით დარიცხული თანხები რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 239.25 ლარს.

მომჩივანი ითხოვს სწორად იქნას დათვლილი სანქციის თანხა, ვინაიდან დეკლარაციის წარდგენა დააგვიანა 15 დღე ანუ 2 თვეზე ნაკლებ პერიოდში, რაც მისი განმარტებით გულისხმობს იმას, რომ საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად უნდა გამოყენებულიყო პირველი ნაწილი, შესაბამისად თანხა უნდა დათვლილიყო დასაბეგრი ბაზის 5 % ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა 4.08.2025 წლის №17448 ბრძანებით მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით მომსახურების დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია ექვემდებარება გადაკვალიფიცირებას საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17448 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით 15.07.2025 წელს წარდგენილია 2024 წლის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის დეკლარაცია ბიუჯეტში გადასახდელი თანხით. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 18.07.2025 წელს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17448 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია გადაკვალიფიცირდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევად, შესაბამისად 11.08.2025 წელს მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება და განესაზღვრა სანქცია 239.25 ლარის ოდენობით. 13.08.2025 წლის მდგომარეობით სავადო დალაგებული ბარათის მიხედვით 01.04.2025წ (2024 წლის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის სავადო თარიღი) ერიცხება ზედმეტობა. გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით 13.08.2025 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა

71 402.5 ლარი, დამატებით დარიცხული თანხები რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 239.25 ლარს.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 68;274(2);