გადაწყვეტილება №25368/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25368/2/2025
10 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 25.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25368/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №081-97 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11095 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 42 071,14 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 19 065,79
ჯარიმა - 17 928,15
საურავი - 5 077,20
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სწრაფი კვების ბიზნესის წარმოება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 6.04.2021 წელს, 14.11.2023 წლიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, 1.01.2023 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 31.12.2021 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 6.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტტერმინალით მიღებული შემოსავალი, ჯამში 930 521,9 ლარის ოდენობით. მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 10 სექტემბერს. ამ თარიღიდან დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 707 621,3 ლარი დღგ-ის გარეშე. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №9766 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №081-97 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.05.2025 წლის №11095 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახური მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
რთულია დაკისრებული ჯარიმის თანხის 17 928 ლარის და უკვე დამატებით დარიცხული საურავის 5 077 ლარის გადახდა, თუმცა მომჩივანი ეტაპობრივად ეცდება გადასახადის თანხის, თუნდაც ნაწილობრივ გადახდას, საბოლოო ანგარიშსწორებამდე. ობიექტი წარმოადგენს საოჯახო ბიზნესს და ჯერ არ აქვს ის გამოცდილება, რომ ეს თანხები ზარალის გარეშე დაფაროს.
არ გააჩნია პრეტენზია გადასახადთან მიმართებაში, სამართალდარღვევები გამოწვეული იყო უცოდინრობით, აპირებს გადასახადის გადახდას, დაკისრებული სანქციის გადახდა კი რთული იქნება ზარალის გარეშე, გადასახადს კი ეტაპობრივად გადაიხდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანს არ გააჩნია პრეტენზია გადასახადთან მიმართებაში, სამართალდარღვევები გამოწვეული იყო უცოდინრობით, დაკისრებული სანქციის გადახდა რთული იქნება ზარალის გარეშე, გადასახადს კი ეტაპობრივად გადაიხდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი,ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტტერმინალით მიღებული შემოსავალი.მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 10 სექტემბერს. ამ თარიღიდან დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 707 621,3 ლარი დღგ-ის გარეშე. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა სსკ-ის 275-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
275,282.