ბრძანება N 26456-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.09.2020
№ დოკუმენტი 26456-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 26456

07/09/2020

სს -----

(მის: ქ. ------- №142)

სადავო საკითხთან დააკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 19 მარტის №50182/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 06 მარტის №0 05-38 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

სადავო საკითხი :

არარეზიდენტი პირებისგან შეძენილი მომსახურების საფასურის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

ფაქტობრივი გარემოებები :

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს №22932 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისამდე. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 28 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 6 მარტს გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №6608 ბრძანება და ამავე თარიღის №005-38 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შემცირებას დაექვემდებარა სულ 170641 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 170841 ლარი, ჯარიმა დაერიცხა 200 ლარი, საურავი 0 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის და დავის წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს 2017-2018 წელს საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი არ აქვს არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული და ანაზღაურებული მომსახურებების თანხები. შემოწმების პერიოდში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ცნობები, შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე, 134-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გაიზარდა საწარმო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2017-2018 წელს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე 10 პროცენტით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ გააჩნია მომსახურების გამწევი არარეზიდენტი პირების რეზიდენტობის ცნობები და ითხოვს აღნიშნულის მიხედვით დარიცხული თანხების შემცირებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მოთხოვნა განსახილველ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მომსახურების გამწევი პირების რეზიდენტობის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მომსახურების გამწევი პირების რეზიდენტობის თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი პირებისგან შეძენილი მომსახურების საფასურის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს 2017-2018 წელს საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი არ აქვს არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული და ანაზღაურებული მომსახურებების თანხები. შემოწმების პერიოდში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ცნობები, შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე, 134-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გაიზარდა საწარმო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2017-2018 წელს.

 

გადაწყვეტილება

 

გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მომსახურების გამწევი პირების რეზიდენტობის თაობაზე.. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს, დაევალა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(3); 100(2); 104; 125; 134(1,,ე“); 154(1,,გ“)