ბრძანება N 9909
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9909
04.05.2023
ი/მ ------- ---------ის (ს/ნ -------------)
(მის.: --------------------------------------)
2023 წლის 31 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------- ---------ის (ს/ნ -------------) №80025/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №CB1445477 და №CB1445484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ფულადი ჯარიმების მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №25380 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ ------- ---------ის (ს/ნ -------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ------- ---------მა (ს/ნ -------------) დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, არ იყენებს სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.
ი/მ ------- ---------ის (ს/ნ -------------) კუთვნილ ობიექტში 2022 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 231884.75 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2022 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.
გადამხდელის 2021 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთმა შეადგინა 34673 ლარი.
ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზედნადებებით მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 1110583.83 ლარი.
გადამხდელის მიერ სალარო აპარატის და უნაღდო ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 4 ოქტომბრის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 29288.25 ლარი.
საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 33.81 პროცენტი, გადამხდელის მიერ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 348737.19 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 175518.29 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით კი 277136 ლარი. ასევე გამოვლინდა 53812.55 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები.
ი/მ ------- ---------ის (ს/ნ -------------) 2023 წლის 12 იანვარს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. 2023 წლის 20 იანვარს გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიების შესახებ. აღნიშნული განხილულ იქნა 2023 წლის 6 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე, რომლის გადაწყვეტილებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა, 10 სამუშაო დღის ვადაში ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისთვის წარედგინა მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრული აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა არ გათვალისწინებულიყო ფასნამატის განსაზღვრისას. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მეორე პოზიცია არ დაკმაყოფილდა. გადამხდელის მიერ მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი დადგენილ ვადებში. შესაბამისად, შედეგები დარჩა უცვლელი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 277136 ლარი, ხოლო აღურიცხავმა სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობებმა კი 53812.55 ლარი.
ი/მ ------- ---------ის (ს/ნ -------------) მიმართ 2023 წლის 2 მარტს შედგა №CB1445477 და №CB1445484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 26906.28 და 27713.6 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი საჩივარში მოყვანილ გარემოებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 33.81% - გადამხდელის მიერ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, რადგან ინვენტარიზაციის შედეგად გონივრული ფასნამატი ვერ დადგინდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- ---------ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ფულადი ჯარიმების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №25380 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას გადამხდელმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
ამასთან,საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. არ იყენებს სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 277136 ლარი, ხოლო აღურიცხავმა სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობებმა კი 53812.55 ლარი.მომჩივანის მიმართ 2023 წლის 2 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 26906.28 და 27713.6 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი საჩივარში მოყვანილ გარემოებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 33.81% - გადამხდელის მიერ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, რადგან ინვენტარიზაციის შედეგად გონივრული ფასნამატი ვერ დადგინდა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11 , 12); 49(1 „გ“); 70(1 „ა“); 72(1,2); 269(1,7); 270(1,2); 286(4,9);302(6);