ბრძანება N 22509
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22509
14 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.:-------)
2023 წლის 29 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ -----) 2023 წლის 29 აგვისტოს №83311/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 2 აგვისტოს №18998 ბრძანებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნას. მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ყოველთვის ადგილი აქვს გადასახადის კეთილსინდისიერად გადახდას. საჩივრის მიხედვით, 2021 წლის 23 თებერვალს ხელშეკრულების გზით მოხდა შპს „------ს“ 100% წილის -------ზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა - დათმობა, თუმცა გადამხდელის განცხადებით, აღნიშნული გადაცემით გულისხმობდა შპს "------ს" 100% წილის -------ზე მინდობილი საკუთრების ფორმით გადაცემას და არა გასხვისებას - საკუთრებაში გადაცემას, რითიც მომჩივანი შეცდა გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც სურდა.
გადამხდელის განცხადებით, აღნიშნულ შეცდომას მიხვდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 30 ივნისს შპს „------ს“ ბუღალტერთან ერთად იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურში, სადაც განიხილებოდა შპს „-------ს“ საკითხი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 7 ივლისს მან მიმართა სასამართლოს ზემოაღნიშნული გარიგების ბათილად ცნობისთვის. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების განხორციელება ხელს შეუშლის საქმის წარმოებას და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანო დაუშვებს შეცდომას და არასწორად მოხდება გადასახადების დაკისრება. აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საგადასახადო შემოწმების განხორციელება გამოიწვევს უფრო მეტ გაუგებრობას და მისი უფლებების შელახვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18998 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ------ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წელს შპს ,,------ს“ (ს/ნ -----) წილის გადაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18998 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ -----ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წელს შპს ,,-------ს“ (ს/ნ -----) წილის გადაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ი/მ ------ს (ს/ნ ----) კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18998 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 2 აგვისტოს №18998 ბრძანება. გადამხდელი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18998 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წელს შპს-ს წილის გადაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივნის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18998 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 51(1"გ"), 262, 263.