ბრძანება N 28761
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28761
22 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 24 იანვრის და 14 თებერვლის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული სს „---ს“ (ს/ნ ---) №78440/1/2023 და №26841/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-314 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის №29647 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის (მათ შორის მიწა) საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32941 ბრძანება და №081-314 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 311 556 ლარი, მათ შორის გადასახადი 181 395 ლარი, ჯარიმა 69 103 ლარი და საურავი 61 058 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 28 ივნისის №15080 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. სს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსზე დაფიქსირებული დაუმთავრებელი წარმოების ნაშთის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15080 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 სექტემბრის №20251/2/2023 გადაწყვეტილებით პირველი დავის საგნის (დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადის დარიცხვის) ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15080 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მომჩივანი მიუთითებს, რომ არსებობს გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა და არ არის შეფასებული. საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა ჰესების მშენებლობა ---ის რაიონში. ბუღალტრული პროგრამისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საზოგადოება ფლობს დაახლოებით 174 საკადასტრო კოდზე არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შეძენილი აქვს უმეტესად 2012-2013 წლებში ფიზიკური პირებისგან. ამასთან, ბალანსზე უფიქსირდება დაუმთავრებელი წარმოების ნაშთი ღირებულებით 4 319 123 ლარი (----2 442 267 ლარი, ---- ჰესი 1 876 856 ლარი).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ადეკლარირებს ქონების გადასახადს, გარდა 2021 წლის ქონების გადასახადისა, რომლის დეკლარაცია წარმოდგენილი აქვს 2022 წლის 31 მარტს და გადასახადი შეადგენს 1 080 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე - 205- ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშდა ქონების გადასახადი დაუმთავრებელ მშენებლობაზე და მიწის გადასახადი შესაბამისი განაკვეთების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.
კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია არანაირი აქტივი, ძირითადი საშუალება ან რაიმე ტიპის დაუმთავრებელი მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქონების გადასახადი განსაზღვრულია მხოლოდ ბუღალტრულად ასახულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე ისე, რომ არ განხორციელებულა აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობის არსებობის ფაქტის შესწავლა და დადასტურება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მომჩივანი 20.07.2023 წელს წარმოდგენილ (№124099/01) საჩივარში აღნიშნავს, რომ 19.02.2011 წელს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებულია ურთიერთშედარების მემორანდუმი --- და ---ჰესებთან დაკავშირებული ვალდებულების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 3.10.2012 წლის №--- განკარგულება, რომლის საფუძველზე სს ---ს 59 წლის ვადით გადაეცა სასყიდლიანი აღნაგობის უფლება ---სა და ----ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 96 222 კვ. მ მიწის ნაკვეთებზე.
ხოლო, საქართველოს მთავრობის 4.10.2012 წლის №04/10/03 განკარგულების თანახმად, სს ---ს პირდაპირი მიყიდვის გზით საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ---სა და ---ის ტერიტორიაზე.
ასევე, პირდაპირი მიყიდვის გზით განხორციელდა მიწის ნაკვეთების შესყიდვა 25.07.2013 წლის №25/07/01 და 13.02.2014 წლის №250 საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე. ამასთან, კომპანიის მიერ ჰესების აშენების მიზნით განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიებზე ფიზიკური პირებისგან მომიჯნავე მიწის ნაკვეთების შესყიდვა და აღნიშნული დღეის მდგომარეობითაც ირიცხება კომპანიის საკუთრებაში.
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 24.08.2012 წლის №ი-230 ბრძანებით დამტკიცებულია სს ---ს მდ. ---ზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 13.08.2021 წლის №--- ბრძანებით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ---მ ვერ უზრუნველყო სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმების შესრულება, კერძოდ 19.02.2011 წელს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული --- და --- ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებისა ექსპლუატაციაში მიღების ვადების დარღვევის თაობაზე, საქართველოს მთავრობის 21.10.2016 წლის №---- განკარგულებით კომპანიას დაეკისრა საურავი. კერძოდ ---“-სა და სს ---ს სოლიდარულად დაეკისრათ საურავი, ჯამში 3 108 000 აშშ დოლარი.
საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №---განკარგულებით შეწყვეტილი იქნა 19.02.2011 წლის მემორანდუმი და აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში სს ---ს საკუთრებაში, მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ. აღნიშნულის დასტურად ასევე წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი.
სს ---ზე 23.08.2012 წელს გაცემული №---ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გეგმიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ---ის რეგიონული სამმართველოს შემოწმების 2020 წლის 15-27 ივლისის ანგარიშით დასტურდება, რომ --- ჰესის არც ერთი შემადგენელი ელემენტის და არც დამხმარე სამშენებლო ბანაკის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა (დასკვნის მე-4 გვ). ამავე დასკვნის მე-5 გვერდზე აღნიშნულია, რომ --- ჰესთან დაკავშირებით სს ---ს მიერ ს/კ ---- მიწის ნაკვეთებზე ჩატარებულია მიწის გადახსნითი სამუშაოები, მოხსნილია მიწის ნაყოფიერი ფენა და მოსწორებულია 15 მეტრიანი ვაკისი. აქედან აღნიშნულია, რომ ამ მოხსნილ მიწის ნაყოფიერ ფენაზე უნდა მოწყობილიყო სამანქანე გადასასვლელები, რაც არ არის შესრულებული.
ამ სამუშაოების გარდა ---ის მშენებლობისთვის განკუთვნილი სხვა რაიმე სახის სამუშაოები არ არის ჩატარებული. ამასთან, მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მიწები, რომლებზეც კომპანიას სამუშაოები აქვს განხორციელებული, გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ.
მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შემოწმების 2020 წლის 15-27 ივლისის ანგარიშით გაკეთებულ დასკვნაზე, რომლის მიხედვით კომპანიის მიერ არ განხორციელებულა კასკადური ჰესების მშენებლობა. ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ---ის რეგიონული სამმართველოს 19.10.2020 წლის აქტით კომპანია დაჯარიმდა 23.08.2012 წლის №--- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშით გათვალისწინებული პირობებისა და უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. ამასთან, აღნიშნული აქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კომპანიის მიერ რაიმე სახის სამუშაოები არ არის განხორციელებული. წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კომპანიას საკუთრებაში არსებულ მიწებზე არ აქვს არანაირი მიმდინარე მშენებლობა განხორციელებული. შესაბამისად, კომპანიის ბალანსზე ასახული დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთი წარმოადგენს გაურკვეველ გარემოებას და მათ შორის სავარაუდოდ მოიცავს მიწის მოსწორების სამუშაოებისთვის გაწეულ ხარჯებს, თუმცა მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ, რომ აღნიშნული მიწები კომპანიას აღარ ეკუთვნის 2016 წლიდან და მემორანდუმით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ. შესაბამისად, წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები იმის დადასტურებისთვის, რომ კომპანიას საკუთრებაში არსებულ მიწებზე არ აქვს განხორციელებული რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოები და შესაბამისად არ არსებობს დაუმთავრებელი მშენებლობის საბალანსო ნაშთი.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში დავის ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის არგუმენტები, ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსზე დაფიქსირებული დაუმთავრებელი წარმოების ნაშთზე განსაზღვრული ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში დავის ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის არგუმენტები, ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსზე დაფიქსირებული დაუმთავრებელი წარმოების ნაშთზე განსაზღვრული ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15080 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 სექტემბრის №20251/2/2023 გადაწყვეტილებით პირველი დავის საგნის (დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადის დარიცხვის) ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15080 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში დავის ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის არგუმენტები, ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსზე დაფიქსირებული დაუმთავრებელი წარმოების ნაშთზე განსაზღვრული ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 205.