გადაწყვეტილება №22910/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 22910/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22910/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22910/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №007-382 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5574 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 234 816,66 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 100 620

დღგ - 100 575

ქონების გადასახადი - 45

ჯარიმა - 79 430

საურავი - 54 766,66

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.10.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №007-524 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.06.2022 წლის №16090 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2022 წლის №17297/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.06.2022 წლის №16090 ბრძანება. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 3.11.2022 წლის №17297/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 29.05.2023 წლის №11691 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

- კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობისა და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მომჩივანმა წარმოადგინა ---------- (ს/კ ----------) არსებული, ექსპლუატაციაში არშესული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი, რაც მისი განმარტებით ასახავს ფაქტობრივად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს. დასკვნის შედგენის თარიღისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები არ არის და იქ არსებული მონაცემები (შენობის ფართობი) ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლინდა.

ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად აღნიშნული საკითხის განმეორებით შესწავლა არ მომხდარა.

დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოხდა 2018 წლის ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩათვლა 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში, ჯამურად მოხდა 4 080 ლარის დღგ-ის ჩათვლა.

აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №007-382 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5574 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ იქნა მიჩნეული შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძვლად, ვინაიდან დასკვნის შედგენის თარიღისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები შეტანილი არ არის და არსებული მონაცემები (შენობის ფართობი) ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს. ხოლო მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო შემოწმებით ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩათვლები შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება სულ 5 803 ლარით (გადასახადი 4 080 ლარი, ჯარიმა 1 723 ლარი).

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით წარმოსადგენ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა აუდიტის დეპარტამენტთან საკმარისი კომუნიკაცია და შესაბამისად, ექპერტიზაზე დასასმელი შეკითხვის შინაარსის განსაზღვრა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე №11691 ბრძანება გამოცემულია 2023 წლის 29 მაისს, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა შედგენილია 2023 წლის 11 დეკემბერს, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ჰქონდა გონივრული ვადა, აუდიტის დეპარტამენტთან შეკითხვის შინაარსის შეთანხმებისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და 2023 წლის 29 მაისის №11691 ბრძანებით, მიეცა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენის წინადადება. შესაბამისად, მოხდა აუდიტის დეპარტამენტისათვის დამატებითი მტკიცებულებების/ინფორმაციის წარდგენა, რაც საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ არ გაითვალისწინა საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №007-382 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამიტომ წარმოადგენს წინამდებარე საჩივარს.

საჩივრის პირველ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა კვალიფიციური სუბიექტის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი (დანართი), რომლითაც დასტურდება ფაქტობრივად აშენებული შენობის ფართის ოდენობა. შემმოწმებელი დასკვნაში აღნიშნავს, რომ მომჩივანის განმარტებით, წარმოდგენილი ნახაზი ასახავს ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობას.

ზემოაღნიშნული აზომვითი ნახაზი შესრულებულია სწორედ ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, კვალიფიციური სუბიექტის მიერ და წარდგენილია ქალაქის შესაბამის სამსახურებში, შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ამასთან, აღნიშნულ სამსახურებს შენიშვნა ფაქტობრივად აშენებული შენობის მოცულობასა და წარდგენილ აზომვით ნახაზს შორის შეუსაბამობასთან დაკავშირებით არ აქვთ. თუმცა, წარდგენილი აზომვითი ნახაზი, შემოსავლების სამსახურის მიერ, არ იქნა მიჩნეული შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძვლად, ვინაიდან (შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 მარტის №5574 ბრძანების შესაბამისად) დასკვნის შედგენის თარიღისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები შეტანილი არ არის და არსებული მონაცემები (შენობის ფართობი) ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ შემოწმებისას დასაბეგრი ბაზების გაანგარიშების საფუძველი უნდა იყოს რეესტრში არსებული მონაცემები (ფართები), ნაცვლად ფაქტობრივად არსებული საბოლოო პროდუქტისა, მაშინ ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, მოვახდინოთ დღგ-ით დასაბეგრი ბაზის კორექტირება (შემცირება) მესამე პირებზე (ჩვეულებრივ მყიდველებზე) ფართების რეალიზაციის შემთხვევაშიც. ამდენად, გაუგებარია შემმოწმებლის პოზიცია, თუ რატომ არ ხდება გადასახადების გადაანგარიშება ფაქტობრივად აშენებული შენობის მოცულობიდან გამომდინარე. ასევე, პირველ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე კვლავ მიუწვდომელია ის გაანგარიშებები, რაც გახდა გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე დამატებითი დარიცხვების საფუძველი. ითხოვს მიეცეს აღნიშნულ გაანგარიშებებთან წვდომის საშუალება.

კომპანიამ კომპეტენტურ პირებთან აწარმოა კონსულტაციები, შეათანხმა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებული დეტალები, თუმცა შემმოწმებლის მხრიდან არასაკმარისი კომუნიკაციის გამო, სრულყოფილად ვერ მოხერხდა ექსპერტიზის წინაშე დასასმელი შეკითხვის შინაარსის აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმება (შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11691 ბრძანების შესაბამისად).

შემმოწმებლისგან განსხვავებით, რიგი ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ დაშვებებს ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

შემდგომი გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით, საჩივრის განხილვის ეტაპზე, უნდა მოხდეს ექსპერტიზის წინაშე დასმული ამოცანის მკაფიოდ განსაზღვრა, რის შემდგომაც ექსპერტიზით მიღებული დასკვნით იხელმძღვანელებს შემმოწმებელი. ექსპერტიზის ჩატარება დაკავშირებულია სოლიდურ ხარჯებთან და შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში, კიდევ უფრო დამძიმდება კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის, მე-6 ნაწილის 12.06.2018 წლამდე მოქმედი რედაქციის და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის თანახმად:

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

6. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად აღნიშნული საკითხის განმეორებით შესწავლა არ მომხდარა.

ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანებით, კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობისა და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მომჩივანმა წარმოადგინა ---------- (ს/კ ----------) არსებული, ექსპლუატაციაში არშესული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი, რაც მისი განმარტებით ასახავს ფაქტობრივად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს. დასკვნის შედგენის თარიღისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები არ არის და იქ არსებული მონაცემები (შენობის ფართობი) ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან, კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული აღნიშნული საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5574 ბრძანება;

3. საჩივარი, კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად აღნიშნული საკითხის განმეორებით შესწავლა არ მომხდარა. ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანების შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანებით, კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობისა და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან, კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული აღნიშნული საკითხი, რის გამოც ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 275(2); 309(107)

(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(6„ბ“); 173(1); 174(2)