ბრძანება N 20919
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20919
23 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --------ძის (ს/ნ ----------)
(მის.:---------------------------)
2026 წლის 6 და 12 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 აგვისტოს, 9 სექტემბრის და 16 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №-, №- და №-) განიხილა ი/მ --------ძის (ს/ნ ----------) 2026 წლის 6 აგვისტოს №---/21 და 12 აგვისტოს №---/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 9 ივლისის №047-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ შემმოწმებელს მეწარმისგან არ გამოუთხოვია ინფორმაცია და სათანადო მტკიცებულებები დაბეგვრის ობიექტის შესახებ. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა ინფორმაცია მოიპოვა მომსახურე ბანკიდან ან/და შემოსავლების სამსახურის სისტემიდან, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ რეალიზაციების ჯამური ოდენობა, თუმცა შეუძლებელია სხვადასხვა დასახელების საქონელზე ფასთა სხვაობებისა და დღგ-ით დაბეგვრის ზუსტი ობიექტის განსაზღვრა. განმარტავს, რომ ბუღალტერიაში არსებობს სრული ინფორმაცია ყველა დასახელების საქონლის შესაძენი და სარეალიზაციო ფასების შესახებ. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გაურკვეველია თუ რომელი მეთოდი გამოიყენა შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად. აცხადებს, რომ 2023 წლის 15 იანვრიდან 23 აპრილამდე პერიოდში პოსტერმინალზე შეცდომით არის ამობეჭდილი ჯამში 24 000 ლარამდე თანხა, კერძოდ, მომსახურე პერსონალი პოსტერმინალზე ანგარიშწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატზეც წერდა ჩეკებს, რამაც გამოიწვია თანხების დუბლირება და საერთო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული სხვადასხვა დასახელების საქონლის ფასნმატები, რაც პირდაპირ კავშირშია დღგ-ით დასაბეგრ ობიექტთან. გადამხდელმა განახორციელა დღგ-ით დასაბეგრი ობიექტის ზუსტი ანალიზი და დაადგინა, რომ ფასნამატების საშუალო ოდენობა არ აღემატება 12.5%-ს, რაც გამოწვეული იყო ---ში მოქმედი კვების ობიექტებს შორის კონკურენციით. გარდა აღნიშნულისა, გადამხდელი მიუთითებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ არადეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 101 892 ლარს. რეალურად გადამხდელს დეკლარირებული აქვს 92 978 ლარი, ხოლო არადეკლარირებულია 8 764 ლარამდე. აცხადებს, რომ 2024 წელს ----ის გახსნის შემდეგ გადამხდელმა შეწყვიტა საქმიანობა და 2024 წლის 20 მაისს ჩააბარა სს „----ის“ პოსტერმინალის აპარატი, ხოლო 2025 წლის მაისამდე პერიოდში დახურა ანგარიშები. ასევე, გადამხდელი მიუთითებს, რომ ყოველ სარეალიზაციო საქონლის შეძენაზე მომწოდებლის მიერ არ იწერებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ ხორციელდებოდა დღგ-ის ჩათვლების მიღება (მაგალითად: --, --, --, -- და სხვა).
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად, გადასახადის გადამხდელს საჩივრებზე თანდართული აქვს დუბლირების ამსახველი ამონაწერები ბანკიდან, ფასნამატების რეესტრი და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივნისის №12512 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------ძის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 9 ივლისის №15424 ბრძანება და ამავე თარიღის №047-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 403 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 325 ლარი, ჯარიმა 9 162 ლარი, საურავი 8 916 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით მომსახურება (--). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (საკონტროლო-სალარო აპარატისა, პოსტერმინალების შემოსავლები) და გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. შემოწმებით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით და გამოვლენილი სხვაობები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა სს „-- ბანკის“ და სს „-- ბანკის“ ანგარიშების ამონაწერები, საიდანაც შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენა. გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისთვის გადამხდელი ეყრდნობოდა მხოლოდ სს „---ის“ ამონაწერებს და გამორჩენილი ჰქონდა სს „---- ბანკის“ ამონაწერები. ამასთან, გადამხდელის მიერ დამატებით დასაბეგრმა ბრუნვამ (პოსტერმინალის და საკონტროლო-სალაროს აპარატის ანალიზის შედეგად) შეადგინა 101 892 ლარი, ხოლო გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 78 795 ლარს. გარდა ზემოაღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადამხდელთან დეტალურად არის გავლილი სს „--- ბანკის“ ტერმინალის დუბლირების თანხების თემა. კერძოდ, სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე გადამხდელს მიეცა საშუალება აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად განეხილა თანხების დუბლირების საკითხი. შესაბამისად, განხორციელდა დღიურ ჭრილში საკონტროლო-სალარო აპარატზე და პოსტერმინალზე გამოწერილი თანხების შედარება, თუმცა პოსტერმინალზე და საკონტროლო-სალარო აპარატზე დუბლირებული თანხების იდენტიფიცირება ვერ მოხეხდა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად ჰქონდა ჩათვლილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით ჩათვლას აღარ დაექვემდებარა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ --------ძის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12512 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15424 ბრძანება და №047-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 403 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 325 ლარი, ჯარიმა 9 162 ლარი, საურავი 8 916 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (საკონტროლო-სალარო აპარატისა, პოსტერმინალების შემოსავლები) და გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. შემოწმებით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით და გამოვლენილი სხვაობები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);