ბრძანება N 26673

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2023
№ დოკუმენტი 26673
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26673

30 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,--------“-ს (ს/ნ "------")

(მის:"------")

2023 წლის 12 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N112) განიხილა შპს ,,--------“-ს (ს/ნ "------") N84063/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის NCB1531587 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის. იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას და საკონტროლო სალარო აპარატი იყო გადასატვირთი, ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან სანქციის სახით გაფრთხილების შეფარდებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის N24165 ბრძანების საფუძველზე ამავე დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2023 წლის 12 ოქტომბერს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა შპს ,,-------“-ს (ს/ნ "------") ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე, რა დროსაც 100 ლარის ღირებულების მომსახურებაზე („სასტუმროს ნომრით მომსახურება“) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკი. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა NCB1531587 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270-ე მუხლების მე-7 ნაწილების გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,-------“-ს (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან სანქციის სახით გაფრთხილების შეფარდებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკი.გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270-ე მუხლების მე-7 ნაწილების გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

259,269,270,281,269(7).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლი.