ბრძანება N 13418

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 24.06.2025
№ დოკუმენტი 13418
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13418

24 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

უსფ „---ს საქართველოს ფილიალის“ (ს/ნ ------)

(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 12 მაისის, 2 და 3 ივნისის

საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისის, 29 მაისის და 5 ივნისის სხდომებზე (ოქმები №42; №44; №46) განიხილა უსფ „---ს საქართველოს ფილიალის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 12 მაისის №25165/2/2025, 2 ივნისის №95986/1/2025 და 3 ივნისის №96014/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აპრილის №006-91 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3038 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები და აღნიშნული საქმის წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3038 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 10 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 11 აპრილის №006-91 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა 2016 წლის საანგარიშო პერიოდებზე უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალის“ და შპს „---ის“ მიერ ერთობლივად შედგენილი ინვოისები, რომლებიც წარდგენილია ქ. ---ის მერიისთვის და მოთხოვნილია ---ს წყალმომარაგების ე.წ „მე-3 და მე-4 ფაზების შესრულებული სამუშაოების“ თანხების ანაზღაურება. აღნიშნული ინვოისების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ---ის მერიისთვის და შპს „---თვის“ თავიდანვე ცნობილი იყო თანხების ანაზღაურების შემთხვევაში რა ოდენობის თანხა წარმოადგენდა უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალის“ და შპს „---ის“ საკუთრებას, ხოლო თანხების ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ უსფ(წ) „---ს საქართველოს ფილიალის“ საბანკო ანგარიშზე. აქედან გამომდინარე, შპს „---სთვის“ ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მას უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალის“ მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქ. --- მოახდენდა მისთვის წარდგენილ ერთობლივად შედგენილ ინვოისებში ასახული თანხების ანაზღაურებას უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალისთვის“, რომელიც არ განხორციელებულა ქ. ---ს მერიის მიერ, რაც ასევე დასტურდება ქ. ---ის მერიიდან 20.12.2024 წ. №14-1424355322 წერილის შინაარსიდან, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში ქ. ---სა და უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალს“ შორის არ განხორციელებულა არავითარი ეკონომიკური საქმიანობა და არც თანხების ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული მომსახურება არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ოპერაციას, დღგ-ის თანხები ჩათვლას არ დაექვემდებარა, ხოლო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გდასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აუდიტის მხრიდან მოპოვებულია ინფორმაცია მხოლოდ ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიიდან, რომლის მიხედვითაც 2021 წლის პირველი იანვრიდან ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიასა და უსფ „----ს საქართველოს ფილიალს“ შორის არ განხორციელებულა არავითარი ეკონომიკური საქმიანობა და ქალაქ ---ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ მომხდარა თანხის ანაზღაურება, რასაც ადასტურებს საწარმოც.

მომჩივანი განმარტავს, რომ ქ. ---ს მუნიციპალური წყალმომარაგების ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის III ფაზის ფარგლებში ---ს მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენილია:

1. ინვოისი №14 საერთო თანხით 104 458,32 ევრო დღგ-ის ჩათვლით, თანხა მოიცავს უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მომსახურებას 69 933,96 ევროს დღგ-ის გარეშე და შპს „---ის“ მომსახურებას 18 590,04 ევროს დღგ-ის გარეშე.

2. ინვოისი №16 საერთო თანხით 96 226,64 ევრო დღგ-ის ჩათვლით, თანხა მოიცავს უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მომსახურებას 62 957,96 ევროს დღგ-ის გარეშე და შპს „---ის“ მომსახურებას 18 590,04 ევროს დღგ-ის გარეშე.

3. ინვოისი №17 საერთო თანხით 96 226,64 ევრო დღგ-ის ჩათვლით, თანხა მოიცავს უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მომსახურებას 62 957,96 ევროს დღგ-ის გარეშე და შპს „---ის“ მომსახურების 18 590,04 ევროს დღგ-ის გარეშე.

4. ინვოისი №19 საერთო თანხით 33 071,27 ევრო დღგ-ის ჩათვლით, თანხა მოიცავს უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მომსახურებას 12 904,15 ევროს დღგის გარეშე და შპს „---ის“ მომსახურებას 4 953.30 ევროს დღგ-ის გარეშე და შპს „---ის“ მომსახურებას 10 159.05 ევროს.

აღნიშნული თანხები უნდა ჩარიცხულიყო უსფ „---ის“ საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ინვოისის საფუძველზე 2016 წლის დეკემბრის თვეში უსფ „----ს საქართველოს ფილიალმა“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ქალაქ ---ის მუნიციპალიტეტის მერიას თანხით 649 846,09 ლარი, რომელიც დადასტურებულია ქალაქ ---ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და დეკლარირებულია უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მიერ.

ქ. ---ის მუნიციპალური წყალმომარაგების ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის IV ფაზის ფარგლებში ---ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენილია:

1. ინვოისი WALC176A/02A საერთო თანხით 45 604,64 ევრო დღგ-ის ჩათვლით, თანხა მოიცავს უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მომსახურებას 17 778,08 ევროს დღგ-ის გარეშე და შპს „---სის“ მომსახურების 7 014.61 ევროს დღგ-ის გარეშე.

2. ინვოისი WALC176A/03A საერთო თანხით 45 604,64 ევრო დღგ-ის ჩათვლით, თანხა მოიცავს უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მომსახურებას 17 778,08 ევროს დღგ-ის გარეშე და შპს „---ის“ მომსახურებას 7 014,61 ევროს დღგ-ის გარეშე.

3. ინვოისი WALC176A/04A საერთო თანხით 45 604,64 ევრო დღგ-ის ჩათვლით, თანხა მოიცავს უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მომსახურებას 17 778,08 ევროს დღგ-ის გარეშე და შპს „---სის“ მომსახურებას 7 014.61 ევროს დღგ-ის გარეშე. აღნიშნული თანხები უნდა ჩარიცხულიყო უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ საბანკო ანგარიშებზე.

ზემოთხსენებული სამი ინვოისის საფუძველზე 2016 წლის ნოემბრის თვეში უსფ „----ს საქართველოს ფილიალმა“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ქალაქ ---ის მუნიციპალიტეტის მერიას თანხით 164 558,78 ლარი, რომელიც დადასტურებულია ქალაქ ---ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და დეკლარირებულია უსფ „----ს საქართველოს ფილიალის“ მიერ. ქ. ---ის მუნიციპალური წყალმომარაგების ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-3 და მე-4 ფაზების მომსახურების ანაზღაურება ---ის მუნიციპალიტეტის მერიას არ განუხორციელებია, რასაც ადასტურებს „---“-ს 2018 წლის 15 თებერვლის წერილი ქალაქ ---ის მერის მიმართ, რომლითაც ითხოვს არსებული დავალიანების გადახდას.

ამასთან, მოპოვებული ინფორმაციით, ---ის მუნიციპალური წყალმომარაგების ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საქმიანობა სს „----“-ს დაზღვეული ჰქონდა ერთ-ერთ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაში. შპს „---მა“ მოამზადა ყველა ფინანსური დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო სს „---“-ს მიერ სადაზღვევო თანხის მისაღებად.

2021 წელს შპს „---ს“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სწორედ ამ მომსახურებას ეხება. საბოლოო შედეგი დადგა ის, რომ მოხდა შეთანხმება მხარეებს შორის, ხოლო შპს „---მა“ და შპს „---მა“ 2021 წელს მიიღო უსფ „----ს საქართველოს ფილიალისგან“ კუთვნილი თანხები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხები უსაფუძვლოა, ხოლო სადავო თანხები ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად მიღებული შედეგისა.

ამასთან, 2025 წლის 3 ივნისს წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრით, გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნაზე და მოითხოვა მხოლოდ გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში დარიცხული თანხების გაუქმება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლითაც საწარმოს 2021 წლის თებერვლის, მარტის და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებში შპს „---სგან“ და შპს „---ისგან“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები და თანხები გადარიცხულია შესაბამის პერიოდებში. ამასთან, შპს „----ან“ მიღებული მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ 2021 წლის თებერვალში, მარტში და ივნისში მომსახურება გაწეულია „---ს რეაბილიტაციის III და IV ფაზის საკონსულტაციო მომსახურებაზე“, ხოლო აღნიშნული სახის მომსახურება „----ს საქართველოს ფილიალს“ ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიაზე გაწეული აქვს 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე, რაც დასტურდება შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული 2024 წლის 20 დეკემბრის №14-1424355322 წერილით, რომლის მიხედვითაც 2021 წლის პირველი იანვრიდან ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიასა და უსფ „----ს საქართველოს ფილიალს“ შორის არ განხორციელებულა არავითარი ეკონომიკური საქმიანობა და ქალაქ ---ს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ მომხდარა თანხის ანაზღაურება. შემოწმებით, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან აღნიშნულ კომპანიებზე გადარიცხული თანხები ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად.

გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისთვის წარდგენილი 2016 წლის საანგარიშო პერიოდებზე უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალის“ და შპს „---ის“ მიერ ერთობლივად შედგენილი ინვოისებით დგინდება, რომ ქ. ---ის მერიისგან მოთხოვნილია ---ს წყალმომარაგების ე.წ „მე-3 და მე-4 ფაზების შესრულებული სამუშაოების“ თანხების ანაზღაურება.

აღნიშნული ინვოისების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ---ს მერიისთვის და შპს „---თვის“ თავიდანვე ცნობილი იყო თანხების ანაზღაურების შემთხვევაში რა ოდენობის თანხა წარმოადგენდა უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალის“ და შპს „---ის“ საკუთრებას, ხოლო თანხების ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალის“ საბანკო ანგარიშზე. თანხების ანაზღაურება უსფ(წ) „----ს საქართველოს ფილიალისთვის“ არ განხორციელებულა ქ. ---ის მერიის მიერ, რაც ასევე დასტურდება ქ. ---ის მერიიდან 2024 წლის 20 დეკემბრის №14-1424355322 წერილის შინაარსიდან.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, თანხის მიმღები პირები შპს „----“ და შპს „----ს“ წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მოქმედ კომპანიებს და დღეის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნიათ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის თებერვლის, მარტის და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი და დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა არ დასტურდება შპს „---ის“ და შპს „---ის“ მიერ მომსახურების გაწევა, ამასთან, თანხის მიმღები პირები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ მოქმედ კომპანიებს, სადავო ოპერაციები უნდა შეფასდეს უსასყიდლოდ ფულადი სახსრების გადაცემად იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადი უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. უსფ „---ს საქართველოს ფილიალის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ მიღებული/გამოწერილი პირველადი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები), შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და მიღება-ჩაბარების აქტების ანალიზი, რის შედეგადაც საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შემოწმების მიერ ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად (ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება) და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის №3038 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 10 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ოპერაციები უნდა შეფასდეს უსასყიდლოდ ფულადი სახსრების გადაცემად იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადი უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 982; 983.