გადაწყვეტილება №26966/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.05.2026
№ დოკუმენტი 26966/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26966/2/2026

18 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“-ს 23.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26966/2/2026).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №081-345 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №4058 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 625 026.02 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 329 333.76

ჯარიმა - 164 666.9

საურავი - 131 025.36

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.12.2025 წლის №27926 ბრძანება და №081-345 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №4058 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ რეგისტრირებულია 4.11.2013 წელს. დღგ-ის გადამხდელად 19.10.2017 წელს. ამხანაგობის დამფუძნებლები არიან ამხანაგობა „-------" (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------). ამხანაგობა „-------" დამფუძნებელთა მიზანს წარმოადგენდა მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული ფართების, მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება მიწის ნაკვეთზე მდებარე -------, -------. N2 (ს/კ: -------). 25.09.2013 წლის ამხანაგობა „-------“ დამფუძნებელთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპლექსის დაყოფის (განშლა) შესახებ ცალკეულ ბინებად დამფუძნებელ პარტნიორებს შორის. კომპლექსი არის 10 სართულიანი, ორ სადარბაზოიანი. საერთო ფართი 6 731 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართი 5 612 კვ.მ. კომერციული ფართი 333.63 კვ.მ. გადახურული ავტოსადგომი 271.82 კვ.მ. ღია ტერასა 513.59 კვ.მ. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში ამხანაგობა „-------“ მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავი ქონების საკუთრების უფლების გასხვისების შესახებ) წარდგენის საფუძველზე განხორციელებულია საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, ამხანაგობა „-------“ (ქონების მესაკუთრე) და მეორე მხრივ, მესაკუთრის უფლების შემძენი სხვადასხვა ფიზიკური პირები. შესამოწმებელ პერიოდში 01.01.2022-დან - 01.09.2025- მდე ამხანაგობა „-------“ მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინები 1 829 632 ლარის ღირებულებით (დღგ-ის გარეშე). რეალიზებული ბინების სტატუსი საჯარო რეესტრის მიხედვით არის მშენებარე. ამხანაგობას შესამოწმებელ პერიოდში 01.01.2022-დან - 01.09.2025-მდე ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და დეკლარირება არ განუხორციელებია. არ აქვს გახსნილი ბანკში ანგარიშები, არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი. ამხანაგობა ------- 21.10.2025-ში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ამხანაგობას 21.10.2025-ის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმებით, ამხანაგობა ------- დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი (2 158 964 ლარი დღგ-ის ჩათვლით) უნდა განაწილდეს ამხანაგობის დამფუძნებელ პარტნიორებს შორის პროპორციულად. ამხანაგობა „-------“-სა და შპს „-------“ შორის 25.09.2013 წლის პარტნიორთა კრებაზე (ოქმი N3) მიღებული გადაწყვეტილების - კომპლექსის დაყოფის (განშლის) შესაბამისად. კერძოდ, ამხანაგობა „-------“- ს 134 536 ლარი, შპს „-------“ 2 024 429 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლით და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შპს „-------“ და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ დღგ-ის ერთ დასაბეგრ პირად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირის განხილვა მოხდეს ერთ დასაბეგრ პირად, ჯგუფის მონაწილე, რომელიმე წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. ვინაიდან შპს „-------“ და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ არიან დღგ-ის გადამხდელები, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მათი დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა არ არის მიზანშეწონილი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი არის შპს ------- (ს/ნ -------). სწორედ ამ შპს ------- ააშენა საცხოვრებელი კორპუსი და ბინების რეალიზაცია დეკლარირებული/დაბეგრილი და გადახდილია დღგ ბიუჯეტში, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა დღგ-ის დარიცხვა განახორციელა ამხანაგობა ------- შპს ------- დააზუსტა დღგ-ის დეკლარაციები და ზედმეტობაში ერიცხება ყველა დეკლარირებული ბინების რეალიზაცია, აქედან გამომდინარე, ამხანაგობას ფინანსურად ზარალი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ყველა ბინების რომელიც რეალიზებულია 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე ასახულია რეალიზაციაში. ამხანაგობის შემოწმების აქტში ასახულია ისეთი ბინების რეალიზაცია (მაგალითად, ბინა N606 (საკადასტრო კოდი: -------) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იხილეთ დასკვნის დანართი N1 ), რომელიც შპს ------- დაბეგრილი და დეკლარირებული აქვს 2021 წლის ნოემბრის დღგ-ის დეკლარაციით, (დეკლარაციის ასლი იხილეთ დანართი N2). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 1) ბინა N509; საკადასტრო კოდით: -------; წინარე ხელშეკრულებით რეალიზებულია 2016 წლის 15 ივნისს; იხილეთ დანართი N3 საჯარო რეესტრის ამონაწერი, 2) ბინა N405; საკადასტრო კოდი: ------- წინარე ხელშეკრულებით რეალიზებულია 2014 წლის 26 თებერვალს, იხილეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დანართი N4. შემოწმებისას არ არის გათვალისწინებული თანხის გადახდის თარიღები, ხელშეკრულებაში ფიქსირებულია აშშ დოლარის ექვივალენტი, ხოლო თანხის გადახდა მიმდინარეობდა 2014 და 2015 წლებში და ბინის ფასები იმ პერიოდში დღევანდელ ფასებთან შედარებით იყო ძალიან დაბალი, ასე, რომ ბინის ფასები გადაანგარიშებული უნდა იქნას იმ კურსებით, როცა მოხდა თანხის მიღება, (ბინის გადაფორმება ვერ ხდებოდა იურიდიული პროცედურების გამო, არ იყო მიღებული ექსპლოატაციაში) აქვე მიუთითებს, იმ ბინების ჩამონათვალს, რომელზე გადასაანგარიშებელია დასაბეგრი ბრუნვები საკურსო სხვაობების გამო, ბინა N209; საკადასტრო კოდი: ------- ხელშეკრულებით რეალიზებულია 21 200 აშშ დოლარის ექვივალენტად; ბინა N309; საკადასტრო კოდი: ------- ხელშეკრულებით რეალიზებულია 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტად, ბინა N401; საკადასტრო კოდი: ------- ხელშეკრულებით რეალიზებულია 31 300 აშშ დოლარის ექვივალენტად, ბინა N404; საკადასტრო კოდი: ------- ხელშეკრულებით რეალიზებულია 17 500 აშშ დოლარის ექვივალენტად, ბინა N405; საკადასტრო კოდი: ------- ხელშეკრულებით რეალიზებულია 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტად, ბინა N509; საკადასტრო კოდი: ------- ხელშეკრულებით რეალიზებულია 27 000 აშშ დოლარის ექვივალენტად, ბინა N906; საკადასტრო კოდი: ------- ხელშეკრულებით რეალიზებულია 22 600 აშშ დოლარის ექვივალენტად, ბინა N704; საკადასტრო კოდი: ------- ხელშეკრულებით რეალიზებულია 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტად, აღნიშნული ბინების ღირებულებები მიღებულია 2014-2015 წლებში და ამის გამო გადასაანგარიშებელია საკურსო სხვაობა და შესაბამისად შესამცირებელია დღგ-ის თანხები, ასევე ამხანაგობას სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ 2017-2018 წლებში გადახდილი აქვს დღგ 35 000 ლარი, გარდა იმ თანხებისა რასაც იხდიდა შპს -------, მაგრამ აღნიშნული თანხა არ ერიცხება ზედმეტობაში 2022 წლის 1 იანვრიდან.

 

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №081-345 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 164 666.9ლარი და საურავი - 131 025.36 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმის, გამო, რომ შპს „-------“ მიერ სრულად არის გადახდილი ამხანაგობაზე დარიცხული დღგ და ამის გამო ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას, რომ დაშვებული შეცდომის მიუხედავად, შპს ------- სრულად აქვს გადახდილი დღგ-ს თანხა ბიუჯეტში და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადი შეგნებულად არ არის დამალული ან შემცირებული. შემოსავლების სამსახურში მის მიერ მოთხოვნილი იქნა ის გარემოება, რომ ამხანაგობა ------- და შპს ------- დღგ-ის მიზნებისათვის განეხილათ ერთ პირად და ამის შემდგომ ჩაეტარებინათ შემოწმება, მაგრამ უარი მიიღო მოთხოვნაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი;

ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია;

გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია;

დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში ამხანაგობა „-------“ მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავი ქონების საკუთრების უფლების გასხვისების შესახებ) წარდგენის საფუძველზე განხორციელებულია საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, ამხანაგობა „-------“ (ქონების მესაკუთრე) და მეორე მხრივ, მესაკუთრის უფლების შემძენი სხვადასხვა ფიზიკური პირები. შესამოწმებელ პერიოდში 1.01.2022-დან - 01.09.2025-მდე ამხანაგობა „-------“ მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინები 1 829 632 ლარის ღირებულებით (დღგ-ის გარეშე). რეალიზებული ბინების სტატუსი საჯარო რეესტრის მიხედვით არის მშენებარე. ამხანაგობას შესამოწმებელ პერიოდში 1.01.2022-დან - 1.09.2025-მდე ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და დეკლარირება არ განუხორციელებია. არ აქვს გახსნილი ბანკში ანგარიშები, არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი. გადასახადის გადამხდელთან 21.10.2025-ში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ამხანაგობას 21.10.2025- ის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი არის შპს ------- (ს/ნ -------). სწორედ ამ შპს ------- ააშენა საცხოვრებელი კორპუსი და ბინების რეალიზაცია დეკლარირებული/დაბეგრილი და გადახდილია დღგ ბიუჯეტში, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა დღგ-ის დარიცხვა განახორციელა ამხანაგობა ------- შპს ------- დააზუსტა დღგ-ის დეკლარაციები და ზედმეტობაში ერიცხება ყველა დეკლარირებული ბინების რეალიზაცია, აქედან გამომდინარე, ამხანაგობას ფინანსურად ზარალი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ყველა ბინების რომელიც რეალიზებულია 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე ასახულია რეალიზაციაში. შპს ------- სრულად აქვს გადახდილი დღგ-ის თანხა ბიუჯეტში და შესაბამისად გადასახადი შეგნებულად არ არის დამალული ან შემცირებული. შემოსავლების სამსახურში მის მიერ მოთხოვნილი იქნა ის გარემოება, რომ ამხანაგობა ------- და შპს ------- დღგ-ის მიზნებისათვის განეხილათ ერთ პირად და ამის შემდგომ ჩაეტარებინათ შემოწმება, მაგრამ უარი მიიღო მოთხოვნაზე.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანი წარმოადგენს ბინების მესაკუთრეს, რომელმაც მოახდინა ბინების გაყიდვა. ბინების რეალიზაციის პერიოდად მიჩნეულია საკუთრების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის შედგენის თარიღი, რომლის საფუძველზედაც გახორციელდა მარეგისტრირებელ ორგანოში სხვა პირისათვის საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაცია. საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე განხორციელებულია ამხანაგობა ------- (და არა შპს -------) მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენის საფუძველზე. შპს ------- ნამდვილად აქვს დღგ-ით დაბეგრილი სასაქონლო ოპერაციები, თუმცა კონკრეტულად რა ოპერაციებია და ნამდვილად არის თუ არა აღნიშნული ოპერაციები ერთი და იგივე, რაც შემოწმებისას მომჩივნის შემთხვევაში მოხდა დღგ-ით დაბეგვრა უცნობია. ამასთან, შპს ------- მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 297 068 ლარს, ხოლო მომჩივნის შემთხვევაში შემოწმების შედეგად ამავე პერიოდში უძრავი ქონების (ბინები) რეალიზაციისას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა 1 829 632 ლარი, დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებს შორის არსებითი სხვაობაა და შეადგენს 532 553 ლარს.

მომჩივანმა აღნიშნულზე განმარტა, რომ შპს ------- სხვა საქმიანობა არ უწარმოებია, შესაბამისად, გარდა ზემოაღნიშნულისა, დღგ-ით დასაბეგრი სხვა ოპერაციები არ ჰქონია, ხოლო დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების სხვაობის მიზეზად დაასახელა შემდეგი გარემოებები, სადავო შემოწმების აქტში ასახულია ისეთი ბინების რეალიზაცია, რომელიც შპს ------- დაბეგრილი და დეკლარირებული ჰქონდა 1.01.2022 წლამდე, დაასახელა კონკრეტული ბინების შესაბამისი საკადასტრო კოდები და პერიოდების მიხედვით, დეკლარაციები. ამასთან, დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვებს შორის სხვაობა ასევე, გამოწვეულია კურსთაშორის სხვაობებით. აღნიშნული და ზემოთ დასახელებული არგუმენტების დასადასტურებლად მზადყოფნა გამოთქვა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრ პირად მიჩნეულია მომჩივანი (ამხანაგობა), ხოლო საშემოსავლო/მოგების გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის შემოსავლის მიმღებად მიჩნეულია ამხანაგობის დამფუძნებლები, ამასთან, შპს „-------“ (ს/ნ -------) დირექტორი და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ (ს/ნ -------) თავმჯომარე ერთი და იგივე პირია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა/შეფასება, კერძოდ, რამდენად არის შესაძლებელი შპს „-------“ (ს/ნ -------) და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისათვის ერთ პირად განხილვა და შედეგების ერთობლივად გამოყვანა და შესწავლის/შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, ზემოაღნიშნული დავალების შესრულების შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა, შესაბამისი საფუძვლების წარმოშობის და მომჩივნის კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელად ჩათვლის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მოახდინოს მომჩივნის სანქციისაგან (ჯარიმა) გათავისუფლება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №4058 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:

ა) წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა/შეფასება, კერძოდ, რამდენად არის შესაძლებელი შპს „-------“ (ს/ნ -------) და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისათვის ერთ პირად განხილვა და შედეგების ერთობლივად გამოყვანა და შესწავლის/შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) წინა პუნქტის შესრულების შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა, შესაბამისი საფუძვლების წარმოშობის და მომჩივნის კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელად ჩათვლის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მოახდინოს მომჩივნის სანქციისაგან (ჯარიმა) გათავისუფლება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში ამხანაგობის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავი ქონების საკუთრების უფლების გასხვისების შესახებ) წარდგენის საფუძველზე განხორციელებულია საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, ამხანაგობა (ქონების მესაკუთრე) და მეორე მხრივ, მესაკუთრის უფლების შემძენი სხვადასხვა ფიზიკური პირები. რეალიზებული ბინების სტატუსი საჯარო რეესტრის მიხედვით არის მშენებარე. ამხანაგობას შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და დეკლარირება არ განუხორციელებია. არ აქვს გახსნილი ბანკში ანგარიშები, არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ამხანაგობას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა/შეფასება და შესწავლის/შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); აუდიტის დეპარტამენტმა, შესაბამისი საფუძვლების წარმოშობის და მომჩივნის კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელად ჩათვლის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მოახდინოს მომჩივნის სანქციისაგან (ჯარიმა) გათავისუფლება;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)