ბრძანება N 9279
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9279
28 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ -----) (მის.----- )
2026 წლის 2 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 აპრილის სხდომაზე (ოქმი N 31) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 101571/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 14 მარტის N EL310451 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თურქეთში შვილისთვის შეიძინა მედიკამენტები. საბაჟო კონტროლი გაიარა დაბრკოლების გარეშე, თუმცა საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების შემდეგ შეაჩერა დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, აქვე მოვიდა მებაჟე - ოფიცერი, რომელმაც მოითხოვა მისი დათვალიერება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ----- უარი განაცხადა რენტგენო სკანერზე კონტროლის გავლაზე. მომჩივანი არ ეთანხმება სადავო ოქმს და მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას და აქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 14 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- ----- მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე -----, რომელმაც არ მოახდინა კუთვნილი ხელბარგის სკანერზე გატარება. საბაჟო ფორმალობების სრულყოფილად განხორიელების მიზნით მებაჟე - ოფიცერმა გადაწყვიტა ----- შეჩერება, რა დროსაც ის არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას (არ შეჩერდა) და ნებართვის გარეშე დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, რაც დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან.
დაახლოებით 10 წუთში მებაჟე - ოფიცრის მოთხოვნით, დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ ----- დაბრუნებულ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში. მისი ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 200 ღერი სიგარეტი, რაზეც ----- ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 14 მარტს შედგენილი N EL310451 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
----- პირველად არ გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. მასვე უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 13 ფაქტი (26/01/2020; 29/02/2020; 22/05/2022; 18/07/2022; 25/02/2023; 28/12/2023; 18/02/2024; 07/08/2024; 31/05/2025; 08/02/2026; 14/03/2026)) თამბაქოს ნაწარმზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომელიც არის საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;
საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით და სხვა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ზემოაღნიშნული და სხვა ვალდებულებების განხორციელებაზე კონტროლის მიზნით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, საზღვარზე გადამაადგილებელი პირი ვალდებულია დაემორჩილოს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის მუხლი 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, - იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას არ მოახდინა კუთვნილი ხელბარგის სკანერზე გატარება. საბაჟო ფორმალობების სრულყოფილად განხორიელების მიზნით მებაჟე - ოფიცრმა მოუწოდა მას შეჩერება, თუმცა იგი არ დაემორჩილა მებაჟე - ოფიცერის კანონიერ მოთხოვნას (არ შეჩერდა) და ნებართვის გარეშე დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნის საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოსვლისას არ მოახდინა კუთვნილი ხელბარგის სკანერზე გატარება.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 177;.