გადაწყვეტილება №86925/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№86925/1/2024
17 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 20.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №86925/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №072-13 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 343 810,97 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 185 895
დღგ - (- 60)
მოგების გადასახადი - 88 599
საშემოსავლო გადასახადი - 96 875
ქონების გადასახადი - 481
ჯარიმა - 88 175
საურავი - 69 740
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არასრულად იქნა წარმოდგენილი ფიზიკური პირებისაგან მეორადი კატალიზატორისა და ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები - შესყიდვის აქტები. წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილმა კი ვერ დააკმაყოფილა პირველადი დოკუმენტის კრიტერიუმები, კერძოდ - შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო ნომერი არ შეესაბამებოდა ფიზიკური პირის სახელს და გვარს. ვინაიდან საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევის დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება საქონლის არსებობისა და რეალიზაციის ფაქტი, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით, რომლის მიხედვითაც შესყიდვის დოკუმენტებით განხორციელებული შეძენის ღირებულების 25% ჩათვალა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯად, რომელიც დოკუმენტურად არ დასტურდება და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №072-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12990 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მონაცემები. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საქონლის შეძენისას შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შესწავლის შედეგად, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი შესყიდვის აქტები ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, შესაბამისად საწარმოს შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადის თანხა და ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №072-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ არის სრულად შესრულებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილება დარიცხული მოგების გადასახადიდან (306 815 ლარი) შემოწმების შედეგების გადანგარიშებით შემცირებულია მხოლოდ 218 218 ლარი. დარიცხული დარჩა 88 597 ლარი მოგების გადასახადი.
გადაწყვეტილების თანახმად შემმოწმებლებს უნდა გაეთვალისწინებინათ კანონმდებლობის თანახმად შედგენილი შესყიდვის აქტები და შეემცირებინათ დარიცხული მოგების გადასახადი. შემოწმების აქტის გადაანგარიშებით შემცირებულია მხოლოდ ნაწილი. უცნობია დანარჩენი თანხები რატომ არ იქნა შემცირებული.
შესყიდვის აქტები/რეესტრები საქონლის შეძენისას დგებოდა შეძენის მომენტშივე, იმავდროულად და ეს დოკუმენტები სრულად იქნა მიწოდებული შემმოწმებლებისთვის აუდიტის პროცესში. ზოგიერთ მათგანში ჩანაწერების გაკეთებისას შესაძლოა დაშვებულია მექანიკური შეცდომა, მაგალითად რიგ შემთხვევებში პირადი ნომრის ერთი ციფრი არის არასწორად მითითებული (როგორც აუდიტორებმა განაცხადეს შემოწმების პროცესში), თუმცა ეს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მექანიკურ შეცდომას. თუ რეესტრის შედგენის სურათს შევხედავთ ჩანს, რომ შესყიდვის პროცესი, ფასები და მყიდველთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შედგენა ხდებოდა იმავდროულად, თარიღების და თანმიმდევრობის დაცვით. დოკუმენტები არ არის ყალბად შედგენილი. ასევე, აღნიშნული საქონელი რეალიზებულია, ექსპორტირებულია და ოპერაცია (ყიდვა-გაყიდვა) დადასტურებულია.
75%-25%-ის მიდგომის გამოყენება ამ შემთხვევაში არაადეკვატურია, რადგანაც ამ ბიზნესში საქონლის ფასნამატი არ არის 25%. ასევე, უცნობია თუ რომელი შესყიდვის მონაცემები ჩაითვალა არასწორად, რათა საკუთარი ძალებით მოეხდინა დაშვებული მექანიკური შეცდომების გამოსწორება და შეძლებისდაგვარად დაზუსტება.
უნდა გაუქმდეს №072-13 საგადასახადო მოთხოვნა, შემოწმების გადაანგარიშების შესახებ №1195/1 დასკვნა, შემმოწმებლებს დაევალოს კიდევ ერთხელ გულდასმით შეისწავლონ წარდგენილი შესყიდვის აქტები და დაშვებული მექანიკური შეცდომების მიუხედავად გაწეული შეძენის დანახარჯები სრულად გაითვალისწინონ, შეამცირონ დარიცხული მოგების გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საბჭოს 7.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მონაცემები. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საქონლის შეძენისას შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შესწავლის შედეგად, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი შესყიდვის აქტები ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, შესაბამისად საწარმოს შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადის თანხა და ჯარიმა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი შესყიდვის აქტები, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 7.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 7.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მონაცემები. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საქონლის შეძენისას შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შესწავლის შედეგად, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი შესყიდვის აქტები ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, შესაბამისად საწარმოს შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადის თანხა და ჯარიმა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი შესყიდვის აქტები, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 7.09.2023 წლის №20063/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1„ა“); 275.