ბრძანება N 31885

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.12.2023
№ დოკუმენტი 31885
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31885

19 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: ------------------------------------------)

2023 წლის 23 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №20409/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------------) 2023 წლის 23 მაისის №81192/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №007-99 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. კერძოდ, 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე -----ში რეექსპორტის გზით მიწოდებული საქონლის ღირებულების უპროცენტო სესხად განხილვას. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში -------ში მივლინებისას დადო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან, რომელიც წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტსაც. ამასთან, მიუთითებს, რომ ამ წლის 16 მაისს -----დან მოხდა 89 120 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება და დამატებითი შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც მოხდება დავალიანების დაფარვა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ორ კომპანიას შორის განხორციელდა საქონლის მიწოდება შემოსავლის მიღების მიზნით, რასაც ადასტურებს ინვოისი, საბაჟო დეკლარაციები, შეთანხმებები და ხელშეკრულებები, კომპანია ყველაფერს აკეთებს დავალიანების ამოსაღებად და არასამართლიანია დავალიანების თანხის კვალიფიკაციის ცვლილება და სესხად განხილვა. ითხოვს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და აქტით დარიცხული მოგების გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმა/საურავების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9856 და 2022 წლის 22 ნოემბრის №29265 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 16 აპრილიდან 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 აპრილის №9065 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-99 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 212 230 ლარი, მათ შორის გადასახადი 87 641 ლარი, ჯარიმა 96 007 ლარი და საურავი 28 582 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 18 ივლისის №17346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 30 ოქტომბრის №20409/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17346 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №20409/2/2023 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები რაც საქონლის მოწოდებას, ნაწილი საქონლის უკან დაბრუნებას, ნაწილი თანხის მიღებას ადასტურებს და რომ შეუძლია წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გაგზავნილი საქონლის დაბრუნებულ საქონელთან იდენტურობას დაადასტურებდა. ამასთან, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და ისეა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ მოუსმენია მომჩივნის პოზიციები.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შეძენილი თავის მოვლის საშუალებების და პარფიუმერიის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტის გზით. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე -----ში რეექსპორტის გზით მიწოდებული ჰქონდა ჯამში 733 298 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც არ იყო გადახდილი აქტის შედგენის თარიღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მე-9 ნაწილის თანახმად და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი საწარმოსგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8 და მე−9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში --------ში მივლინებისას დადო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან, რომელიც წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტსაც. ამასთან, მიუთითებს, რომ 2023 წლის 16 მაისს ------თიდან მოხდა 89 120 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება და დამატებითი შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც მოხდება დავალიანების დაფარვა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ორ კომპანიას შორის განხორციელდა საქონლის მიწოდება შემოსავლის მიღების მიზნით, რასაც ადასტურებს ინვოისი, საბაჟო დეკლარაციები, შეთანხმებები, ხელშეკრულებები, კომპანია ყველაფერს აკეთებს დავალიანების ამოსაღებად და არასამართლიანია დავალიანების თანხის კვალიფიკაციის ცვლილება და სესხად განხილვა.

შემოსავლების სამსახური ასევე, მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები რაც საქონლის მოწოდებას, ნაწილი საქონლის უკან დაბრუნებას, ნაწილი თანხის მიღებას ადასტურებს და რომ შეუძლია წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გაგზავნილი საქონლის დაბრუნებულ საქონელთან იდენტურობას დაადასტურებდა“.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით შეისწავლოს არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით შეისწავლოს არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. ითხოვს აქტით დარიცხული მოგების გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმა/საურავების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №9856 და №29265 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 16 აპრილიდან 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №9065 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-99 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 212 230 ლარი, მათ შორის გადასახადი 87 641 ლარი, ჯარიმა 96 007 ლარი და საურავი 28 582 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №17346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №20409/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №17346 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით შეისწავლოს არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“,„გ“, 7) ;982(3 „ზ“) ; 983 (1);