ბრძანება N 23870

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.11.2024
№ დოკუმენტი 23870
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23870

08 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ----)

(მის.: ---) 2024 წლის 30 ოქტომბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №92604/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის №007-24 საგადასახადო მოთხოვნას (2024 წლის 25 სექტემბრის №002442 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120).

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ უნდა მომხდარიყო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის N35949 ბრძანების „პროცედურული სახელმძღვანელო დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ხდება ისეთი დოკუმენტ(ებ)ის გამოვლენა, რომელზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს მოცემულ საანგარიშო პერიოდში არ წარმოუდგენია დეკლარაცია ან/და წარმოადგინა დეკლარაცია შემცირებული დასაბეგრი თანხით. აღნიშნული პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით, პროგრამულ მოდულში „დაუბეგრავი დოკუმენტები“ 2024 წლის სექტემბრის თვეში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესასწავლად დაეწერა შპს ---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები. კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა----, რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. შესწავლილ იქნა 2024 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა სხვაობა 24 783.74 ლარის დღგ-ის თანხა.

2024 წლის სექტემბრის თვეში გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც გადამხდელმა განაცხადა რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში, თუმცა გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2024 წლის 25 სექტემბრის №002442 ბრძანების მიხედვით, შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიმართ განხორციელდა 24 783.74 ლარის დარიცხვა და გამოიცა №007-24 საგადასახადო მოთხოვნა. სადავო საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 30 სექტემბერს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2024 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა სხვაობა დღგ-ს თანხა 24783.74 ლარი. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ უნდა მომხდარიყო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის N35949 ბრძანების „პროცედურული სახელმძღვანელო დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ხდება ისეთი დოკუმენტ(ებ)ის გამოვლენა, რომელზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს მოცემულ საანგარიშო პერიოდში არ წარმოუდგენია დეკლარაცია ან/და წარმოადგინა დეკლარაცია შემცირებული დასაბეგრი თანხით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის მიმართ განხორციელდა 24 783.74 ლარის დარიცხვა და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 61.