გადაწყვეტილება №20494/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.11.2023
№ დოკუმენტი 20494/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20494/2/2023

08 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20494/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30141 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №083-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის N083-4 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12531 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 180 273,08 ლარი (2022 წლის 15 ივნისის N083-12 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 96 412,75

დღგ - 17 772

საშემოსავლო გადასახადი - 78 592,75

ქონების გადასახადი - 48

ჯარიმა - 48 727

საურავი - 35 133,33

 

დარიცხული თანხა: 195 713,06 ლარი (2023 წლის 17 მარტის N083-4 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 98 725

დღგ - 17 772

საშემოსავლო გადასახადი - 80 905

ქონების გადასახადი - 48

ჯარიმა - 48 727

საურავი - 48 261,06

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 15 ივნისის №15173 ბრძანება და ამავე თარიღის №083-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30141 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის პირველი დეკემბრის №30141 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 17 მარტის №083-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანმა 2023 წლის 8 მაისს საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №083-4 და 2022 წლის 15 ივნისის №083-12 საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12531 ბრძანებით საჩივარი, 2022 წლის 15 ივნისის №083- 12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით განუხილველი დარჩა, ხოლო საჩივარი 2023 წლის 17 მარტის №083-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30141 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა სახის პროდუქტების (სოფლის მეურნეობის და სხვა) შეძენა და რეალიზაცია.

შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დაბეგვრასთან დაკავშირებით ცალკეული მონაცემები, მაგრამ შემოწმებისას გამოვლინდა არსებითი სხვაობები აღნიშნულ მონაცემებსა და შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ დეკლარაციებს შორის. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა, არ ხდება მარაგების მოძრაობის სახელობითი აღრიცხვა სასაქონლო ერთეულების მიხედვით. მეწარმესთან, ასევე, რამდენჯერმე დაფიქსირდა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა (საკონტროლო-სალარო აპარატზე).

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის სწორად განსაზღვრა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ჩატარდა სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზი, დადგინდა ინდივიდუალური ფასნამატები სასაქონლო ერთეულების და საშუალო შეწონილი ფასნამატები სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. აღნიშნული საშუალო შეწონილი ფასნამატები სასაქონლო ჯგუფების მიხედვით გავრცელდა გადამხდელის მიერ შეძენილ რეალიზაციისათვის განკუთვნილ სმფ-ებზე. განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში არც შემოწმებისთვის და არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული იმგვარი მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა მათი მონაწილეობის გარეშე. არ დაეთანხმა გადაანგარიშებას, ვინაიდან შემოწმებით კვლავ არ არის გათვალისწინებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არგუმენტები.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისა და აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული უფლებები, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, შემოწმების შედეგებზე შემმოწმებლებს მათთვის თავიდანვე არ იყო გადაგზავნილი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, შესაბამისად არ მომხდარა მათი პოზიციის წარდგენა შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით.

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. რადგან პრაქტიკულად გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტი და განხორციელებულ საფინანსო-სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა ელექტრონულად ექსელის ფორმატით, რომელიც თავის დროზე მის მიერ წარდგენილი იქნა შემმოწმებლებზე.

მართალია ბუღალტრული აღრიცხვა სრულად ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, თუმცა ვალდებულებების განსაზღვრისათვის საკმარისი იყო.

რამდენადაც შემოწმების პროცესში შემმოწმებელთან სატელეფონო კომუნიკაციისას მის მიერ არაერთხელ დაუდასტურა, რომ მის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების მონაცემები და საგადასახადო შემოწმების მონაცემები პრაქტიკულად ერთმანეთთან თანხვედრაში იყო და შემოწმებით არსებითი დარღვევები პრაქტიკულად არ იკვეთებოდა.

დღემდე გაურკვეველია თუ რა პრინციპით და რა მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრა შემმოწმებელთა მიერ შესამოწმებელ პერიოდში ცალკეული პერიოდების მიხედვით საქონლის ჯგუფები სახეობების მიხედვით, ასევე კონკრეტულად რა პრინციპით და რა მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდა აღნიშნულ ჯგუფებზე პერიოდების მიხედვით საქონლის ფასნამატის განსაზღვრა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს ცხრილის სახით წარედგინა ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდის რეალიზაციებზე საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, რაც შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა.

დასკვნას კატეგორიულად არ ეთანხმება, რადგან სატელეფონო საუბარში აუდიტორს არაერთხელ განუმარტა, რომ მსგავს ჭრილში ცხრილების შედგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რამდენადაც მათ მიერ შეძენილი საქონლის რეალიზაცია მაღაზიიდან საცალო წესით ხორციელდება და მათი ინდივიდუალური აღრიცხვა წარმოუდგენელია.

მათ მთელი შემოწმების მიმდინარეობის პროცესში განუმარტეს რომ სავაჭრო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი მსგავსი ობიექტია, რომლებიც ცხადია შესაბამის კონკურენციას უწევდა და პრაქტიკულად არ გააჩნდათ მათგან განსხვავებული გაზრდილი ფასნამატის გამოყენების შესაძლებლობა.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადამხდელს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დეტალურად განემარტა, რომ აუცილებელი იყო მის მიერ წარმოდგენილ თითოეულ ფასნამატს თან ჰქონოდა ლოგიკური დოკუმენტური დასაბუთება. მაგალითად, თუ რა ფასით განხორციელდა რეალიზაციის დოკუმენტში დაფიქსირებული კონკრეტული პროდუქციის შეძენა. 2023 წლის 10 თებერვალს გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა მხოლოდ ფასნამატების ჩამონათვალი საქონლის ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ხოლო შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია (მათ შორის ცხრილის სახით) იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტური გაანგარიშებები დაედო საფუძვლად წარმოდგენილ დანართში მითითებული ფასნამატების განსაზღვრას. წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის გადაანგარიშების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30141 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხს, საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მიერ მითითებულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30141 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის 2022 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2022 წლის 15 ივნისის №15173 ბრძანება და ამავე თარიღის №083-12 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12531 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №083-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მეორე დავის საგანთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არგუმენტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №083-12 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით, მომჩივნის მიერ 2022 წლის 18 ივლისს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30141 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2023 წლის 8 მაისს გადამხდელმა იგივე მოთხოვნით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30141 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: გადამხდელს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დეტალურად განემარტა, რომ აუცილებელი იყო მის მიერ წარმოდგენილ თითოეულ ფასნამატს თან ჰქონოდა ლოგიკური დოკუმენტური დასაბუთება. მაგალითად, თუ რა ფასით განხორციელდა რეალიზაციის დოკუმენტში დაფიქსირებული კონკრეტული პროდუქციის შეძენა. 2023 წლის 10 თებერვალს გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა მხოლოდ ფასნამატების ჩამონათვალი საქონლის ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ხოლო შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია (მათ შორის ცხრილის სახით) იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტური გაანგარიშებები დაედო საფუძვლად წარმოდგენილ დანართში მითითებული ფასნამატების განსაზღვრას. წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის გადაანგარიშების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

2. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №083-12 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით, მომჩივნის მიერ 2022 წლის 18 ივლისს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30141 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2023 წლის 8 მაისს გადამხდელმა იგივე მოთხოვნით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30141 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხს, საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მიერ მითითებულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30141 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. მეორე საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 275; 301(„ზ“)