ბძანება N 7563

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2020
№ დოკუმენტი 7563
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7563

13/03/2020

შპს -----

(მის: -------)

2020 წლის 16 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს №48680/1/2020 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2020 წლის 14 იანვრის №011-5 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 07 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №7).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს ნებაყოფლობით ატვირთა და გაგზავნა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება. გადასახადის გადამხდელმა 2020 წლის 08 იანვარს აღმოაჩინა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი, რასაც არ ელოდა. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს ----- 2020 წლის 08 იანვარს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 2019 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის 08 იანვრამდე პერიოდში აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 14 იანვარს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-5 და გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1213,14 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად აღნიშნული ოქმი N011-5 გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2020 წლის 14 იანვარს ელექტრონულად როგორც ”საგადასახადო მოთხოვნა”, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2020 წლის 15 იანვარს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქმეში არსებული მასალებითა და გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მომსახურების დეპარტამენტის 2020 წლის 14 იანვრის №011-5 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ირკვევა, რომ გადამხდელი 2020 წლის 08 იანვარს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 2019 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის 08 იანვრამდე პერიოდში. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1213,14 ლარი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 157(1); 282(1)