გადაწყვეტილება №20076/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20076/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20076/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20076/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25283 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №086-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 140 633 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 514 494

დღგ - 616 881

მოგების გადასახადი - 23 283

საშემოსავლო გადასახადი - 872 580

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა)- 1 750

ჯარიმა - 772 021

საურავი - 854 118

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილია დღგ-ის დეკლარაციები, სადაც დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 281 137 ლარს. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული ფართების ღირებულებები (საჯარო რეესტრის ამონაწერებში უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღით), ასევე მყიდველის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხები, აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. გადამხდელს შეძენილი აქვს სამშენებლო-სარემონტო მასალები, მის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2016 წელს, ხოლო სარემონტო სამუშაოები კი 2018 წლის დასაწყისში. ასევე ახსნა-განმარტებით გაირკვა, რომ გადამხდელი მასალებით უზრუნველყოფს ბინის მესაკუთრეებს. გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი მასალის გახარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი, ასევე არ ითვალისწინებს აღნიშნულს ნასყიდობის (ასევე წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულებები. შემოწმების მიერ, მიღებული სამშენებლოსარემონტო მასალები ჩაითვალა რეალიზებულად და აისახა დღგ-ის დეკლარაციებში შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. გადამხდელის მიერ არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, მათ შორის ფულის მოძრაობა. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი (დადასტურებული ხარჯების გამოკლებით, ასევე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების პერიოდში გადახდილი თანხების გამოკლებით) დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად (ხელფასად) და დაიბეგრა 2018, 2019 წლების და 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შესაბამისად გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. გადამხდელს წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მიხედვით, დამფუძნებელმა კომპანიის დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალში შეიტანა 25 000 ლარი. 2019 წლის 25 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე დამფუძნებელმა საწესდებო კაპიტალის შემცირების სანაცვლოდ (ნატურით გატანის გზით) მიიღო 87.19 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა. რომლის ღირებულება შეადგენს 156 942 ლარს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით, საცხოვრებელი ბინის ღირებულებასა და კაპიტალში შენატანს შორის სხვაობა განხილულ იქნა მოგების განაწილებად (დივიდენდად). გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.05.2021 წლის №15272 ბრძანება და №086-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25283 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილული თანხების ოდენობის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შემოწმებით გაანგარიშებული თანხების ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25283 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 111 263 ლარით, მათ შორის გადასახადი - 74 175 ლარით და ჯარიმა - 37 088 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 თებერვლის №2742 ბრძანება და №086-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით (საწარმოს დირექტორზე ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები) გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 და სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ დამატებით ინფორმაციაზე. კერძოდ:

1. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა მიუთითა, რომ გადამხდელმა მშენებლობა დაასრულა 2016 წელს. მის მიერ ყველა გაყიდულ ფართზე შედგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს ფიზიკური პირები იხდიან სხვადასხვა პერიოდულობით. (არ იკვეთება ამხანაგობა „----------“-ის მიერ რაიმე უფლებამოსილების/ვალდებულების გადაცემა შპს „----------“-ზე), შესაბამისად, საჩივარში აღწერილი ამხანაგობის წევრის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრაც არ მომხდარა.

2. გაცვლის ხელშეკრულებების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა მიუთითა, რომ გადაანგარიშების შედეგად, არ მოხდა თანხების კორექტირება, ვინაიდან თავდაპირველად ბინების გადაცემა დაბეგრილი/დეკლარირებული არ ყოფილა გადამხდელის მიერ. ფართების გაცვლის ხელშეკრულების შედგენის პერიოდში უნდა განხორციელებულიყო ადრე დაბეგრილი თანხის კორექტირებით შემცირება და ახალი პერიოდით დაბეგვრა. გადაანგარიშების დროს, ასევე გადამოწმებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე (ხანდაზმულ პერიოდში) გადახდილი ავანსები, დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ არ ყოფილა დეკლარირებული მის მიერ მიღებული ავანსის თანხები. 2017 წელს მიღებული ავანსები შემოწმების მიერ ვერ დაიბეგრა ხანდაზმულობის გამო, შესაბამისად დაიბეგრა საბოლოო მიწოდებები. რაც შეეხება ერთ-ერთი ოპერაციის ორჯერ დაბეგვრის საკითხს, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების საფუძველზე განხორციელდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

3. სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზებულად ჩათვლასა და შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2016 წელს, ხოლო სარემონტო სამუშაოები 2018 წლის დასაწყისში. თუმცა მასალების შეძენა ხდებოდა 2018, 2019 და 2020 წლებშიც. ხელშეკრულებებით არ დასტურდება შპს „----------“-ის ვალდებულება მყიდველების მიმართ მასალების მიწოდებაზე, აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

4. საწესდებო კაპიტალის შემცირების სანაცვლოდ დამფუძნებლის მიერ მიღებული ბინის ღირებულებასა და კაპიტალში შენატანს შორის სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების (დირექტორის ხელმოწერით) მიხედვით, კომპანია არ სარგებლობს სესხებით. გარდა აღნიშნულისა, წარდგენილია 2013 წელს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება, არ არის წარდგენილი ფულის მოძრაობის აღრიცხვა, საბანკო ამონაწერებშიც (ამჟამად წინა პერიოდზეც წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები) არ არის ასახული სესხთან დაკავშირებული თანხების მოძრაობა. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შემოწმების მიერ გაკეთებული ანალიზით, სესხის თანხის შემოსავლის გარეშე, რომელიც დაეყრდნო ნასყიდობის ხელშეკრულებებს, ავანსად ბანკში ჩარიცხულ თანხებს და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რჩება ფულადი ნაშთის დადებითი სხვაობა. შესაბამისად ვინაიდან ვერ დასტურდება სასესხო ვალდებულება, აღნიშნულ საკითხში არ მოხდა თანხების კორექტირება/შემცირება.

5. დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილული თანხების გამოთვლასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გაანგარიშებული თანხა ითვლება, რომ მიღებული აქვს პირს. შესაბამისად თანხა მიღებულია საშემოსავლო გადასახადის გარეშე. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება პირს, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლით თანხას - შემოწმებისას შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა დღგ-ის ჩათვლით, ასევე სხვა ხარჯებთან ერთად გამოკლებულია ბიუჯეტში გადახდილი თანხები (მათ შორის დღგ). შესაბამისად გადაანგარიშებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.

ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია სალაროს გასავლის ორდერები, რიგ შემთხვევებში ორდერები არის ნუმერაციის და ხელმოწერის გარეშე. საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა და ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა, შემოწმების პროცესში მოწოდებული ახსნაგანმარტების მიხედვით, კომპანია არ სარგებლობდა სესხით. გაანალიზდა 2013-2017 წლის შემოსავლები და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ანალიზის შედეგად ვერ დადასტურდა სესხის საჭიროება, რადგან ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი აჭარბებდა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს. სალაროს გასავლის ორდერები არასაკმარის საფუძვლად იქნა მიჩნეული და თანხების შემცირება ვერ განხორციელდა.

საკითხის ზეპირ მოსმენაზე გადასახადის გადამხდელმა აღნიშნა, რომ გარკვეული ოდენობის ფართები გადაცემული იყო ბარტერული ოპერაციის ფარგლებში, რაზეც, რეალურად გადამხდელს ფულადი თანხა არ ჰქონდა მიღებული, შესაბამისად, აღნიშნული ფართების ღირებულების სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მონაწილეობა არამართლზომიერია. აგრეთვე, გადამხდელმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ოპერაციებთან მიმართებით, გადახდილია ავანსის თანხები ხანდაზმულ პერიოდში, შემოწმების მიერ იმ შემთხვევებში სადაც არ დადასტურდა ავანსის დაბეგვრა, დაიბეგრა საბოლოო მიწოდებები, აღნიშნულზე გადამხდელი განმარტავს, რომ თანხები ჩარიცხულია ბანკის მეშვეობით, შესაბამისად, იმ თანხების სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში ჩართვა, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად არ არის ჩარიცხული არამართლზომიერია.

საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ბრუნვის კორექტირების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, ამხანაგობის წევრ მიწის მესაკუთრე პირებზე თავიანთი ქონების სანაცვლოდ, ასევე, მათზე გასაცემი კომპენსაციების სანაცვლოდ გადაცემული ფართების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხის ოდენობის განსაზღვრას. ასევე, მისაღები ბინების შეცვლის შემთხვევაში, სხვა ფართის მიღებისას განმეორებით დაბეგვრას. ასევე არასწორადაა დაბეგრილი ე.წ. „ხელშეკრულების გარეშე ავანსები“ და დაშვებულია სხვა უზუსტობები.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან მიმართებით მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დამატებით ინფორმაციაზე. კერძოდ:

• დღგ-ის ბრუნვის კორექტირების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადამხდელმა მშენებლობა დაასრულა 2016 წელს. მის მიერ ყველა გაყიდულ ფართზე შედგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს ფიზიკური პირები იხდიან სხვადასხვა პერიოდულობით. (არ იკვეთება ამხანაგობა „----------“-ის მიერ რაიმე უფლებამოსილების/ვალდებულების გადაცემა შპს „----------“-ზე), შესაბამისად, საჩივარში აღწერილი ამხანაგობის წევრის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრაც არ მომხდარა.

• გაცვლის ხელშეკრულებების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადაანგარიშების შედეგად, არ მოხდა თანხების კორექტირება, ვინაიდან თავდაპირველად ბინების გადაცემა დაბეგრილი/დეკლარირებული არ ყოფილა გადამხდელის მიერ. ფართების გაცვლის ხელშეკრულების შედგენის პერიოდში უნდა განხორციელებულიყო ადრე დაბეგრილი თანხის კორექტირებით შემცირება და ახალი პერიოდით დაბეგვრა. გადაანგარიშების დროს, ასევე გადამოწმებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე (ხანდაზმულ პერიოდში) გადახდილი ავანსები, დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ არ ყოფილა დეკლარირებული მის მიერ მიღებული ავანსის თანხები. 2017 წელს მიღებული ავანსები შემოწმების მიერ ვერ დაიბეგრა ხანდაზმულობის გამო, შესაბამისად დაიბეგრა საბოლოო მიწოდებები. რაც შეეხება ერთ-ერთი ოპერაციის ორჯერ დაბეგვრის საკითხს, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების საფუძველზე განხორციელდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: პირველ რიგში, შემოწმების პროცესში მის მიერ მიცემული განმარტებით მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2016 წლისათვის, თორემ შენობა საბოლოოდ დასრულებული და ექსპლოატაციაში მიღებული დღემდე არაა, რაც გავლენას ახდენს დასაბეგრი ოპერაციის დროისა და თანხების განსაზღვრაზე. ამასთან, არასწორია ის ფაქტიც, რომ შემოწმების წინა პერიოდებში მომხდარი ბინების მიწოდება/მიღებული ავანსები საერთოდ არაა დაბეგრილი. მართალია, ვალდებულებები სრულად არ სრულდებოდა, მაგრამ დეკლარირება ნაწილობრივ ხდებოდა, რაც არ არის გათვალისწინებული როგორც ბინების გაცვლის, ასევე მიღებული ავანსების ნაწილში.

ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული კორპუსის ამხანაგობა შეიქმნა და საპროექტო სამუშაოები დაიწყო ჯერ კიდევ 2007 წლიდან. შესაბამისად, ფართების მიწოდების ნაწილში კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილ პირობებს. ინფორმაციის უქონლობის გამო კომპანიის მიერ შემოწმების პერიოდში არ ყოფილა დაყენებული ეს საკითხი და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის მისამართად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 811 ნაწილით დადგენილი წესით. გამომდინარე აქედან, ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები ექვემდებარება დამატებით შესწავლას და ყველა გარემოების სათანადოდ შეფასებას.

2. შემოწმებით შეძენილი და გახარჯული სამშენებლო-სარემონტო მასალები ჩაეთვალა რეალიზებულად და დაიბეგრა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ამ საკითხთან დაკავშირებითაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2016 წელს, ხოლო სარემონტო სამუშაოები 2018 წლის დასაწყისში. თუმცა მასალების შეძენა ხდებოდა 2018, 2019 და 2020 წლებშიც. ხელშეკრულებებით არ დასტურდება შპს „----------“-ის ვალდებულება მყიდველების მიმართ მასალების მიწოდებაზე, აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

აქაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში მის მიერ მიცემული განმარტებით მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2016 წლისათვის, თორემ შენობა საბოლოოდ დასრულებული და ექსპლოატაციაში მიღებული დღემდე არაა. შესაბამისად გარკვეული სახის სამუშაოები მიმდინარეობდა შემოწმების პროცესშიც რაზედაც იხარჯებოდა ეს მასალები და რაზეც გაკეთებულია უკვე შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2): ეზოს მოწყობა, სახურავი, შიდა ელექტროობა და ერთიანი დომოფონების სისტემა და ა.შ. ასევე, ამხანაგობის წევრების ნაწილზე გადასაცემი ფართები უნდა ჩაბარებულიყო რემონტით და ნაწილი თეთრი კვადრატის მდგომარეობაში, რაზეც ასევეა გახარჯული ამ მასალების ნაწილი და ამაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

გამომდინარე აქედან, სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელია როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ამ ნაწილში და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

3. მომჩივანი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალის შემცირების სანაცვლოდ დამფუძნებლის მიერ მიღებული ბინის ღირებულებასა და კაპიტალში შენატანს შორის სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვას. ასევე, გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ხელფასად კვალიფიცირებული თანხის დამფუძნებლის მიერ სესხის დაფარვის და დივიდენდად გატანის ოპერაციებად განხილვას.

საწესდებო კაპიტალის შემცირების სანაცვლოდ დამფუძნებლის მიერ მიღებული ბინის ღირებულებასა და კაპიტალში შენატანს შორის სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების (დირექტორის ხელმოწერით) მიხედვით კომპანია არ სარგებლობს სესხებით. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილია 2013 წელს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება, არ არის წარმოდგენილი ფულის მოძრაობის აღრიცხვა, საბანკო ამონაწერებშიც (ამჟამად წინა პერიოდზეც წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები) არ არის ასახული სესხთან დაკავშირებული თანხების მოძრაობა. 1.01.2018 წლის მდგომარეობით შემოწმების მიერ გაკეთებული ანალიზით, სესხის თანხის შემოსავლის გარეშე, რომელიც დაეყრდნო ნასყიდობის ხელშეკრულებებს, ავანსად ბანკში ჩარიცხულ თანხებს და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს, 1.01.2018 წლის მდგომარეობით რჩება ფულადი ნაშთის დადებითი სხვაობა. შესაბამისად ვინაიდან ვერ დასტურდება სასესხო ვალდებულება, აღნიშნულ საკითხში არ მოხდა თანხების კორექტირება/შემცირება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მის მიერ ბანკის ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადებულია ფულის მოძრაობის სრულყოფილი აღრიცხვა, რითაც დასტურდება აღნიშნული თანხების ოდენობები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, რომ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით მომჩივნის მონაწილეობით მოხდეს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25283 ბრძანებით:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილული თანხების ოდენობის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შემოწმებით გაანგარიშებული თანხების ხელფასად განხილვის საკითხის შეესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25283 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნის მიხედვით:

1. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ოპერაცია ორჯერაა დღგ-ით დაბეგრილი (შპს „----------“ ბინის გადაცემა). ამდენად, განხორციელდა დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის კორექტირება/შემცირება (დასაბეგრი თანხა დღგ-ის ჩათვლით 184 270 ლარი).

2. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ: სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზებულად ჩათვლასთან, თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციასთან, საწესდებო კაპიტალის შემცირების სანაცვლოდ დამფუძნებლის მიერ მიღებული ბინის ღირებულებასა და კაპიტალში შენატანს შორის სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვასთან, დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილული თანხების გამოთვლასა და გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ხელფასად კვალიფიცირებული თანხის დამფუძნებლის მიერ სესხის დაფარვის და დივიდენდად გატანის ოპერაციებად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც შესწავლილ იქნა, მაგრამ სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო გადაანგარიშების შედეგად არ მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 111 263 ლარით, მათ შორის გადასახადი - 74 175 ლარი და ჯარიმა - 37 088 ლარი.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც დაადასტურებს დასახელებული არგუმენტების მართებულობას, რაც საგადასახადო ვალდებულებების დამატებით შემცირების საფუძველი გახდება, გამომდინარე აქედან, ითხოვა მიეცეს დამატებითი მტკიცებულებების აუდიტის დეპარტამენტში წარდგენის შესაძლებლობა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს: ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა; ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.