ბრძანება N8993
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8993
25.04.2023
ფ/პ -----------ის (პ/ნ -----------)
(მის.: --------------)
2023 წლის 28 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ფ/პ ----------- (პ/ნ ----------- ) 2023 წლის 28 თებერვლის №79394/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №041-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს, კერძოდ:
1.მომჩივანი ითხოვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში სასაკლაოს მომსახურებისა და ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებას. აცხადებს, რომ მან ვერ წარუდგინა შემმოწმებელს ყველა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან მათი დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. მიუთითებს, რომ შპს „----------“ მიერ გაფორმებული საქონლის შესყიდვის ხელშეკრულებისა და შესყიდვის აქტების სტანდარტული ფორმების თანახმად, შპს „-----------“ ხორცის შესყიდვისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლას სპეციალურ სასაკლაოზე და ხორცის ვარგისიანობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული მოწმობის, ფორმა 2-ის წარდგენას.
ამასთან, აღნიშნავს, რომ სასაკლაოს მომსახურება 1 სულზე ჯდება 40 ლარი. მისი გადახდის საკითხი არის შეთანხმების საგანი და ძირითადად ხარჯს თანაბრად იყოფენ გამყიდველი და მყიდველი.
2. მომჩივანი ითხოვს საქონლის საკვების ხარჯის განსაზღვრას სხვა მეწარმე ფიზიკური პირის მონაცემებით.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 სექტემბრის №23687 ბრძანების საფუძველზე, ფ/პ ----------ის (პ/ნ -----------) 2021 წლის 26 ნოემბრისა და 8 დეკემბრის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. ფ/პ ---------ის (პ/ნ ---------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 სექტემბრის №23687 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე შეუმცირდა სულ 56 982 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 988 ლარი, ხოლო ჯარიმა 18 994 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №041-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული საქონლის შესყიდვის აქტები, რის საფუძველზეც გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მიუთითებს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული საქონლის შესყიდვის აქტები, რომელთა შესწავლის საფუძველზეც გადაანგარიშების ეტაპზე გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ-----------ის (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში სასაკლაოს მომსახურებისა და ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებას.
2.მომჩივანი ითხოვს საქონლის საკვების ხარჯის განსაზღვრას სხვა მეწარმე ფიზიკური პირის მონაცემებით.
3.გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული საქონლის შესყიდვის აქტები, რომელთა შესწავლის საფუძველზეც გადაანგარიშების ეტაპზე გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302 (6),304 (21)