გადაწყვეტილება №23264/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23264/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23264/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2023 წლის დასკვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №29705 ბრძანება;
4. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №081-296 საგადასახადო მოთხოვნა;
5. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12970 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 327 654,67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 693 997
დღგ - 348 023
მოგების გადასახადი - 334 101
საშემოსავლო გადასახადი - 11 873
ჯარიმა - 347 717
საურავი - 285 940,67
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
-------, ------- შეძენილ მიწაზე კომპანიის მიერ აშენებულია შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოიყენება სასტუმროდ ან/და დასასვენებელ სახლებად.
აუდიტის დეპარტამენტის 11.01.2023 წლის №170 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
- შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას საკუთრებაში გააჩნია სასტუმროს 24 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართები. აღნიშნული ფართების ნაწილი (სასტუმრო, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართი სულ 1 219მ2 ) 1 600 000 ლარად, 2021 წლის ივლისში მიჰყიდა ფ/პ -------, ხოლო 2022 წლის იანვარში ასევე მიჰყიდა საკონფერენციო დარბაზი (82მ2 ) 96 253 ლარად
სარეალიზაციო ქონების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება საბაზრო ფასისგან. ფ/პ ------- წარმოადგენს, როგორც კომპანიის დირექტორს, ასევე ფ/პ ------- სრული უფლებამოსილებით აღჭურვილ მინდობილ პირს (გენერალური მინდობილობით ------- უფლებამოსილია წარადგინოს მიმნდობი ნებისმიერ საქმიან ურთიერთობებში, აწარმოოს მოლაპარაკებები, დაიცვას მისი ინტერესები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში (შსს, საჯარო რეესტრი, იუსტიციის სამინისტრო, საბაჟო, მერია, შემოსავლების სამსახურში და სხვა), კომერციულ ორგანოებში, ბანკებში, სასამართლოში. დადოს ნებისმიერი სახის და შინაარსის ხელშეკრულება/გარიგება, შეიტანოს ცვლილებები, გააუქმოს, ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით). ნასყიდობის ხელშეკრულების დოკუმენტზე, როგორც მყიდველის, ასევე, გამყიდველის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ფ/პ ------- და ხელშეკრულების ორივე მხარეს აწერს ხელს. შესაბამისად, მიჩნეულია რომ გარიგების დოკუმენტი გაფორმებულია საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შემოწმების შედეგად გარიგების ფასი განისაზღვრა საბაზრო ფასით. კომპანიას დაერიცხა დღგ და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- კომპანია იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სასტუმრო კომპლექსში შეიძინეს აპარტამენტები უწევს მომსახურებას. მომსახურება წარმოადგენს სასტუმროს საერთო სარგებლობის სივრცეების გამოყენებისთვის დაწესებულ ყოველთვიურ მოსაკრებელს (ობიექტის დაცვა, ლიფტით სარგებლობა, მიმღების და კიბის უჯრედის დასუფთავება და სხვა). ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ფასი განისაზღვრება მსგავსი ტიპის მომსახურებების საბაზრო ფასით. კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები შემოსავალში აღრიცხულია ნაწილობრივ. შემოწმების შედეგად მომსახურების ღირებულება სრულად ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, რის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8126 ბრძანება და ამავე თარიღის №081-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან (უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის მხარეების, მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვასა და რეალიზებული ფართებზე შემოწმების მიერ განსაზღვრულ სარეალიზაციო ღირებულებასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 20.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესწავლილია საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში. ვინაიდან, შედარების მეთოდის გამოყენებისას შესადარებელი ანალოგები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ რეალიზებულ ქონებას, აღნიშნული დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 30.11.2023 წლის №29705 ბრძანება და ამავე თარიღის №081-296 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 14.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1555 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.04.2024 წლის №22360/2/2024 (16.05.2024 წ. 03/38000) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1555 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 31.05.2024 წლის №12970 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან წარდგენილი დასკვნით შედარების მეთოდის გამოყენებისას შესადარებელი ანალოგები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ რეალიზებულ ქონებას. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების აქტში მითითებულ მსჯელობას და შეფასებას ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი იმ პირთა წრე, თუ ვინ წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირებს და საგადასახადო მიზნებისათვის რა შემთხვევაში მიიჩნევა გარიგება ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულად. აღნიშნული მუხლი არ შეიცავს მითითებას, მასზედ რომ გამყიდველი და მყიდველის მინდობილი პირის ერთიდაიგივე პიროვნების არსებობა ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირებად. აღნიშნული არის შემმოწმებლის ინტერპრეტაცია რაც ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს და უკანონოდ ლახავს გადამხდელის უფლებას.
უფრო მეტიც, საქმე რომც გვქონდეს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულ გარიგებასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ არასწორად არის გამოყენებული საგადასახადო კოდექსის მე19 მუხლი, ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულებას არ მოუხდენია გავლენა ქონების სარეალიზაციო ღირებულებაზე. კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეალიზებულია რეალური საბაზრო ღირებულებით, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
სასტუმროს ნომრები განთავსებულია შენობის მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე. სასტუმროს ნომრებს არ აქვს ხედი და არის ნესტიანი. მესაკუთრე ქონების რეალიზაციას ცდილობდა 2018 წლიდან, რეკლამები განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა ყიდვა-გაყიდვის პლათფორმაზე. თავდაპირველი ფასი იყო შედარებით მაღალი, თუმცა ვინაიდან ვერ გაიყიდა პერიოდულად ამცირებდა ფასს, მიუხედავად ფასდაკლებისა მისი ნაკლოვანების გამო ჭირდა რეალიზაცია. საბოლოოდ ქონება რეალიზებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილი პანდემიის პერიოდში. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მყიდველმა ქონება შეიძინა სრულად და გადაიხადა ერთიანი თანხა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გამყიდველისთვის.
წარმოადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, რომლის მიხედვით დადგენილია ქონების საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდში, რითაც დასტურდება, რომ შემმოწმებლის მიერ არასწორად არის შეფასებული აღნიშნული ქონება. შემმოწმებლის მიერ არსებული შესადარებელი ქონება და რეალიზებული ქონება არ იყო იდენტური მახასიათებლებით, რამაც გამოიწვია ფასთა შორის ძლიან დიდი სხვაობა. აღიარებს რომ ქონების რეალიზაციის პერიოდში, ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით გასაყიდი ქონების საბაზრო ღირებულება ცოტათი მეტი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქონება იყიდებოდა მთლიანად, მყიდველი თანხას იხდიდა ერთიანად და ესაჭიროებოდა ეს თანხა მოახდინა ქონების რეალიზაცია რისი სრული უფლებაც ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ქონებას ჰქონდა გარკვეული ნაკლი (არ აქვს ხედები და არის ნესტიანი, რემონტი და ავეჯი სისტემატიურად განახლებას საჭიროებდა) და რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გაიყიდა, შესაძლოა მისი რეალურ საბაზრო ფასად რეალიზაცია საერთოდ, ვერასოდეს ვერ მოეხდინა.
შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდგომ, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსთხოვეს ხელახლა, დამატებით წარედგინათ ქონებაზე დასკვნა, სადაც მითითებული იქნებოდა ქონების რეალიზაციის პერიოდში არსებული საბაზრო ღირებულება და ასევე აღნიშნული ქონება უნდა შეეფასებინა იმ სერთიფიცირებულ აუდიტორს ვინც იქნებოდა რეგისტრირებული saras.gov.ge-ზე არსებულ აუდიტორთა რეესტრში.
25.09.2023 წელს წარადგინა დასკვნა თუმცა შემმოწმებლებმა არც მეორე დასკვნა გაითვალისწინეს და 20.11.2023 წელს გამოიცა დასკვნა, რომლითაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.
მომჩივნისთვის გაუგებარია რატომ არ ითვალისწინებს დავების განხილვის საბჭო კომპანიის მიერ წარდგენილ ქონების შეფასების დასკვნას, როდესაც აღნიშნული ქონება შეაფასებინეს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. სადავო თემას წარმოადგენს რეალიზებული ქონების ფასი და არა ქონების შემფასებლის მეთოდოლოგია, შემფასებელთა ჯგუფი დაიქირავეს ქონების ღირებულების დასადგენად, ხოლო შემოსავლების სამსახურის აუდიტორები არ ითვალისწინებენ დასკვნაში მითითებულ ფასს და არგუმენტად იყენებენ შემფასებლის მიერ გამოცემულ მეთოდებს და შესადარებელ ანალოგებს (რომლებიც არ არსებობს). ------- შეასრულა მათი დაკვეთა, რაც ითვალისწინებდა კონკრეტულად რეალიზებული ქონების ფასის დადგენას, რა ფასიც მითითებულია შეფასების ანგარიშში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანებას და ითხოვს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი შეფასების ანგარიშის (დასკვნა) გათვალისწინებას, სადავო აქტების ბათილად ცნობას და გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული ჯარიმისა და საურავის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მომჩივანს, გასაჩივრებულ დოკუმენტად მითითებული აქვს აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8126 ბრძანება და ამავე თარიღის №081-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანება.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 30.08.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 19.09.2023 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 17.06.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება ამ ნაწილში გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების ნაწილში, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
რაც შეეხება საჩივარს შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12970 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანებით პირველ სადავო საკითხთან (უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის მხარეების, მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვასა და რეალიზებული ფართებზე შემოწმების მიერ განსაზღვრულ სარეალიზაციო ღირებულებასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 20.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესწავლილია საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში. ვინაიდან, შედარების მეთოდის გამოყენებისას შესადარებელი ანალოგები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ რეალიზებულ ქონებას, აღნიშნული დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საბჭოს 26.04.2024 წლის №22360/2/2024 (16.05.2024 წ. 03/38000) გადაწყვეტილებაში მითითებულია მომჩივნის არგუმენტი, რომ წარადგინა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დადგენილია ქონების საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდში, რითაც დასტურდება რომ შემმოწმებლის მიერ არასწორად არის შეფასებული აღნიშნული ქონება. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა მოითხოვა ხელახლა, დამატებით წარედგინა ზემოაღნიშნულ ქონებაზე დასკვნა, სადაც მითითებული იქნებოდა ქონების რეალიზაციის პერიოდში არსებული საბაზრო ღირებულება და ასევე, აღნიშნული ქონება უნდა შეეფასებინა იმ სერტიფიცირებულ აუდიტორს, ვინც იქნებოდა რეგისტრირებული saras.gov.ge-ზე არსებული აუდიტორთა რეესტრში. 25.09.2023 წელს წარადგინა მეორე დასკვნა, თუმცა შემმოწმებლებმა არც აღნიშნული დასკვნა გაითვალისწინა. საჩივარს ახლდა ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ -------, -------, მდებარე უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება 7.07.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 1 807 000 ლარს (ამასთან, საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ცდომილება არ აღემატება 15%- ს).
ამდენად, საქმეში წარმოდგენილია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ორი ანგარიში (10.05.2023 წლის №------- და 15.09.2023 წლის №------- (შემფასებელი - saras.gov.ge-ზე არსებულ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიცირებული აუდიტორი, -------, -------), სადაც მითითებულია, რომ -------, -------, მდებარე უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება:
1. 27.05.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 033 300 ლარს (ამასთან, საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ცდომილება არ აღემატება 15%-ს);
2. 7.07.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 1 807 000 ლარს (ამასთან, საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ცდომილება არ აღემატება 15%-ს).
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დავალება განესაზღვრა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 20.11.2023 წლის დასკვნით ირკვევა, რომ შესწავლილია საჩივრის დანართად წარდგენილი შპს ------- 10.05.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში, ხოლო საბჭოს 26.04.2024 წლის №22360/2/2024 (16.05.2024 წ. №03/38000) გადაწყვეტილებაში მითითებულ შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში (შემფასებელი - saras.gov.ge-ზე არსებულ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიცირებული აუდიტორი, -------, -------), დაბრუნებული საჩივრის განხილვის შემდგომ გამოცემულ შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12970 ბრძანებით არ არის შეფასებული.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განმარტა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ შეფასება ჩატარებულია 7.07.2021 წლის მდგომარეობით. საბაზრო ღირებულება გამოყვანილია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVSC) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. მთლიანი ანალიზი და გამოთვლები, შესაფასებელი ობიექტის შეფასების შესახებ, წარმოდგენილია წინამდებარე დასკვნაში შეფასების შესახებ. შეფასების ანგარიშის ცალკეული ნაწილების წარდგენა მესამე პირისათვის დაუშვებელია, რადგან იგი წარმოადგენს მთლიანი დასკვნის ნაწილს ანგარიშში მოყვანილი ყველა დაშვებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა დასკვნა სრულად, სადაც დაშვებების და შეზღუდვების გათვალისწინებით 1 კვ.მ ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებული 1 482 ლარად (პირველი დასკვნით განსაზღვრული იყო 1 640 ლარი).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ წარდგენილი პირველი დასკვნა მოიცავდა პანდემიის პერიოდს, ხოლო მეორე დასკვნა წარმოდგენილია ქონების გაყიდვის პერიოდზე, რომელიც ემთხვევა პანდემიის შემდგომ პერიოდს, კერძოდ შეზღუდვები სრულად იყო მოხსნილი და უძრავი ქონების საბაზრო ფასები მკვეთრად შეიცვალა. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციას ამავე სასტუმრო კომპლექსში ზედა სართულებზე აპარტამენტებს მფლობელი (რომელსაც, მომსახურების ოპერირებას უწევდა სასტუმროს ადმინისტრაცია) ფიზიკური პირების მიერ დაახლოებით ამავე პერიოდში სასტუმროს ნომრების რეალიზაციის ფასს, რომელიც მერყეობდა 950 აშშ დოლარიდან 1 200 აშშ დოლარამდე. უძრავი ქონების საბაზრო ფასის შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მინიმუმ ორ სხვადასხვა მეთოდს და მიღებული შედეგების შეჯერებით უნდა დადგინდეს საბაზრო ფასი. ამასთან, როგორც დასკვნაში მიუთითეს შედარების მეთოდის გამოყენებისას შესადარებელი ანალოგები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ რეალიზებულ ქონებას, რის გამოც არ მოხდა აღნიშნული დასკვნის გათვალისწინება და სადავო თანხები დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს უძრავი ქონების სადავო საბაზრო ღირებულების შესახებ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიშის (შემფასებელი - saras.gov.ge-ზე არსებულ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიცირებული აუდიტორი, -------, -------), ------- წარდგენილი განცხადება, ხსენებული დასკვნა შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ხსენებული ორგანოდან წარდგენილი დადებითი შეფასების შემთხვევაში, უძრავი ქონების სადავო საბაზრო ღირებულის განსასაზღვრად იხელმძღვანელოს მომჩივნის მიერ წარდგენილი შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიშით (შემფასებელი - saras.gov.ge-ზე არსებულ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიცირებული აუდიტორი, -------, -------) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ------- წარდგენილი განცხადება, შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში (შემფასებელი - saras.gov.ge-ზე არსებულ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიცირებული აუდიტორი, -------, -------), შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
5. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას საკუთრებაში გააჩნია სასტუმროს 24 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართები. აღნიშნული ფართების ნაწილი მიჰყიდა ფიზიკურ პირს, რომლის სრული უფლებამოსილებით აღჭურვილ მინდობილ პირს წარმოადგენს კომპანიის დირექტორი. ნასყიდობის ხელშეკრულების დოკუმენტზე, როგორც მყიდველის, ასევე, გამყიდველის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს და ხელშეკრულების ორივე მხარეს აწერს ხელს ერთი და იგივე პიროვნება. შესაბამისად, მიჩნეულია რომ გარიგების დოკუმენტი გაფორმებულია საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შემოწმების შედეგად გარიგების ფასი განისაზღვრა საბაზრო ფასით. კომპანიას დაერიცხა დღგ და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა.
კომპანია იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სასტუმრო კომპლექსში შეიძინეს აპარტამენტები უწევს მომსახურებას. კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები შემოსავალში აღრიცხულია ნაწილობრივ. შემოწმების შედეგად მომსახურების ღირებულება სრულად ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, რის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობტივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიშის დასკვნა შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ხსენებული ორგანოდან წარდგენილი დადებითი შეფასების შემთხვევაში, უძრავი ქონების სადავო საბაზრო ღირებულის განსასაზღვრად იხელმძღვანელოს მომჩივნის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიშით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი; დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 44(9) 301(ე); 304(21);