გადაწყვეტილება №24130/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24130/2/2024
05 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------ო“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ოს“ 17.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24130/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33961 ბრძანების აღსრულების შედეგი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №005-110 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20532 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 294 420.12 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 163 912
მოგების გადასახადი - 3 030
საშემოსავლო გადასახადი - 160 882
ჯარიმა - 82 029
საურავი - 48 479.12
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა უჟანგავი ლითონის ჯართის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ მისი ექსპორტირება ----------ში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის, დადგენილების და აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32267 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 15.03.2021 წლიდან 1.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელს საქონლის უმეტესი ნაწილის შეძენა უფიქსირდებოდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო ფიზიკური პირებისაგან შეძენაზე გაფორმებული იყო შესყიდვის აქტები.გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, კომპანიის საბანკო ანგარიშების ამონაწერებსა და ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით შედგენილია ფულის მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით ყველა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა შეძენა ანაზღაურებულად. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა შემოწმებისათვის მიცემული განმარტება, ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ შესაბამისად და სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საქონლის ნაწილის შეძენა უფიქსირდებოდა ფიზიკური პირებისაგან, რაზეც გაფორმებული ჰქონდა შესყიდვის აქტები. შემოწმება საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას. კომპანიამ შემოწმებას წარუდგინა უჟანგავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები). წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონელის რაოდენობა და ფასები გადამოწმდა საქონლის მიმწოდებელ ფიზიკურ პირებთან. მიღებული განმარტებებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირების ნაწილმა საერთოდ უარყო საქონლის მიწოდება, ნაწილმა კი მხოლოდ შესყიდვის აქტისაგან მკვეთრად განსხვავებული რაოდენობის რეალიზაცია დაადასტურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ დანართი №6-ის მიხედვით, შესყიდვის აქტებით საქონელის შესაძენად საწარმოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- საწარმოს საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლისას დადგინდა, რომ გადამხდელს შპს „--------თვის“ გადარიცხული ჰქონდა მომსახურების ღირებულება 17 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადახდის შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი საწარმოს არ გააჩნდა, ამიტომ საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად და აღნიშნული გადახდა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი, დაბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 12.10.2023 წლის №25414 ბრძანება და 13.10.2023 წლის №005- 170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 6.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.12.2023 წლის №33961 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება(შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33961 ბრძანების აღსრულებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 5.07.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ შემცირდა 4 726 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 143 ლარით და ჯარიმა 1 583 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა 16.07.2024 წლის №16743 ბრძანება და ამავე თარიღის №005-110 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 5.10.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2024 წლის №20532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, შესწავლის შედეგად, შპს „--------თვის“ გადახდილი თანხა 17 500 ლარი ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად და შესაბამისად შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. შესყიდვის აქტების შესწავლით დადგინდა, რომ საჩივრის ეტაპზე წარდგენილმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა შემოწმების ეტაპზე წარდგენილი შესყიდვის აქტები. ასევე, საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევისას, საბაჟო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული იყო სრულიად სხვა მომწოდებელი ფიზიკური პირები, რომლებიც სრულფასოვნად ვერ ადასტურებდნენ მათ სახელზე გაფორმებულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ დიდი რაოდენობით უჟანგავი ლითონის ჯართის მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. აგრეთვე, სატრანსპორტო ინვოისების შესაბამისად გადახდილი თანხები, რომელთა გათვალისწინებასაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა ხარჯებში, შემოწმების აქტის შედგენისას უკვე იყო ჩართული დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებში, შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ შეცვლილა. ხოლო, საკომისიო ხარჯის შესწავლის შედეგად დაზუსტდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, დირექტორის ხელფასად განხილული სალაროს არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულად, რის შედეგადაც შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა დოკუმენტაცია გასაჩივრებული საკითხების დამატებით შესწავლისათვის:
1. შესყიდვის აქტები, რომელიც ადასტურებს ფიზიკური დ იურიდიული პირებიდან ლითონის ჯართის შესყიდვის ფაქტს;
2. ჯართის გადამზიდავის სატრანსპორტო ინვოისები, რის შემდეგაც მოითხოვს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლას და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტში შესწავლილია კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაზეც გამოიცა დასკვნა, რომელსაც არ ეთანხმები.
შემოწმების პროცესში კომპანიის არაკვალიფიციური ბუღალტრის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო არასრული, ხშირ შემთხვევაში ხელმოუწერელი და არ შეესაბამებოდა განხორციელებული ოპერაციის ნამდვილობას. კომპანიის მიერ დამატებით მოხდა განხორციელებული ოპერაციის სინამდვილის დადგენა, რის შემდეგაც დამატებით შედგა რეალური შესყიდვის აქტები. მიუხედავად კომპანიის მოთხოვნისა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორს ესარგებლა მის მიერ წარდგენილი გადამოწმებული და ხელმოწერილი რეალურის შესყიდვის აქტებით, მან მაინც არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა და არ მოახდინა საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება ფიზიკური პირებიდან შესყიდვის დამადასტურებელ და დადასტურებული აქტების მიხედვით.
გადაანგარიშების პროცესში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს ექსპორტის განხორციელებისას გამოწერილი სატრანსპორტო ინვოისები. შემოსავლების სამსახურის მიერ დაუდასტურებელ ხარჯად იქნა მიჩნეული ხარჯი, რომლის დოკუმენტებიც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში წარდგენილია სრულად და რომელსაც საჩივართან ერთად წარმოადგენს დანართის სახით.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ იქნა საჩივარი დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ბრძანებაში მითითებულია, რომ ექსპორტის რეჟიმში მოქცევისას საბაჟო დოკუმენტაცია დაფიქსირებული იქნა სრულად - სინამდვილეში აუდიტორებმა გადაანგარიშება არ მოახდინეს კომპანიის მიერ დამატებით წარდგენილი სატრანსპორტო ინვოისების გათვალისწინებით (ექსპორტის განხორციელებისას გამოწერილი სატრანსპორტო ინვოისები), რომელიც გადაიხადა კომპანიამ ექსპორტის განხორციელებისას გადაზიდვებში და რომელიც ექვემდებარება გადაზიდვის ხარჯად გამოქვითვას.
ასევე, ითხოვს იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი ცვლილებები შეცვლის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორების მიერ გამოთვლილ საწარმოს არაგონივრულ ნაშთს, რაც გამოიწვევს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
2. საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას გამოიწვევს კომპანიის მიერ დამატებით წარდგენილი და გადამოწმებული რეალური მომწოდებელი ფიზიკური პირების შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის აუდიტორების განმარტებით მომწოდებელი ფიზიკური პირები სრულფასოვნად ვერ ადასტურებენ მათ სახელზე გაფორმებულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ დიდი რაოდენობით უჟანგავი ლითონის ჯართის მიწოდებას. კომპანიის მიერ დამატებით იქნა გადამოწმებული ზემოთ აღნიშნული შესყიდვის აქტები, რომლის შედეგადაც ყველა მომწოდებელმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა ჯართის მიწოდების ფაქტი.
ითხოვს მიეცეს მითითება შესაბამის სამსახურს, რათა საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია მიიჩნიონ სარწმუნოდ და საჩივართა ერთად წარდგენილი ფიზიკური პირებიდან შესყიდული ჯართის შესყიდვა (სხვანაირად ჯართი კომპანიის ბალანსზე ვერ მოხვდებოდა) ჩაითვალოს დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად და ამის მიხედვით განსაზღვრონ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33961 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება(შემცირება).
შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებაზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის დასკვნით:
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დოკუმენტაცია/მტკიცებულება: შპს -------თან ურთიერთშედარება და ჯართის შესყიდვის აქტი და ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენის დამადასტურებელი აქტები.
შესწავლის შედეგად შპს „--------თვის“ გადახდილი თანხა (17 500 ლარი) ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად და შესაბამისად, დაკორექტირდა აქტით დარიცხული ვალდებულებები მოგების გადასახადში.
რაც შეეხება, შესყიდვის აქტების დოკუმენტაციის შესწავლას, დადგინდა, რომ:
ა) საჩივრის ეტაპზე წარდგენილი შესყიდვის აქტებით ფაქტობრივად ჩანაცვლდა შემოწმების ეტაპზე წარდგენილი შესყიდვის აქტები, (მათში დაფიქსირებული პირებით და საქონლის ღირებულებით), რა დროსაც უცნობი ხდება პირველად წარდგენილი დოკუმენტების კვალიფიკაცია;
ბ) ახლად წარდგენილი შესყიდვის აქტებით დაფიქსირებული მომწოდებელი ფიზიკური პირები არ არიან დაბეგრილი და დეკლარირებული საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად განსხვავებით შემოწმების დროს წარდგენილისა;
გ) საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევისას საბაჟო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია სრულიად სხვა მომწოდებელი ფიზიკური პირები განსხვავებით შემოწმების ეტაპზე წარდგენილი შესყიდვის აქტებისგან;
დ) ახლად წარდგენილ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მომწოდებელი ფიზიკური პირებიც სრულფასოვნად ვერ ადასტურებენ მათ სახელზე გაფორმებულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ დიდი რაოდენობით უჟანგავი ლითონის ჯართის მოწოდებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
- შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: ტრანსპორტირების ინვოისები და უცხოური ვალუტის შიდა საბანკო კონვერტაციის დროს გადახდილი საკომისიო ხარჯის დამადასტურებელი ჩანაწერები. გაირკვა, რომ სატრანსპორტო ინვოისების შესაბამისად გადახდილი თანხები, რომლის ხარჯებში გათვალისწინებასაც გადამხდელი ითხოვდა, შემოწმების აქტის შედგენისას უკვე იყო ჩართული დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებში, შესაბამისად ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ შეცვლილა. საკომისიო ხარჯის შესწავლის შედეგად კი დაზუსტდა შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაბეგვრის პერიოდი შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და დირექტორის ხელფასად განხილული სალაროს არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულად. შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში კომპანიის არაკვალიფიციური ბუღალტრის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო არასრული, ხშირ შემთხვევაში ხელმოუწერელი და არ შეესაბამებოდა განხორციელებული ოპერაციის ნამდვილობას. კომპანიის მიერ დამატებით მოხდა განხორციელებული ოპერაციის სინამდვილის დადგენა, რის შემდეგაც დამატებით შედგა რეალური შესყიდვის აქტები. ყველა მომწოდებელმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა ჯართის მიწოდების ფაქტი. ასევე, გადაანგარიშებისას აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს ექსპორტის განხორციელებისას გამოწერილი სატრანსპორტო ინვოისები, რომელიც გადაიხადა კომპანიამ გადაზიდვებში და რომელიც ექვემდებარება გადაზიდვის ხარჯად გამოქვითვას. ხოლო აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი ცვლილებები შეცვლის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით აუდიტორების მიერ გამოთვლილ საწარმოს არაგონივრულ ნაშთს. ითხოვს მიეცეს მითითება შესაბამის სამსახურს საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია მიიჩნიონ სარწმუნოდ და ფიზიკური პირებიდან შესყიდული ჯართის შესყიდვა (სხვანაირად ჯართი კომპანიის ბალანსზე ვერ მოხვდებოდა) ჩაითვალოს დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად და აღნიშნულის მიხედვით განისაზღვროს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილია 18.11.2024 წლის №107761-21-14 წერილი, რომლის მიხედვითაც:
„მომჩივანი არ დაეთანხმა მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებს, ითხოვა დამატებით წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით სატრანსპორტო ინვოისებისა და შესყიდვის აქტების ხარჯებში გათვალისწინება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემმოწმებელი მიუთითებს, რომ საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს უჟანგავი ლითონის ჯართის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ მისი ექსპორტირება -------ში. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქონლის ნაწილის შეძენა უფიქსირდება ფიზიკური პირებისაგან, რომელზეც გაფორმებული აქვს შესყიდვის აქტები. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით შემმოწმებელი დაეყრდნო ელექტრონულ ბაზებში არსებულ ინფორმაციას და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას. საწარმოს მიერ წარდგენილია უჟანგავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები). შემოწმების ეტაპზე, წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონლის რაოდენობა და ფასები გადამოწმებულ იქნა საქონლის მიმწოდებელ ფიზიკურ პირებთან. მიღებული განმარტებებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირების ნაწილმა საერთოდ უარყო საქონლის მიწოდება, ნაწილმა კი მხოლოდ შესყიდვის აქტისაგან მკვეთრად განსხვავებული რაოდენობის რეალიზაცია დაადასტურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე დაყრდნობით და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ (დანართი №6) მიხედვით, შესყიდვის აქტებით საქონლის შესაძენად საწარმოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.
გადაანგარიშების ეტაპზე, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია გადასახადის გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენის დამადასტურებელი აქტები, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ:
1. საჩივრის ეტაპზე წარდგენილი შესყიდვის აქტებით ფაქტობრივად ჩანაცვლდა შემოწმების ეტაპზე წარდგენილი შესყიდვის აქტები (მათში დაფიქსირებული პირებით და საქონლის ღირებულებებით), რა დროსაც უცნობი ხდება პირველად წარდგენილი დოკუმენტების კვალიფიკაცია.
2. ახლად წარდგენილი შესყიდვის აქტებით დაფიქსირებული მიმწოდებელი ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავალი არ არის დაბეგრილი და დეკლარირებული საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, განსხვავებით შემოწმების დროს წარდგენილისა.
3. საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევისას, საბაჟო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია სრულად სხვა მიმწოდებელი ფიზიკური პირები, განსხვავებით შემოწმების ეტაპზე წარდგენილ და ახლად წარდგენილ შესყიდვის აქტებისაგან.
4. ახლად წარდგენილ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მიმწოდებელი ფიზიკური პირები სრულფასოვნად ვერ ადასტურებენ მათ სახელზე გაფორმებულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ დიდი რაოდენობით უჟანგავი ლითონის ჯართის მიწოდებას.
რაც შეეხება, სატრანსპორტო ინვოისებს, მათი შესწავლისას გაირკვა, რომ სატრანსპორტო ინვოისების შესაბამისად გადახდილი თანხები, რომლის ხარჯებში გათვალისწინებასაც გადამხდელი ითხოვდა, შემოწმების აქტის შედგენისას უკვე იყო ჩართული დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებში, შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ შეცვლილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.“
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33961 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №33961 ბრძანების აღსრულების შედეგი.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის, დადგენილების და აუდიტის დეპარტამენტის №32267 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 15.03.2021 წლიდან 1.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №25414 ბრძანება და №005- 170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №33961 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №33961 ბრძანების აღსრულებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ შემცირდა 4 726 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 143 ლარით და ჯარიმა 1 583 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა №16743 ბრძანება და №005-110 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №20532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №33961 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: