ბრძანება N 2156
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2156
06 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
-------- (პ/ნ ------)
(მის.: ---------)
2024 წლის 10 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა -------ს (პ/ნ -----) №86626/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 4 იანვრის №EL237373 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მებაჟე-ოფიცერმა რამდენჯერმე სთხოვა გადაეყენებინა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რამაც გამოიწვია მისი გაღიზიანება, რადგან არ ესიამოვნა ის ტონი, როგორც მიმართა. უპასუხა, რომ ვინ მისცა ამის უფლება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მებაჟე-ოფიცერს. მომჩივანი მიუთითებს, რომ ნანობს მის საქციელს. ითხოვს გათვალისწინებული იქნას ის გარემოება, რომ არის ორი შვილის მარტოხელა მამა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 4 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში --------ს მხრიდან შემოვიდა ხის მასალით დატვირთული, საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ.№------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ------.
მის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების არასწორად გაჩერებით, ხელი ეშლებოდა საბაჟო პროცედურების განხორციელებას, აქედან გამომდინარე მებაჟე-ოფიცერმა მოუწოდა, რომ სატრანსპორტო საშუალება გასასვლელიდან (გეითიდან) გადაეყენებინა სხვა ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონაში, მაგრამ ------მ მებაჟე-ოფიცრის კანონიერი მოთხოვნა უგულებელყო და ავტომობილი მითითებულ ადგილზე არ გადააყენა. გარდა აღნიშნულისა, -------მ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა მებაჟე-ოფიცერს.
ვინაიდან -------მ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონიერი მოთხოვნა უგულებელყო, რითაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 4 იანვარს შედგენილი №EL237373 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით --------ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომელიც არის საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;
საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. აღნიშნული და სხვა ვალდებულებების განხორციელებაზე კონტროლის მიზნით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, საზღვარზე გადამაადგილებელი პირი ვალდებულია დაემორჩილოს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის მუხლი 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, - იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევის და მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფის ფაქტს, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -------ს (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 4 იანვრის №EL237373 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის 4 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა ხის მასალით დატვირთული, საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი. მის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების არასწორად გაჩერებით, ხელი ეშლებოდა საბაჟო პროცედურების განხორციელებას, აქედან გამომდინარე მებაჟე-ოფიცერმა მოუწოდა, რომ სატრანსპორტო საშუალება გასასვლელიდან (გეითიდან) გადაეყენებინა სხვა ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონაში, მაგრამ მომჩივანმა მებაჟე-ოფიცრის კანონიერი მოთხოვნა უგულებელყო და ავტომობილი მითითებულ ადგილზე არ გადააყენა. გარდა აღნიშნულისა, მომჩივანმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა მებაჟე-ოფიცერს. ვინაიდან მომჩივანმა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონიერი მოთხოვნა უგულებელყო, რითაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 4 იანვარს შედგენილი №EL237373 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 177(1).