გადაწყვეტილება №25241/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.07.2025
№ დოკუმენტი 25241/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25241/2/2025

01 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 31.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. 2025 წლის 18 მარტის N EL279348 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. 2025 წლის 18 მარტის N EL279353 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9612 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 4 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო საწყობის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისთვის, მომჩივანს, 2025 წლის 18 მარტის N EL279348 და N EL279353 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, თითოეული ოქმით 2 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9612 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი N 3) ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბაჟო საწყობი გაცხადებულად ფუნქციონირებს ყოველ დღე, გარდა ოფიციალურად გაცხადებული უქმე დღეების. საბაჟო საწყობში აღრიცხვის მოწმობით D ----, D ---- 15/03/2025 გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების დაშვება (ტერიტორიაზე შესვლა) მოხდა უქმე დღეს 16 მარტს, რომელიც დამოწმდა ტერმინალის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაბამისი შტამპით. ა/მ სახ ნომრით ------ D ---- საათი 07:57AM და ა/მ სახ ნომრით ------ D ----- საათი 08:01AM. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მოწმობით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ხორციელდებოდა იმპორტიორი კომპანიის კონტრაქტორი დაცვის სამსახურის ეკიპაჟის თანმხლებით (ხდებოდა გაცილება). საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ დაცვის სამსახურის ეკიპაჟის არ შეფერხების გამო. საბაჟო საწყობის მიერ, მოწმობით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულად დამოწმება მომდევნო სამუშაო დღეს ა/მ სახ ნომრით ------- საათი 08:57AM და ა/მ სახ ნომრით ------- D ------ საათი 08:59AM (დამოწმებაზე რამდენიმე საათიანი გადაცილება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება“.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო დეპარტამენტის 16.06.2025 წლის N -----21-10 წერილიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 15 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით N ---- და N ---- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოში შემოტანილ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისთვის განკუთვნილი, შპს „-----ის“ (ს/ნ -----) კუთვნილი საქონელი. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობები (N ---- 15.03.2025; N ---- 15.03.2025) და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“. ზემოაღნიშნული საქონელი შპს „-------ის“ (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში, დროებით შენახვის მიზნით, გამოცხადდა 2025 წლის 16 მარტს, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება კი განხორციელდა 2025 წლის 17 მარტს, რის შემდეგაც წარდგენილ იქნა N ---- (17.03.2025) დროებით შენახვის დეკლარაცია. 2025 წლის 18 მარტს აღრიცხვის მოწმობების (N ----- 15.03.2025; N ---- 15.03.2025) კონტროლიდან მოხსნის მიზნით, მომჩივანმა ID ---- -ელ-განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისს“, რა დროსაც გაირკვა, რომ საქონლის წარდგენის ელექტრონულად დადასტურება არ განხორციელდა მოწმობების დამოწმების დღის (16.03.2025) 24 საათამდე.

მომჩივანი განმარტავს, რომ მისი ქმედება მიზნად არ ისახავდა რაიმე სახის ინფორმაციის დამალვას საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. საბაჟო ზედამხედველობის ინსტრუქცია ითვალისწინებს, საბაჟო საწყობის მიერ დანიშნულების ადგილზე წარდგენილი საქონლის „eCustoms“-ში ელექტრონულად დადასტურებას არაუგვიანეს 24 საათისა, რაც მომჩივნის მიერ იქნა მცირედი (1 საათიანი) გადაცდენით დადასტურებული. ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული პასუხისმგებლობა, რომელიც გამოყენებულია საბაჟო საწყობის მიმართ და ჩაეთვალოს საპატიოდ.

საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ N ------ და N ------ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო N ------ 15.03.2025 და N ------ 15.03.2025 აღრიცხვის მოწმობებით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, შპს „-----ის“ (ს/ნ ----) საბაჟო საწყობში, დროებით შენახვის მიზნით, გამოცხადდა 2025 წლის 16 მარტს, კერძოდ N ------ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა 07:57 საათზე, ხოლო N ------ სატვირთო ავტომობილი – 08:02 საათზე. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება კი განხორციელდა 2025 წლის 17 მარტს, კერძოდ, N ------ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრონულად დადასტურება განხორციელდა 08:57 საათზე, ხოლო N ------ სატვირთო ავტომობილის – 08:59 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო განმარტავს, რომ აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების და მასში განთავსებული საქონლის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 16 მარტის 24 საათამდე, ხოლო მომჩივნის მიერ აღნიშნული განხორციელდა 2025 წლის 17 მარტს 08:57 საათზე. შესაბამისად, დგინდება, რომ საბაჟო საწყობმა ვერ შესრულა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობა - აღრიცხვის მოწმობებით (N D---- 15.03.2025; N D---- 15.03.2025) გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე (N ----; N -----) დამოწმების დღის (16.03.2025) 24 საათამდე გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება, რითაც დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი პირობა. გამომდინარე აქედან, საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო აღრიცხვის მოწმობებით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, მომჩივანის საბაჟო საწყობში, დროებით შენახვის მიზნით, გამოცხადდა 2025 წლის 16 მარტს, კერძოდ 1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა 07:57 საათზე, ხოლო მე-2 სატვირთო ავტომობილი – 08:02 საათზე. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება კი განხორციელდა 2025 წლის 17 მარტს, კერძოდ,1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრონულად დადასტურება განხორციელდა 08:57 საათზე, ხოლო მე-2 სატვირთო ავტომობილის – 08:59 საათზე. შესაბამისად, დგინდება, რომ საბაჟო საწყობმა ვერ შესრულა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობა - აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დამოწმების დღის (16.03.2025) 24 საათამდე გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება. დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი პირობა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო განმარტავს,რომ საბაჟო საწყობმა ვერ შესრულა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობა - აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დამოწმების დღის (16.03.2025) 24 საათამდე გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება, რითაც დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი პირობა, გამომდინარე აქედან, საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :მუხლი 176.