ბრძანება N 957

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.01.2023
№ დოკუმენტი 957
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 957

25.01.2023

შპს „-----“ (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2022 წლის 8 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „------“ (ს/ნ ------) №76091/1/2022 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №007362 და №184116 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 19 და 28 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი №120 და N124).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ შპს „------“ წარმოადგენს საცალო ვაჭრობის ობიექტს (მაღაზია „--------“), სადაც ხორციელდება მაღალი ღირებულების ევროპული ბრენდების (Balenciaga, Dolce&Gabana, Phillipe Pleine, Versace, Ismara) და ამავე დროს, მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციის - ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთებისა და სხვადასხვა აქსესუარების საცალო რეალიზაცია. კომპანიას სხვა სარეალიზაციო ლოკაცია და წერტილი, სადაც მისი პროდუქცია იქნება განთავსებული და რეალიზებული არ გააჩნია. მაღაზია გაიხსნა 2022 წლის 10 ივნისს და მუშაობის პერიოდში საბაჟოზე ჩატარებული აქვს იმპორტის რამდენიმე ოპერაცია.ჩამოსული საქონლის იმპორტის რეჟიმში მოქცევისას და განბაჟების დროს რაიმე უზუსტობას,მონაცემთა აღრევას და ჯარიმას ადგილი არასდროს არ ჰქონია.

2022 წელს 11 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N25837 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა.საკონტროლო შესყიდვის დროს შედგა ოქმი,რომლის მიხედვით შესყიდულ იქნა 1111.20 ლარის საქონელი.საკონტროლო შესყიდვის დროს რეალიზებული პროდუქციის გატარება და ნაღდი თანხის მიღება სალარო აპარატის გამოყენებით მოხდა,შესრულდა ჩეკის ამორტყმა, რის შემდეგაც საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაცემული საქონელი დაუბრუნდა გამყიდველს, ხოლო გადახდილი თანხა შემსყიდველ პირებს. შემოწმების ამ ეტაპზე რაიმე დარღვევა არ დაფიქსირებულა. იმავე დღეს კომპანიაში დაიწყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რომელიც დასრულდა მეორე დღეს 2022 წლის 12 ოქტომბერს. ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად შედგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა აღწერითი ნუსხა.აღნიშნული ნუსხის შედგენისას 28 პოზიციაში აღმოჩენილ იქნა შეუსაბამობა ბუღალტრულ მონაცემებთნ.აქედან,10 პოზიციაში დაფიქსირდა პროდუქციის ზედმეტობა, საერთო ღირებულებით 13151.50 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო 18 პოზიციაში საერთო ღირებულებით 119809.40 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) დანაკლისი.

მომჩივანი განმარტავს, რომ მოცემული ციფრები და გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. ფაქტობრივად, როგორც ღირებულებითი, ასევე რაოდენობითი თვალსაზრისით. ყველა სასაქონლო- მატერიალური მარაგი მაღაზიაში შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვიანობის შედეგად გამოყვანილ ციფრებთან.კომპანია საქმიანობს ძვირადღირებული ევროპული ბრენდების პროდუქციის საცალო დისტრიბუციის სფეროში.ყველა სასაქონლო დასახელება იძლევა სათანადო იდენტიფიცირების საშუალებას და ყველა საქონლის რეალიზაცია აღირიცხება სათანადო ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე რაიმე ცდომილება რაოდენობის თვალსაზრისით პრაქტიკულად გამორიცხულია. ინვენტარიზაცია ჩატარებულ იქნა მაღაზიის კონსულტატი გოგონების მიერ, რის შედეგადაც დაშვებული იქნა მექანიკური უზუსტობები. რეალურად, ერთმა ჯგუფმა გაიმეორა მეორე ჯგუფის მიერ აღრიცხვა და ამის გამო საქონლის ნაშთებს დაემატათ ფაქტობრივად არარსებული ზედმეტობები. რაც შეეხება დანაკლისს, ეს პოზიციებიც ვერ იქნა იმ დროს და იმ მომენტში მაღაზიის საცავში კონსულტანტების მიერ ნაპოვნი, თუმცა ყველა დანაკლისი ადგილზე იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას და მათ საფუძველზე დარიცხული ფულადი ჯარიმების გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის N25837 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ------) სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის დაწყებამდე შპს „-----“ მენეჯერს (დირექტორის მინდობილი პირი) ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდგომ, შპს „------“ 2022 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. ინვენტარიზაციის დაწყებისას გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ასევე, გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ ჩაუტარებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია და შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელს დაევალა ხელწერილის დაწერა არადეკლარირებულ საანგარიშო პერიოდში (01.09.2022 - 11.10.2022) მიწოდებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობთან დაკავშირებით, სადაც დააფიქსირა, რომ აღნიშნული შეადგენდა 86118.40 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

2022 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივმა და რაოდენობრივმა ბუღალტრულმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 523 083.7 ლარი.

საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდი.

საბაჟო დოკუმენტაციის და ინვოისების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 642047.19 ლარი.

2022 წლის 1-10 თვეების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ის შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები, რომელმაც სულ შეადგინა 204918.2 ლარი.

2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით შეადგინა 78084.3 ლარი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორებით კი 126833.9 ლარი.

შპს ,,------’’ ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი მასზედ, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ, რომლის წევრებიც თვითონ არიან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია, აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 2 ნოემბერს ჩაბარდა მიმდინარე კონტროლის განხორციელების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწვეტილების პროექტი, რომლის პასუხადაც შპს ,,------" 2022 წლის 2 ნოემბერს წარმოადგინა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ პროექტს ეთანხმება სრულად და პრეტენზია არ გააჩნია.

ამდენად,ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 11809.40 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი,რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად განიხილება საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად აღმოჩენის მომენტში და ექვემდებარება დაჯარიმებას გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობითი-1180.94 ლარით. ინვენტარიზაციის შედეგად ასევე გამოვლინდა 13151.50 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ექვემდებარება დაჯარიმებას 50%-ის ოდენობითი - 6575.75 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგენილ იქნა 2022 წლის 2 ნოემბრის №007362 და №184116 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს, რომ შპს ,,------’’ საინვენტარიზაციო კომისიამ, რომლის წევრებიც თვითონ არიან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური დათვალა დაასრულა 2022 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო შედეგების გამოყვანა (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური და ბუღალტრული მონაცემების შედარება) ვერ დაიწყებოდა რაოდენობრივი ნაშთის წარმოდგენამდე ანუ 19 ოქტომბრამდე. ამდენად, საჩივარში აღნიშნული, თითქოსდა ,,ინვენტარიზაციის პროცედურების დასრულების შემდეგ ჩვენს მიერ გადამოწმებული ნუსხა მონიტორინგის თანამშრომლებს 2022 წლის 12 ოქტომბერს გადაეცათ და მათი მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული და არ გასწორდა არაზუსტი ციფრები“ არ შეესაბამება რეალობას. ასევე, შპს ,,-----’’ 2022 წლის 2 ნოემბერს ჩაბარდა მიმდინარე კონტროლის განხორციელების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწვეტილების პროექტი, რომლის პასუხადაც შპს ,,-----’’ 2022 წლის 2 ნოემბერს წარმოადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ პროექტს ეთანხმება სრულად და პრეტენზია არ გააჩნია.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი დოკუმენტები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით,რომლის პირველი ნაწილის მიხედვით,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია,თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება,ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში,სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი დოკუმენტები.მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი,რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად განიხილება საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად აღმოჩენის მომენტში და ექვემდებარება დაჯარიმებას გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობითი.ინვენტარიზაციის შედეგად ასევე გამოვლინდა საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ექვემდებარება დაჯარიმებას 50%-ის ოდენობითი .

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

269,286.