ბრძანება N 13847
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13847
19 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---------- მოქალაქე ----------ს (პასპ/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 7 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ----------ს (პასპ/ნ ----------) №97029/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 მაისის №EL211030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ---------- საკვებ პროდუქტებთან ერთად შემოიტანა 400 ღერი სიგარეტი პირადი მოხმარებისთვის, რაც წარმოადგენს პირველ შემთხვევას და გამოწვეულია არცდონით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში ---------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ----------. უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი ---------- განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 200 ღერი სიგარეტი და პროდუქტი. გამოკითხვის პროცესი ასახულია სამხრე ვიდეოკამერაზე.
ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ---------- და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე. რის შედეგად, სატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძლის ქვეშ არსებულ სათავსოში აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 400 ღერი (20 კოლოფი) სიგარეტი „ZUMREET“ აქციზური მარკის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.
ვინაიდან, ---------- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 28 მაისს შედგენილი №EL211030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანის ფაქტზე კი შედგა №AL044395 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა ---------- სასამართლოში (№21- 10-11/43311; 29/05/2023).
სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე სიგარეტი „ZUMREET“ - 400 ღერი (20 კოლოფი) შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №---------- ოქმი. ჩამორთმეული საქონელი დაილუქა №------- საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო დეკლარირებული 200 ღერი სიგარეტი ჩამორთმეული იქნა „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმის“ საფუძველზე.
---------- ხშირად (2023 წლის იანვრიდან 38 შესვლა/გასვლა) გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე. 2023 წლის 11 თებერვალს უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სიგარეტის შემოტანის ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენიდან მე-6 დღეს კი, 2023 წლის 3 ივნისს უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის შემოტანის ერთი ფაქტი და „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმის“ საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 320 ღერი (16 კოლოფი) სიგარეტი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილიია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით გამოყენებული იქნეს გაფრთხილება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე15 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებას გარკვეული მუხლებით დადგენილი სანქციის – ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოიყენოს პასუხიმგებლობის ისეთი ზომა, როგორიცაა გაფრთხილება. ნორმის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, მითითებული ნორმა პასუხიმგებლობის ზომის – გაფრთხილების ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოყენების ვალდებულებას კანონი არ ადგენს და საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას და არა ვალდებულებას. მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატურია და შემოსავლების სამსახურს მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----------ს (პასპ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საკვებ პროდუქტებთან ერთად შემოიტანა 400 ღერი სიგარეტი პირადი მოხმარებისთვის, და ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მოქალაქის შეჩერება და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება. რის შედეგად, სატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძლის ქვეშ არსებულ სათავსოში აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 400 ღერი (20 კოლოფი) სიგარეტი, აქციზური მარკის გარეშე. აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 27(1); 163(1); 168(3)