გადაწყვეტილება №82391/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 11.10.2023
№ დოკუმენტი 82391/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№82391/1/2023

11 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"- ის 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №82391/1/2023).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

დარიცხული თანხა: 1 091 180.33 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 561 989

დღგ - 80 801

საშემოსავლო გადასახადი - 481 188

ჯარიმა - 280 995

საურავი - 248 196.33

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №011-2646 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 3.06.2023 წლის №011-2023-088055 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;

4. შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ასახა 2022 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32816 ბრძანება და ამავე თარიღის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - გადასახადი - 555 911.76 ლარი, ჯარიმა - 280 995 ლარი, საურავი - 260 148.95 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 3 ივნისს გამოიცა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ №011-2023-088055 ბრძანება (1 097 128.39 ლარზე). საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არ განხორციელებულა.

ამასთან, 2023 წლის 7 ივნისის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი - 555 911.76 ლარი, ჯარიმა - 280 995 ლარი, საურავი - 260 585 ლარი) გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №011-2646 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (მის ბალანსზე) არსებულ ქონებას.

ზემოხსენებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანებით, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-629 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32816 ბრძანება და ამავე თარიღის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა გავრცელდა საჯაროდ 2023 წლის 23 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 12.04.2023 წელს. სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 22.06.2023 წელს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, 299-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მომჩივნის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს დირექტორი განმარტავს, რომ აქვს ავთვისებიანი სიმსივნე (წარმოდგენილია 22.08.2023 წლის №7412 ჯანმრთელობის ცნობა, რომლის მიხედვითაც პაციენტის დიაგნოზია: პროსტატის ადენოკარცინომა (ჯირკვლოვანი კიბო), რის გამოც ვერ შეძლო გაცნობოდა შეტყობინებებს. საწარმო 2019 წლიდან არის უმოქმედო და არ ელოდა დავალიანების დარიცხვას. დაუკავშირდნენ ტელეფონზე და სთხოვეს ჩაებარებინა წერილი საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით ან გაცნობოდა გადასახადის გადამხდელის ვებგვერდზე გამოგზავნილ შეტყობინებას. ითხოვა, რომ მეორე დღისთვის გადაედოთ წერილის გადაცემა, რადგან იყო პროცედურებზე, მაგრამ ამის შემდეგ არავინ შეხმიანებია. ავადმყოფობის გამო ოფისში პრაქტიკულად არ იმყოფებოდა, არც შემოსავლების სამსახურის გვერდზე ჰქონდა წვდომა. ამ ინფორმაციის შემდეგ, სასწრაფოდ აღადგინა პაროლი და გაეცნო საწარმოს სახელზე გამოგზავნილ შეტყობინებებს.

საგადასახადო შემოწმების ჩატარების პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მიიღო მასში სრულყოფილად მონაწილეობა, მისთვის არ იყო გაგზავნილი აუდიტორის მოხსენებითი ბარათი და საგადასახადო შემოწმების აქტი, თუმცა ბრძანებაში (19.12.2022 წლის №31902) წერია, რომ მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში შესაძლებელი იყო გასაჩივრება (თვითონ ბრძანებაში არავითარ დავალიანებაზე საუბარი არ არის). საწარმოს ვებგვერდზე გაგზავნილია 2022 წლის 26 დეკემბრის №006- 629 საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე, სადაც მითითებულია დავალიანება - ასტრონომიული თანხა. ამის, შემდეგ რაიმე ოფიციალური დასაბუთებული წერილი დავალიანების მოთხოვნით არ არის გაგზავნილი.

ვებგვერდზე ასევე დახვდა სხვა შეტყობინებებიც. კერძოდ, 1.05.2023 წლის შეტყობინება, რომ საწარმოს აქვს არაღიარებული დავალიანება, ხოლო მომდევნო 21.05.2023 წლის შეტყობინებაში კი დავალიანება მოხსენიებულია, როგორც აღიარებული. ამის შემდგომ, კი ვებგვერდზე გაგზავნილია საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალიანების შესახებ ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომლებსაც არ ეთანხმება.

საწარმოს დირექტორი არის 70 წლის ონკოლოგიური პაციენტი, უვლის მწოლიარე შვილს, რომელიც არის ინვალიდი (მე-10 სართულიდან გადმოვარდა), ასევე გარდაცვლილი ჰყავს ავტოავარიაში მეორე შვილი, ხოლო მეუღლე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სიმსივნით გარდაიცვალა.

ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას მისი და მისი ოჯახის მძიმე მდგომარეობა და მიეცეს წარმოშობილი დავალიანების გასაჩივრების შესაძლებლობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №"-------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი 2022 წლის 20 დეკემბრის აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2022 წლის 26 დეკემბრის №32816 ბრძანებას და ამავე თარიღის №006-629 საგადასახადო მოთხოვნას 30 დღის ვადაში არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტების ჩაბარება (გაეგზავნა 3-ჯერ, აქედან 2-ჯერ 2023 წლის 12 იანვარს და 7 თებერვალს, გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის მისამართზე: "-------" , ოფისი №2, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატს. მესამე გზავნილი გაიგზავნა შემდეგ მისამართზე: "------", თუმცა დაუბრუნდა გამგზავნს „მისამართზე არავინ იყო, ნომერზე არ უპასუხა“ საფუძვლით), ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 23 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 12.04.2023 წელს, რომლის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 12.05.2023 წელი, ხოლო სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 22.06.2023 წელს.

ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტაციას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2023 წლის 20 ივნისს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, შესაბამისად, სადავო აქტების წარდგენის თარიღად ითვლება აღნიშნული აქტების პირველად ჩაბარების თარიღი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღე, 12.04.2022 წელი.

მომჩივნის განმარტებით, ავადმყოფობის გამო ოფისში პრაქტიკულად არ იმყოფებოდა, არც შემოსავლების სამსახურის გვერდზე ჰქონდა წვდომა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 22.08.2023 წლის №7412 ჯანმრთელობის ცნობა, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ჯანმრთელობის ცნობა) გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სადავო აქტების ელექტრონულად გაცნობის თარიღიდან (20.06.2023 წელი). ვინაიდან, საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 22.06.2023 წელს, გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ჩაითვალოს.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები

ფაქტების აღწერა

2023 წლის 2 ივნისისა და 7 ივნისის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 ბრძანების საფუძველზე გადამხდელს საბანკო ანგარიშებზე წარედგინა საინკასო დავალებები (1 097 128.39 ლარზე), ხოლო 7.06.2023 წლის №011-2646 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის ქონებას.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 241-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 3 და 7 ივნისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 241-ე და 243-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და 7 ივნისის №011-2646 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალიანების შესახებ ბრძანებასა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას და ითხოვს მათ გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება, თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის და აღნიშნულის გამო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 3.06.2023 წლის №011-2023-088055 ბრძანებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №011- 2646 ბრძანების წარდგენის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება;

3. საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას მისი და მისი ოჯახის მძიმე მდგომარეობა და მიეცეს წარმოშობილი დავალიანების გასაჩივრების შესაძლებლობა.

2.მომჩივანი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალიანების შესახებ ბრძანებასა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას და ითხოვს მათ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 22.06.2023 წელს.

2. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 3 და 7 ივნისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 241-ე და 243-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და 7 ივნისის №011-2646 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებების გაუქმების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის და აღნიშნულის გამო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 3.06.2023 წლის №011-2023-088055 ბრძანებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №011- 2646 ბრძანების წარდგენის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

44,238,241,299,301.