გადაწყვეტილება №19927/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19927/2/2023
15 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 9.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19927/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32799 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12101 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 573 089,5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 281 273
დღგ - 107 608
მოგების გადასახადი - 47 450
საშემოსავლო გადასახადი - 126 215
ჯარიმა - 140 637
საურავი - 151 179,5
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 18.04.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2021 წლის
№024-69 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32799 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
აღნიშნულის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და გადასახდელ თანხას შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32799 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). შესაბამისად, გადაანგარიშებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12101 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გადაანგარიშების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინა წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე, ასევე ნაწილობრივ დოკუმენტაცია იყო არასრული. ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტების საფუძველზე, კომპანიას კრედიტორული/დებიტორული დავალიანებები და სალაროში ფულის ნაშთი არ ჰქონდა, ასევე არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა, ხოლო დავის ეტაპზე წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა (ORISI) სათანადოდ მოწესრიგებული არ იყო. რაც შეეხება გადამხდელის მოთხოვნას, რომ მის მიმართ გავრცელებულიყო კონკრეტული მეწარმის მიმართ დადგენილი ფასნამატი, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა მითითებული აღნიშნული ინდ. მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი, შემოწმების მიერ ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირება. რაც შეეხება საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და გადასახდელ თანხას შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, დავის ეტაპზე გადამხდელმა წარმოდგინა შედარების აქტი კომპანია ------------- სგან, რომელიც რეგისტრირებულია 7.05.2021 წელს, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ,საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს გადაწყვეტილების და მოთხოვნილი საკითხების ფარგლებში გაეგზავნა ბუღალტრული ბაზა ORISI ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე გაეგზავნათ ურთიერთშედარების აქტი სატრანსპორტო კომპანია შპს ------------ გაეგზავნათ ჩინეთში შეძენილ საქონელზე მომწოდებელთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომელიც ეხება შესამოწმებელ პერიოდს. შემოსავლების სამსახურს დავალებული ჰქონდა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, განეხილა და შეესწავლა გაგზავნილი მასალები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში კი დაეკორექტირებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა, რომლითაც საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შედეგები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
ამის შემდგომ გასაჩივრებული იქნა გადაანგარიშების შედეგების შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი მიზეზით: თითქოსდა აღნიშნული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა (ORISI) სათანადოდ მოწესრიგებული არ იყო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, იქიდან გამომდინარე, რომ მასში სრულყოფილად იყო ასახული ყველა ოპერაცია, რაც გადასახადის გადამხდელს განხორციელებული ჰქონდა. არ დაკმაყოფილების მიზეზად აგრეთვე აღნიშნულია, რომ საჩივარში არ იყო წარმოდგენილი მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი და შემმოწმებელმა ვერ შეძლო მისი იდენტიფიცირება, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აღნიშნული ინდ. მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი თან ერთვოდა მის სახელს და გვარს და პირველივე საჩივარში ეწერა 2-ჯერ. ამასთან, საჩივრის განხილვა განხორციელდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და შესაბამისად არ მოგვეცა შესაძლებლობა, ოპონირება გაგვეწია შემმოწმებლისათვის და სრულყოფილად წარმოგვედგინა პოზიცია საჩივართან მიმართებაში.
კატეგორიულად მიუღებელია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენება, რის საფუძველზეც შემოსავლები დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ბუღალტრულ პროგრამა ORIS-ში და აღნიშნული მონაცემების წარდგენა მოხდა მოთხოვნისთანავე, ამასთან ბუღალტრულ აღრიცხვაში სრულყოფილადაა წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის რეალიზაციები, შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის ჩამონათვალი, ამასთან ვინაიდან საზოგადოება იყენებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ე.წ. „პერიოდულ აღრიცხვას“. რეალიზებული პროდუქცია ჩამოწერილია ყოველთვიურად და ნაშთების იდენტიფიცირებაც ხდება აღნიშნული პერიოდების შესაბამისად.
ამასთან, თუ არ მოხდება აღნიშნულ ნაწილში არგუმენტების გათვალისწინება და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო შემოწმების ჩატარების ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დარჩება ძალაში, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ რომელი გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ მონაცემებზე დაყრდნობით იქნა განსაზღვრული 38%-იანი ფასნამატი, საგადასახადო შემოწმების გამჭვირვალეობის და სისწორის მიზნით უნდა განხორციელდეს ისეთი გადასახადის გადამხდელის მონაცემების გათვალისწინება, რომელიც ცნობილი იქნება მომჩივნისთვისაც, მაგალითად შეგვიძლია მოგიყვანოთ ი/მ ------------- (ს/ნ ----------), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა იმავე ტერიტორიაზე, კერძოდ --------- ბაზრობაზე, იმავე რიგში, სადაც შპს ------------- და იმავე საქმიანობას ახორციელებს, კერძოდ ჩინეთიდან ხდება ანალოგიური პროდუქციის (ნაჭრის ქსოვილები) იმპორტი და მისი ადგილობრივი რეალიზაცია ასევე ლილოს ტერიტორიაზე
ი/მ ------------ (ს/ნ ----------) მიმართ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, გამოყვანილია შედეგები და შედეგად ფასნამატი დადგენილი იქნა 26,6%-ის ოდენობით. აღნიშნული შედეგები დღეის მდგომარეობით წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას. ამ შემთხვევაში ლოგიკური იქნება გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული ფასნამატი. ამ პოზიციას ამყარებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დასახელებული ბაზრობის ტერიტორიაზე, მომიჯნავე ფართებში დასაქმებული გადამხდელებიც ახორციელებენ მსგავსი საქონლის რეალიზაციას და ბუნებრივია გარკვეული შემოსავლის მიღების და უარეს შემთხვევაში, თუნდაც საქონლის შესაძენად გაწეული ხარჯის დაფარვის მიზნით, შპს ----------- (ს/ნ -----------) დამოკიდებულია ბაზარზე დამკვიდრებულ
ფასნამატზე, უფრო მეტიც, აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში შემოთავაზებული ფასი გარკვეულწილად ნაკლებია სარეალიზაციო ფასზე, შესაბამისად ცხადია, ეკონომიკურ საქმიანობაში რეალურად გამოყენებული ფასნამატი ვერ ექნებოდა ის, რაც დადგინდა შემოწმებით მიღებული გაანგარიშებებით (38%).
შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ საგადასახადო შემოწმებისათვის გამოყენებული იქნას ისეთი საწარმოს მონაცემები, რომლის მონაცემები ცნობილია როგორც საგადასახადო შემოწმებისთვის, აგრეთვე მომჩივნისთვის, რათა არ მოხდეს ცალსახად, მხოლოდ საგადასახადო შემოწმების მხრიდან მონაცემების დამუშავება და მომჩივნის ჩართულობა მაქსიმალურად იქნას საგადასახადო შემოწმებისას, რითაც თავიდან იქნება აცილებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. აგრეთვე, დაცული იქნება ზოგადი სამართლის პრინციპი: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
კატეგორიულად მიუღებელია აუდიტორის შეფასება, რომლის მიხედვითაც საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და გადასახდელ თანხას შორის სხვაობა განხილულ იქნა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. როგორც აუდიტორმა ახსენა ბანკში ფიქსირდება საინვოისო გადასახდელი თანხის მხოლოდ ნაწილის გადახდა, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდილია ნაღდი ფულით, რის დასამტკიცებლადაც წარმოგიდგენთ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს: ჩინეთიდან პროდუქციის მომწოდებელთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, სადაც ასახულია, რომ აღნიშნული თანხის გადახდა კომპანიის მიერ განხორციელებულია სრულად, რასაც ადასტურებს მეორე მხარე, ზემოაღნიშნულიდან თანხის და თარიღის მითითებით, საიდანაც დადასტურდება, რომ კომპანიას სრულად აქვს გადახდილი აღნიშნული საქონლის შეძენასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავალიანება მომწოდებლისათვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32799 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში,აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები.
საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და გადასახდელ თანხას შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ).
აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №68557-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის ინვოისი - კომპანია -----------., რომელიც გადამოწმდა აუდიტის დეპარტამენტის საერთაშორისო ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგი) სამმართველოში, კომპანია რეგისტრირებული იყო 7.05.2021 წელს. ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყოს 18.04.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე, შესაბამისად არ მოხდა ინვოისის გათვალისწინება. რაც შეეხება საბუღალტრო პროგრამა (orisi) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე არ გააჩნდა საბუღალტრო პროგრამა ასევე დებიტორული და კრედიტოლური დავალიანება, დავის პროცესში წარმოდგენილი ბუღალტერია იყო შემოწმების დასრულების შედგომ აწყობილი, რომელიც არ იყო სრულყოფილი.
ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი სათანადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32799 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32799 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32799 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, და საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და გადასახდელ თანხას შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ).
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;161(1);159(1);101(1);154(1);