ბრძანება N 32198-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 28.10.2020
№ დოკუმენტი 32198-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32198

28/10/2020

-------------------

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 07 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა -------- ს №108241/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 მაისის №005-84 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ლიკვიდაციის დასრულების საანგარიშო პერიოდში ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდებად განხილვის საფუძვლით დღგ-ის ნაწილში თანხების დარიცხვას. საჩივარში განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ---- წლის ---- N --- განკარგულების საფუძველზე გადამხდელს გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაცია. გადამხდელი დღემდე იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ 2020 წლის თებერვლის თვეში არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების მიერ მითითებული ძირითადი საშუალებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ მიაჩნია დღგ-ის მიზნებისათვის აღნიშნული აქტივების მიწოდებად განხილვა.

ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია შეწყდეს კომპანიის ლიკვიდაციის რეჟიმი, მოხდეს რეორგანიზაცია და კომპანიამ განაგრძოს ფუნქციონირება შპს-ს სამართლებრივი ფორმით. შესაბამისად, ძირითადი საშუალებების რეალიზაციის საკითხი შესაძლებელია აღარც დადგეს. გადამხდელისთვის გაურკევევლია ასევე შემოწმების მხრიდან რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №15624 და 2020 წლის 19 მარტის №8386 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა --------- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 01 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 18 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 22 მაისის №13608 ბრძანება და 2020 წლის 22 მაისის №005-84 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 54629 ლარი, მათ შორის: გადასახადი 38705 ლარი, ჯარიმა 8141 ლარი, საურავი 7783 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

შემოწმებით დადგინდა, რომ ლიკვიდაციის დასრულების პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბალანსზე ერიცხებოდა 130261 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალება.

შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული განხილულ იქნა, როგორც ლიკვიდაციის დასრულების პერიოდში აქტივის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახამად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე და თანდართულ დოკუმენტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ---- წლის --- N--- განკარგულების საფუძველზე ----------- ს გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაცია. გადამხდელი დღემდე იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის პროცესი არ არის დასრულებული და საწარმო ჯერ კიდევ ლიკვიდაციის რეჟიმშია, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდებად განხილვის საფუძვლით დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ---------- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდებად განხილვის საფუძვლით დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ლიკვიდაციის დასრულების საანგარიშო პერიოდში ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდებად განხილვის საფუძვლით დღგ-ის ნაწილში თანხების დარიცხვას. გადამხდელი მიუთითებს, რომ ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია შეწყდეს კომპანიის ლიკვიდაციის რეჟიმი, მოხდეს რეორგანიზაცია და კომპანიამ განაგრძოს ფუნქციონირება შპს-ს სამართლებრივი ფორმით. შესაბამისად, ძირითადი საშუალებების რეალიზაციის საკითხი შესაძლებელია აღარც დადგეს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

შემოწმებით დადგინდა, რომ ლიკვიდაციის დასრულების პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბალანსზე ერიცხებოდა 130261 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალება.

შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული განხილულ იქნა, როგორც ლიკვიდაციის დასრულების პერიოდში აქტივის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში გადამხდელის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდებად განხილვის საფუძვლით დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16(1) 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“)