გადაწყვეტილება №22212/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 22212/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22212/2/2024

24 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22212/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №022-53 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.01.2024 წლის №313 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 41 772,45 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 21 600

საშემოსავლო გადასახადი - 21 439

ქონების გადასახადი - 161

ჯარიმა - 10 800

საურავი - 9 372,45

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების შეძენა-რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №022-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაცემული სესხის დაბრუნების მიზნით ჩარიცხულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე იყო თანდართული შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არის სრულყოფილი და საკმარისი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში თანხის კორექტირებისთვის (შემცირებისთვის). ი/მ ------- მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა შემოწმების მიერ დაიბეგრა ჩუქების სახით მიღებულ სარგებლად, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების საფუძველზე, მხარეები განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა უპროცენტო 6 თვიან სესხს. ი/მ ------- მიერ სესხის თანხა დაბრუნდა 2 თვის ვადაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშებით მოხდა შემოწმების მიერ დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №022-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.01.2024 წლის №313 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არის სრულყოფილი და საკმარისი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში თანხის კორექტირებისთვის (შემცირებისთვის). შემოწმებით, ი/მ ------- მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაიბეგრა ჩუქების სახით მიღებულ სარგებლად, ხოლო პირის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების საფუძველზე, მხარეები განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა უპროცენტო 6 თვიან სესხს, ი/მ ------- მიერ სესხის თანხა დაბრუნდა 2 თვის ვადაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად, საშემოსავლო გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი ზედმეტად დარიცხულ საურავთან მიმართებით საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველი სადავო საკითხია საგადასახადო სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შემოწმებას მომჩივნის კეთილსინდისიერებისა და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების არცოდნის/შეცდომის გამო, მეწარმე უნდა გაეთავისუფლებინათ საგადასახადო სანქციებისაგან. ნამდვილად არ იცოდა, რომ ჯართის ფიზიკური პირისაგან შეძენისას ამ ფიზიკური პირისათვის უნდა დაეკავებინა გაცემული შემოსავლის 3%. შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში მოცემული საკითხი მითითებულია, როგორც სადავო საკითხი, მაგრამ მასზე შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ უმსჯელია.

მეორე სადავო საკითხია საურავის ნაწილობრივ გაუქმება საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე2 ნაწილის საფუძველზე. პირველ სადავო საკითხში სანქციებისაგან არგათავისუფლების შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს საურავის ნაწილში კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით მეტობით დარიცხული საურავი: 9 372,45 - 7 926,37 = 1 446,08 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია, რომ მომჩივანი ზედმეტად დარიცხულ საურავთან მიმართებით საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, თუმცა სწორედ, რომ მომჩივანმა მიუთითა სხვაობის კონკრეტულ თანხაზე, რომელიც არ უნდა დარიცხვოდა საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანებით გაცემული სესხის დაბრუნების მიზნით ჩარიცხულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს განსაზღვრულ ვადაში მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ი/მ ------- მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა შემოწმების მიერ დაიბეგრა ჩუქების სახით მიღებულ სარგებლად, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების საფუძველზე, მხარეები განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა უპროცენტო 6 თვიან სესხს. ი/მ ------- მიერ სესხის თანხა დაბრუნდა 2 თვის ვადაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშებით მოხდა შემოწმების მიერ დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხის კორექტირება (შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ასევე ითხოვს დარიცხული საურავის შემცირებას. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.01.2024 წლის №313 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22185 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 298(2)