გადაწყვეტილება №18468/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.02.2023
№ დოკუმენტი 18468/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18468/2/2022

17.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18468/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ნოემბრის №27593 ბრძანების აღსრულების შედეგები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 4 ნოემბრის №000-1819 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29847 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 9 454 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №011-11088 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის 2022 წლის სექტემბრის თვის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის (24.10.2022 წელი), საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 9 454 ლარით. აღნიშნული ოქმი 2022 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 2 ნოემბრის №27593 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 4.11.2022 წლის №011-11088/1 ბრძანება და №000-1819 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა დარჩა უცვლელი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 4 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 30 ნოემბრის №29847 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ნოემბრის №27593 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის სექტემბრის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია eservices.rs.ge პორტალის ხარვეზის/ადამიანური შეცდომის გამო (კერძოდ, დეკლარაციების გადაგზავნაზე პასუხისმგებელ პირს არასწორად ახსოვდა, რომ დეკლარაციები გაგზავნა, რადგან გაგზავნას დააჭირა, მაგრამ გადაგზავნა მაინც ვერ მოხერხდა, როგორც შემდგომში გაირკვა) გაიგზავნა დაგვიანებით, 2022 წლის 17 ოქტომბრის ნაცვლად 2022 წლის 24 ოქტომბერს. აღნიშნული ხარვეზის გამო დაეკისრა ჯარიმა.

ბიუჯეტში ზედმეტობაში ჰქონდათ საშემოსავლო გადასახადის თანხაზე მეტი თანხა (ზედმეტობა - 235 338 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 189 093 ლარი). გარდა ამისა, იმავე დღეს გადახდილ იქნა დღგ-ის თანხა. დეკლარაციების შექმნის თარიღი არის 17.10.2022 წელი. გარდა ამისა, 17.10.2022 წელს ატვირთული და გასაგზავნად გამზადებული დეკლარაცია არ დაკორექტირებულა ამ თარიღის შემდეგ.

კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ბიუჯეტისთვის არასდროს დაუკლია გადასახადი, ყოველთვის რიცხავენ ზედმეტობით და ყოველთვის აქვთ ზედმეტობა ანგარიშზე.

2021 წლის დეკემბრამდე საწარმოს ჰყავდა სხვა ბუღალტერი, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან შეიცვალა მომსახურე საბუღალტრო გუნდი, რომლისთვისაც ეს პირველი შეცდომაა ამ დროის მანძილზე. გარდა ამისა, წინა შემთხვევაში უკუდაბეგვრის დღგ-ის დეკლარაცია იყო დაგვიანებული, ამ შემთხვევაში კი საშემოსავლო გადასახადის. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა და შეეფარდოს გაფრთხილება, რადგან პირველად ხდება მსგავსი შემთხვევა ამ გუნდის დროს და ადამიანური შეცდომა/პორტალ rs.ge-ს ხარვეზი იყო დეკლარაციების დროულად არ გამოგზავნის მიზეზი. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩება აღნიშნული ჯარიმა, თანხის ანაზღაურება დაეკისრება დეკლარაციების გადაგზავნაზე პასუხისმგებელ ბუღალტერს. ფიზიკური პირისთვის კი ამ სიდიდის თანხა კოლოსალურია.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ნოემბრის №27593 ბრძანებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

მომსახურების დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №-------21-11 წერილით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2.11.2022 წლის №27593 ბრძანებით დავალებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით (23.10.2022 წელი) 12 კალენდარული თვის განმავლობაში ჩადენილია იგივე ქმედება (2022 წლის 21 ოქტომბრის №011-10812 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი), განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს კომპანიის საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.