გადაწყვეტილება №24186/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.12.2024
№ დოკუმენტი 24186/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24186/2/2024

26 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 15.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24186/2/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება.

 

დარიცხული თანხა: 663 926 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 354 794

დღგ - 133 222

საშემოსავლო გადასახადი - 221 572

ჯარიმა - 175 982

საურავი - 133 150

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა, სარეკლამო მასალის ბეჭდვითი მომსახურება, ფლაერების, სავიზიტო ბარათების, ბანერების ბეჭდვა, ლაითბოქსების დამზადება/მონტაჟი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4149 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა წლების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები გადამხდელის დეკლარირების პროპორციულად ასახულ იქნა დასაბეგრ ბრუნვებში. მომჩივანს, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის (გადამხდელის ახსნა-განმარტებების, საბანკო ამონაწერის, თანხების მოძრაობის მონაცემების) გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30689 ბრძანება და №081-301 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 667 509 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 17 იანვრის №570 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 31.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

პირველ დავის საგანთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გაანგარიშებები);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის დასკვნა, 18.06.2024 წლის №14237 ბრძანება და №081-140 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 33 750 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 9.07.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

15.10.2024 წელს მომჩივანმა საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტის №22121/2/2024 გადაწყვეტილებით, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გაანგარიშებები);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტში დროულად იქნა წარდგენილი კომპანიის ის ხარჯები, რომლებზეც არ იყო გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ფიზიკური პირებიდან შესყიდვის აქტებით შეძენილი მასალები, ფიზიკურ პირების მიერ გაწეულ მომსახურებასა და შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი ხელშეკრულებები და შესრულების აქტები) და ისინი შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არ იყო ასახული, სულ 22 ფაილი, რითაც პრაქტიკულად შეასრულეს საბჭოს მიერ კომპანიაზე დაკისრებული დავალება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენასთან დაკავშირებით, რამდენადაც სხვა შეძენებზე, რომლებზეც გამოწერილი იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, წვდომა შემმოწმებლებს ისედაც გააჩნდათ.

აღნიშნულის მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით, არასრულყოფილად განხორციელდა შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). შესაბამისად აღნიშნულისა, საბჭოს 2024 წლის 15 მარტის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები გაასაჩივრეს დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ განიხილა წარდგენილი საჩივარი და მიღებულ გადაწყვეტილებაში (№23455/2/2024) ხაზგასმით აღნიშნა: „დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტის №22121/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაზრდა არამართლზომიერია. თუმცა, აღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.“ შესაბამისად, დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან არაერთი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად, ამ უკანასკნელი დავალების აღსრულება უკვე ორი თვეა არ ხდება. ახლახანს გადაანგარიშების განმახორციელებელი პირის მიერ დამატებით მოთხოვილ იქნა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე (2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე) საზოგადოების მიერ შეძენილი მასალებისა და სხვა ხარჯების გაშიფრულად წარდგენა, ამავე პერიოდის მიხედვით მიღებულ შემოსავლებთან უშუალოდ მიბმით (დაკავშირებით).

აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზით, მომჩივნის მიერ დადგენილი იქნა, რომ მისი შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია იმ მიზეზთა და გარემოებათა გამო, რომ 2023 წლის 21 თებერვალს კომპანიის სერვერზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად საწარმოს ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვისა და სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ამსახველი ყველა ინფორმაცია პრაქტიკულად წაშლილი და განადგურებულია და აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერჯერობით ვერანაირ კვალზე ვერ გადის.

შესაბამისად აღნიშნულისა, 2020 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული სამეურნეო ოპერაციების ხარჯების გაშიფვრა და დაკავშირება კომპანიის თითოეულ შემოსავალთან ინდივიდუალურად ფაქტობრივად შეუძლებელი და წარმოუდგენელია. შესაბამისად, ვერანაირად ვერ ახერხებენ კომპანიის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აღდგენას და მიწოდებას.

კიბერშეტევის შედეგად წაშლილი და განადგურებული მონაცემების პირობებში ეს ყველაფერი რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იქიდანაც გამომდინარეობს, რომ კომპანია მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად პრაქტიკულად ინდივიდუალურად მუშაობს თითოეული სარეკლამო ბანერების დამზადებასა და განთავსებაზე, რომელთა ზომების, მოცულობის, განთავსების ადგილების და სხვა ინდივიდუალურ მოთხოვნათა შესაბამისად სხვადასხვა ხარჯებია საჭირო.

ასე მაგალითად: სარეკლამო ბანერები, რომელიც დამზადებულია კლიენტის მოთხოვნით თეთრ ფონზე საქართველოს დროშითა და შესაბამისი სარეკლამო წარწერით, მოითხოვს 750 გრამამდე საღებავს, ხოლო იგივე ზომისა და ფორმის სარეკლამო ბანერი, რომელიც შესრულებულია შავ ფონზე იგივე საქართველოს დროშითა და შესაბამისი სარეკლამო წარწერით, მოითხოვს 1,5 კილოგრამამდე საღებავს.

შესაბამისად აღნიშნულისა, 2020 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალზე, რომელზეც გამოწერილია შესაბამისი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისი ჩანაწერით სარეკლამო ბანერების მიწოდება-განთავსება, შეუძლებელია ოთხ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ გაიხსენო და აღიდგინო, თუ რამდენი ბანერი იყო დამზადებულ თეთრ ფონზე და რამდენი შავ ფონზე, რათა მოხდეს შესაბამისი მასალების (საღებავების) გაწერა-მიკუთვნება შესაბამისი პერიოდის შემოსავალზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ბანერისთვის საჭირო სხვა მასალებზე. კერძოდ, ბანერის დასამზადებლად გამოყენებულ ხისა და რკინის მასალაზე.

ასევე მაგალითად, ბანერს, რომლის მოცულობა 2x2 მმ-ზეა, პრაქტიკულად ესაჭიროება 8 გრძივი მეტრი ხის მასალა რეიკის სახით, ან/და რკინის პროფილი, ხოლო ბანერს, რომლის მოცულობა 2x4 მმ-ზეა, პრაქტიკულად ესაჭიროება 12 გრძივი მეტრი ხის მასალა რეიკის სახით, ან/და რკინის პროფილი. შესაბამისად აღნიშნულისა, მყიდველზე გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, ოთხ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება აღნიშნული ხარჯების გაშიფვრაც.

აღარაფერს ამბობენ კომპანიის სხვა ხარჯების (მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, იჯარის, კომუნალური და სხვა ერთობლივი ხარჯების) გაშიფვრასა და თითოეულ შემოსავალზე ინდივიდუალურად დაკავშირებაზე.

ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო, ცხადია ვერ ახერხებენ აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შესაბამისი გაშიფვრების მიწოდების თაობაზე. მომჩივანი ითხოვს, დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 აგვისტოს №23455/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, დარიცხული თანხების სრულყოფილად კორექტირებას (შემცირებას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ადგილი აქვს დავების განხილვის საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2024 წლის დასკვნა, 20.12.2024 წლის №26739 ბრძანება და №081-243 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 251 573 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს დავების განხილვის საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას და შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს დავების განხილვის საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას და შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

306(2).