ბრძანება N 19672

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19672
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19672

09 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------------------ის (ს/ნ -------------------)

(მის.: -------------------------------------------;

იურ. მის: -------------------------------------)

2023 წლის 19 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ------------------ის (ს/ნ -------------------) №82411/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №CB1488854 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ საქონელს იღებს ზედნადებით, რომელიც დართულია საჩივარზე. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16670 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ი/მ ------------------ის (ს/ნ -------------------) სავაჭრო ობიექტში, (მდებარე ქ. თბილისი, ----------) განხორციელდა შერჩევითი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, კერძოდ აღრიცხული იქნა: პ/ხ ფქვილი „სმაკი“ 50კგ - 1.4 ტომარა.

ფაქტობრივი ნაშთების აღწერა დაიწყო 2023 წლის 11 ივლისს და დასრულდა იმავე დღეს. აღწერის მონაცემები შეტანილი იქნა შერჩევითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში (დანართი №22¹). გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით არ წარმოადგინა შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე სმფ-ის ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №22⁴) მიხედვით, კერძოდ მეწარმის მიერ 2023 წლის 12 ივლისს წარმოდგენილი იქნა დანართი N16 „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“, რის გამოც აღწერილი სმფ-ები ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 31-ე პრიმა მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად ჩაითვალა როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები.

აღნიშნულის გათვალისწინებით შევსებულ იქნა შერჩევითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ - დანართი №22⁵ და გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა სარეალიზაციო ფასით 70 ლარი, რაზეც ი/მ ------------------ის მიმართ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1488854 და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, სადავო ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები და არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება ი/მ ------------------ის (ს/ნ -------------------) მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები და არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება ი/მ ------------------ის (ს/ნ -------------------) მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ საქონელს იღებს ზედნადებით, რომელიც დართულია საჩივარზე. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16670 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელის სავაჭრო ობიექტში განხორციელდა შერჩევითი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია.

აღწერის მონაცემები შეტანილი იქნა შერჩევითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში (დანართი №22¹). გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით არ წარმოადგინა შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე სმფ-ის ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №22⁴) მიხედვით, კერძოდ მეწარმის მიერ 2023 წლის 12 ივლისს წარმოდგენილი იქნა დანართი N16 „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“, რის გამოც აღწერილი სმფ-ები ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 31-ე პრიმა მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად ჩაითვალა როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები.

აღნიშნულის გათვალისწინებით შევსებულ იქნა შერჩევითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ - დანართი №22⁵ და გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა , რაზეც მომჩივანის მიმართ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, სადავო ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები და არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8 (22); 49(1 „გ“ ); 70(1 „ა“); 72(1.2); 261; 269(1); 270(1.2); 286(4.11); 302(6);

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 31-ე პრიმა მუხლის მე-7 პუნქტი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის 2 პუნქტი;

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლი;