ბრძანება N 2717

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 14.02.2023
№ დოკუმენტი 2717
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2717

14.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 31 აგვისტოს საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 31 აგვისტოს №158300/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის 30 დეკემბრის №086-93 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის კუთვნილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ინახავდა დირექტორის დედის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 2019 წლის 19 მარტს მთლიანად დაიწვა და ბუნებრივია, განადგურდა შპს „----------“ სმფ-ები, რომელთა თვითღირებულება შეადგენდა 350 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და დარიცხული თანხების კორექტირებას წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16565 და 17 დეკემბრის №39160 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 12 აპრილიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 30 დეკემბრის №42310 ბრძანება და ამავე თარიღის №086-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 944 071 ლარი, მათ შორის, გადასახადი 522 853 ლარი, ჯარიმა 260 955 ლარი და საურავი 160 263 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს „----------“ სავაჭრო ფართის სიმცირის გამო შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გარკვეულ ნაწილს ინახავდა კომპანიის დამფუძნებლის დედის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 2019 წლის 19 მარტს მომხდარი ხანძრის გამო მთლიანად დაიწვა და განადგურდა შპს „----------“ კუთვნილი 350 000 ლარის ღირებულების სმფ-ები. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას, ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების ჩამოწერის შესაძლებლობის თაობაზე, საჩივარს თან ურთავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ---------- საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნას. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია ფასნამატის გაანგარიშების მეთოდიკა და შემოწმებას მისთის არ წარუდგენია ფასნამატის გაანგარიშების დოკუმენტები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დასკვნა შეეხება „----------“ მუნიციპალიტეტის „----------“-ში, „----------“-ის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის კერის ზონის და ასევე, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ხანძარი გაჩნდა 2019 წლის 19 მარტს, ხოლო დასკვნა შედგენილია 2019 წლის 27 მარტს. საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია 2021 წლის 28 მაისის №16565 და 17 დეკემბრის №39160 ბრძანებების საფუძველზე და საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 2021 წლის 24 დეკემბერს. ამდენად, წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არ დასტურდება შპს „----------“ მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების „----------“-ში ტრანსპორტირების ფაქტი. ამასთან, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის კუთვნილი სმფ-ების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში,„----------“-ს საცხოვრებელ სახლში შენახვის ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №086-93 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს. ხოლო, მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მის მიმართ შედგენილ 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტს, „გადასახადების/გადასახდელებისა და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №42310 ბრძანებასა და ამავე თარიღის №086-93 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2022 წლის 11 იანვარს, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 31 აგვისტოს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანი ვერ ადასტურებს გასაჩივრების ვადის დარღვევას მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №086-93 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №086-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და დარიცხული თანხების კორექტირებას წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სავაჭრო ფართის სიმცირის გამო შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გარკვეულ ნაწილს ინახავდა კომპანიის დამფუძნებლის დედის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 2019 წლის 19 მარტს მომხდარი ხანძრის გამო მთლიანად დაიწვა და განადგურდა კომპანიის კუთვნილი 350 000 ლარის ღირებულების სმფ-ები. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას, ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების ჩამოწერის შესაძლებლობის თაობაზე, საჩივარს თან ურთავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნას. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია ფასნამატის გაანგარიშების მეთოდიკა და შემოწმებას მისთის არ წარუდგენია ფასნამატის გაანგარიშების დოკუმენტები. წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ხანძარი გაჩნდა 2019 წლის 19 მარტს, ხოლო დასკვნა შედგენილია 2019 წლის 27 მარტს. საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია 2021 წლის 28 მაისის №16565 და 17 დეკემბრის №39160 ბრძანებების საფუძველზე და საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 2021 წლის 24 დეკემბერს. ამდენად, წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანი ვერ ადასტურებს გასაჩივრების ვადის დარღვევას მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №086-93 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6); 301(ე)