გადაწყვეტილება №24236/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.12.2024
№ დოკუმენტი 24236/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24236/2/2024

11 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------ი“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 1.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24236/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №041-47 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23322 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 554 189,71 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 305 977

დღგ - 167 800

მოგების გადასახადი - 135 380

საშემოსავლო გადასახადი - 2 797

ჯარიმა - 149 460

საურავი - 98 572,71

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა ----- ბაზრობის ტერიტორიაზე. გადამხდელს უფიქსირდება, როგორც ადგილობრივი შეძენები, ისე იმპორტი ----დან და ------დან.

აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 6.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №041-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

16.04.2024 წელს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 931 411 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ 762 121 ლარი. ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა პროგრამა ორისი, რომელიც არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ, პროგრამაში არ იყო შეყვანილი საქონლის დასახელებები და რაოდენობები. დაფიქსირებული იყო მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის თანხები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დოკუმენტური ფასნამატის დადგენის მიზნით, გადამხდელის მიერ განხორციელდა დოკუმენტური რეალიზაციებისა და შეძენების დაკავშირება. შედეგად, სმფ-ების 7 ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, თითოეული საქონლის ღირებულება დაუკავშირდა იმავე საქონლის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასს (საშუალო შეწონილს) და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი.

აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა გადამხდელის მიერ გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმო საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისში ------ ბაზრობის ტერიტორიაზე. საქონლის რეალიზაცია ხდება როგორც საცალო ასევე საბითუმო მიწოდების გზით. შემოწმების დროს აუდიტორის მიერ, კომპანიის შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით, რასაც მომჩივანი არ ეთანხმება. კომპანიის შემოსავალი გაყოფილიყო საცალო და საბითუმო რეალიზაციად, რა შემთხვევაშიც წარდგენილია ფასნამატის გაანგარიშება ცალ-ცალკე. შპს ------ი საქონლის ძირითადი ნაწილის შეძენას ახორციელებს ------ში, იმპორტის გზით შემოაქვს საქართველოში, ხოლო შემდეგ ახდენს მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში არ იყო შეყვანილი საქონლის დასახელებები და რაოდენობები. დაფიქსირებული იყო მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის თანხები. 16.04.2024 წელს გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ ჩატარებულია საქონლის მოძრაობის ანალიზი და დადგენილია დოკუმენტური ფასნამატი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რომელიც ნაკლებია ვიდრე ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ფასნამატი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებულია საანგარიშო პერიოდის საბაჟო დეკლარაციები, არარეზიდენტი მომწოდებლისგან საქონლის შეძენის ინვოისები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი აქვს სულ 631 350 ლარი, მ.შ. „-------“-სთვის 554 539 ლარი და „---------“-სთვის 76 810 ლარი. შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის შეძენა, ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ავანსს. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.

არარეზიდენტ მომწოდებლებზე ზედმეტად გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით, დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი თანხები, წარმოადგენს არარეზიდენტ მომწოდებლებზე გაცემულ უპროცენტო სესხს და მისი მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის მოგების გადასახადით დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლიდან კომპანია სხვადასხვა დასახელების საქონელს ყიდულობს -----ში. კომპანიის ძირითადი მომწოდებელს წარმოადგენს --------- -----ი (1 1 786 509 ლარის იმპორტი), რომელთანაც გადარიცხული ავანსის თანხა 554 539 ლარი და --------- ----ი ( 493 833 ლარის იმპორტი) რომელთანაც გადარიცხული ავანსის თანხა 76 810 ლარი, ორივე კომპანიის შემთხვევაში გადარიცხული ავანსის თანხა ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიას გადარიცხული ავანსის თანხებთან დაკავშირებით გააჩნია შედარების აქტები. დღეის მდგომარეობით უკვე განხორციელდა საქონლის იმპორტი და არის საბაჟო იმპორტის დეკლარაციები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადარიცხული ავანსის თანხის სესხად დაკვალიფიცირება არ მიაჩნია სამართლიანად. იმპორტის დროს კომპანია მიიღებს დღგ-ს ჩათვლის საშუალებას, მაგრამ დარიცხული ჯარიმა წარმოადგენს დიდი საგადასახადო ტვირთს კომპანიისთვის, რომელსაც არ ეთანხმება და მიაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის საბაჟო დეკლარაციების, არარეზიდენტი მომწოდებლისგან საქონლის შეძენის ინვოისების, საბანკო ანგარიშების ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი ჰქონდა სულ 631 350 ლარი, მ.შ. „---------“-სთვის 554 539 ლარი და „------------“-სთვის 76 810 ლარი. შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის შეძენა, ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ავანსს. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება. თუმცა, მომჩივანს აქვს არგუმენტი ამ საკითხთან დაკავშრებით და განმარტავს, რომ კომპანიას გადარიცხული ავანსის თანხებთან დაკავშირებით გააჩნია შედარების აქტები. ამასთან, დღეის მდგომარეობით უკვე განხორციელდა საქონლის იმპორტი და არსებობს საბაჟო დეკლარაციები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23322 ბრძანება;

3. არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადარიცხული თანხის უპროცენტო სესხად განხილვის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 6.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №041-47 საგადასახადო მოთხოვნა.საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 931 411 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ 762 121 ლარი. ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა პროგრამა ორისი, რომელიც არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ, პროგრამაში არ იყო შეყვანილი საქონლის დასახელებები და რაოდენობები. დაფიქსირებული იყო მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის თანხები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმებამ შეისწავლა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის საბაჟო დეკლარაციები, არარეზიდენტი მომწოდებლისგან საქონლის შეძენის ინვოისები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი აქვს სულ 631 350 ლარი, შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის შეძენა, ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ავანსს. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და არარეზიდენტ მომწოდებლებზე ზედმეტად გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო ოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ასევე, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით, დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის №041-47 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №23322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ხოლო,არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვის ნაწილში გადასახადის გადამხდელის უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“9 „ბ“); 982(3 „ზ“); 983(1); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);