ბრძანება N 19657

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.09.2025
№ დოკუმენტი 19657
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 19657

08 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 31 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 65) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) N 97258/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისის N EL289924 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 9 ივლისს შეივსო წინასწარი დეკლარაცია, რომელშიც მეორე პოზიციაზე მითითებული ----- პლასტმასის ნაწარმი ინვოისში არსებული პრეფერენციული ჩანაწერით გათავისუფლებული იყო იმპორტის გადასახადისგან. დეკლარაციაზე შეირჩა ყვითელი დეფერანი და დოკუმენტების გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ტვირთს არ ახლდა ორიგინალი ინვოისი. მებაჟე ოფიცერმა მოითხოვა ორიგინალი ინვოისის წარდგენა, რომელიც კომპანიას ხელთ არ ქონდა და კომპანია დაჯარიმდა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მომწოდებელმა კომპანიამ შეიყვანა შეცდომაში, რომ ტვირთს თან ექნებოდა ორიგინალი ინვოისი და მოახდინა დეკლარაციაში პრეფერენციული ჩანაწერის გამოყენება. მოთხოვნის შემდეგ მომწოდებელმა გამოაგზავნა ორიგინალი ინვოისი, რომელიც წარადგინა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ და იმპორტის გადასახადი შემცირდა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებით სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 9 ივლისს, მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემაში „eCustoms“ დაშვებული პირის – შპს „-----“-ის (ს/ნ -----) მიერ შევსებული N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით მის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონით 13 516.41 კგ, საერთო საბაჟო ღირებულება 477 909.91 ლარი). საბაჟო დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე დეკლარირებულ იქნა პლასტმასის ნაწარმი (სეს ესნის კოდი ----- საბაჟო ღირებულება 8 525.03 ლარი, საერთო წონა 52.10 კგ), რომლის შესაბამის 36-ე გრაფაში პრეფერენციული წარმოშობის კოდად მითითებულ იქნა „380“ (-----) და აღნიშნული საქონელი წარმოშობის დეკლარაცის საფუძველზე გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან (შესაბამისად დაერიცხა მხოლოდ დღგ – 1 534.51 ლარი).

 

დეკლარირებული საქონელი N -----/--AFM----- სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა 2025 წლის 10 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, სადაც საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი დაექვემდებარა გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით. შესაბამისად, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, დეკლარაციის 53-ე გრაფაში დანიშნულების საბაჟო ორგანოს შესახებ ინფორმაციის (-----, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“) ასახვით გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ დანიშნულებით.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა, რომ თანხმლებ დოკუმენტებში არ იყო დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელთან მიმართებაში გამოყენებული წარმოშობის დეკლარაციის (ინვოისის) დედანი შესაბამისი პრეფერენციული ჩანაწერით.

2025 წლის 11 ივლისს შპს „-----“-ის N -----/21-10-21 განცხადებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ დეკლარანტი დროის მოკლე მონაკვეთში ვერ უზრუნველყოფდა წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის წარმოდგენას და ითხოვა საქონლის გაფორმების ფორმალობების დასრულება აღნიშნული დოკუმენტის გაუთვალისწინებლად (პრეფერენციის – საგადასახადო შეღავათის გავრცელების გარეშე). შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე, 2025 წლის 11 ივლისს N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება, დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელს დაერიცხა იმპორტის გადასახადი (1 023 ლარი) და შესაბამისი დღგის თანხა (სულ დარიცხული დღგ – 1 718.65 ლარი) და საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის A----- მინიჭებით საქონელი გაშვებულ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დეკლარანტმა ვერ უზრუნველყო დეკლარირებისას ელექტრონულად წარდგენილი წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, რითიც დარღვეულ იქნა საქართველოს საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 11 ივლისს შედგენილ იქნა N EL289924 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“-ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

2025 წლის 25 ივლისს, შპს „-----“-ის (ს/ნ -----) მიმართვისა და მის მიერ წარმოდგენილი პრეფერენციული დოკუმენტის საფუძველზე, N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი ცვლილება და დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელზე გავრცელდა საგასადახადო შეღავათი (დეკლარაციის 36-ე გრაფაში კოდის „150“ – საქონელი წარმოშობილია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში – მითითებით, საქონელს მოეხსნა იმპორტის გადასახადი და შეუმცირდა შესაბამისი დღგ-ის თანხა).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილი კი მიუთითებს, რომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილ ან/და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ ნებისმიერ ინფორმაციაზე.

ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის მიზნისთვის პირი ვალდებულია ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლისა, საბაჟო ორგანოსთვის მისაღები და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ საქონლის საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ამ დეკლარაციის „eCustoms“-ში რეგისტრაციისას, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, თუ დოკუმენტის საბაჟო ორგანოსთვის ელექტრონულად წარდგენისას მისი მატერიალური ფორმით წარდგენა სავალდებულო არ არის, – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივანმა ვერ უზრუნველყო დეკლარირებისას ელექტრონულად წარდგენილი წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებით სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა, რომ თანხმლებ დოკუმენტებში არ იყო დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელთან მიმართებაში გამოყენებული წარმოშობის დეკლარაციის (ინვოისის) დედანი შესაბამისი პრეფერენციული ჩანაწერით. კომპანიამ განცხადებით აცნობა საბაჟო ორგანოს, რომ დეკლარანტი დროის მოკლე მონაკვეთში ვერ უზრუნველყოფდა წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის წარმოდგენას და ითხოვა საქონლის გაფორმების ფორმალობების დასრულება აღნიშნული დოკუმენტის გაუთვალისწინებლად (პრეფერენციის – საგადასახადო შეღავათის გავრცელების გარეშე). საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება, დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელს დაერიცხა იმპორტის გადასახადი და შესაბამისი დღგ-ის თანხა და საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებით საქონელი გაშვებულ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან. მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

დადგენილია, რომ მომჩივანმა ვერ უზრუნველყო დეკლარირებისას ელექტრონულად წარდგენილი წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 175.