გადაწყვეტილება N 25267
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25267
11 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 25 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ოქტომბრის (ოქმი №104) სხდომაზე განიხილა უცხოური საწარმოს ფილიალი „------------“-ს (ს/ნ ------------) №161471/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №011- 2023-152799 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 309799.11 ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით ფილიალმა 21 სექტემბერს 12:38 წუთზე ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხა 500 000 ლარი. ამავდროულად, შემოსავლების სამსახურის მიერ ფილიალის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალება და ორი ბანკის ანგარიშებიდან ჩამოიჭრა 297534.43 და 12253.68 ლარი. ფილიალი არ ეთანხმება საინკასო დავალებით საბანკო ანგარიშებიდან თანხის ჩამოწერას, ვინაიდან ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის გადარიცხვა უკვე განხორციელებული იყო, როდესაც საინკასო დავალებით თანხები ჩამოიჭრა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით და ბანკების მიერ გაცემული ცნობებით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ფილიალის მიერ თანხის გადარიცხვა განხორციელდა 12:38 წუთზე, ხოლო საინკასო დავალებით სს --------- ბანკიდან თანხა ჩამოიჭრა 13:07 წუთზე, ხოლო ------- ბანკიდან 13:12 წუთზე, მას შემდეგ, რაც თანხა კომპანიის მიერ გადარიცხული იყო ბიუჯეტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას და ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „სს ---------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 229047.62 ლარი, საურავი 80740.49 ლარი და ზედმეტობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში - 100 ლარი (21 სექტემბერს აღიარებული ვალი შეადგენდა: გადასახადი 342033.45 ლარს, საურავი 80855.01 ლარს).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2023 წლის 21 სექტემბრის №011-2023-152799 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ (309788.11 ლარზე). აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე იმავე დღეს ჩამოეწერა 309788.11 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა:
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ უცხოური საწარმოს ფილიალს „სს ----------“-ს (ს/ნ ---------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უცხოური საწარმოს ფილიალის „სს ---------“-(ს/ნ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საინკასო დავალებით საბანკო ანგარიშებიდან თანხის ჩამოწერას, ვინაიდან ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის გადარიცხვა უკვე განხორციელებული იყო, როდესაც საინკასო დავალებით თანხები ჩამოიჭრა.
ფაქტობრივი გარემოებები
უცხოური საწარმოს ფილიალი 2023 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(5);238(1ე);243(1,4);