გადაწყვეტილება №20010/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.08.2023
№ დოკუმენტი 20010/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20010/2/2023

01 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------- 20.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20010/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.07.2022 წლის №20077 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №056-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №12106 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 56 651,07 ლარი.

მათ შორის:

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 25 514

ჯარიმა - 11 943

საურავი - 19 194,07

 

ფაქტების აღწერა/პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 1 ივნისის №17172 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 28 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/ შემცირების შესახებ 2021 წლის 3 აგვისტოს №25458 ბრძანება და 2021 წლის 4 აგვისტოს №056-63 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის (სხვა საშენი მასალა (ბაზალტი) მოპოვების ლიცენზიებს N----------, N----------, N----------, N----------, N----------, N----------, N----------). შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშებები, სადაც გადახდას დაქვემდებარებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა შეადგენს 56 865 მ 3 , ხოლო მოსაკრებლის თანხა შეადგენს

39 806 ლარს.

შემოწმების შედეგად დგინდება ეტაპობრივად მეწარმის მიერ ბუნებრივი რესურსების ფაქტიური მოპოვება. შესაბამისად, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, მოსაკრებელი გამოანგარიშდა როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი რაოდენობით და ათვისების გეგმის პერიოდების მიხედვით, ისე ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით (ისეთ შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივი მოპოვება აჭარბებდა გეგმიურს).

გაანგარიშებების მიხედვით გადამხდელის მიერ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მოცულობამ შეადგინა 66 848 მ 3 , ხოლო მოსაკრებლის თანხამ 65 319 ლარი. მომჩივანს დაერიცხა მოსაკრებელი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.

აღნიშნული დარიცხვა 2021 წლის 17 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 27 ოქტომბრის №33828 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 11 თებერვლის №14991/2/2021 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 27 ოქტომბრის №33828 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 14 ივლისს გამართულ სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 11 თებერვლის №14991/2/2021 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და ამავე სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20077 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით. ხოლო შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20077 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 2023 წლის 28 მარტის №056-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12106 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის N20077 ბრძანების მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით. აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელო ითვალისწინებს გეგმური და ფაქტიურად მოპოვებული წიაღისეულზე მოსაკრებლის დარიცხვის წესს, რომელიც განსხვავდება შემოწმების აქტით განსაზღვრული შედეგისაგან. შესაბამისად მიაჩნია, რომ მოსაკრებლის დარიცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნას აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელო.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხების ხელახლა შესწავლა, მოხდეს დარიცხვის გადაანგარიშება შესაბამისი წესით. დარჩენილი ძირის გადახდა მოხდება 10 კალენდარულ დღეში გადაანგარიშებიდან. სანქციის ნაწილში ითხოვს პატიებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის N20077 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, ვერ ხდება ლიცენზიების მიხედვით იდენტიფიცირება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20077 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 27.07.2022 წლის №20077 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის (სხვა საშენი მასალა (ბაზალტი) მოპოვების ლიცენზიებს.შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშებები. შემოწმების შედეგად დგინდება ეტაპობრივად მეწარმის მიერ ბუნებრივი რესურსების ფაქტიური მოპოვება.მოსაკრებელი გამოანგარიშდა როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი რაოდენობით და ათვისების გეგმის პერიოდების მიხედვით, ისე ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით (ისეთ შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივი მოპოვება აჭარბებდა გეგმიურს). მომჩივანს დაერიცხა მოსაკრებელი და დაეკისრა გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელო