გადაწყვეტილება № 104472/1/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 104472/1/2026
05 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,----- 1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 8.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №104472/1/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 ივნისის №005-123 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 აგვისტოს №18782 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 201 142.13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 129 889
დღგ - 60 070
საშემოსავლო გადასახადი - 69 819
ჯარიმა - 64 944
საურავი - 6 309.13
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით ვაჭრობა ------ ბაზრობაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №6356 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2025 წლის 10 ნოემბრიდან 2026 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 9 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საბუღალტრო დოკუმენტაცია. სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმო პროდუქციის შეძენას ახორციელებს იმპორტის, ხოლო რეალიზაციას საცალო გზით. შემოწმების პროცესში კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა როგორც საქონლის ნაშთი, ასევე რეალიზაციის ფასიც. შემოწმების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საბაზრო ფასისა და შეძენის ღირებულების შეპირისპირებით დადგინდა, რომ საწარმოს საშუალო ფასნამატი შეადგენს 130%-ს. კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული ფასნამატით განისაზღვრა საწარმოს შემოსავალი, დადგინდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 ივნისის №13413 ბრძანება და №005-123 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 201 142.13 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 20 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 19 აგვისტოს №18782 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 158- ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ასევე, მართლზომიერია გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატის გავრცელება და აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს ზედნადებით გაწერილი საქონლის ფასით გაყიდულ საქონელზე არ მოხდეს 130%-იანი ფასნამატის გავრცელება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის)შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების პროცესში საწარმოში ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა როგორც საქონლის ნაშთი, ასევე რეალიზაციის ფასიც. გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საბაზრო ფასისა და შეძენის ღირებულების შეპირისპირებით დადგინდა, რომ საწარმოს საშუალო ფასნამატი შეადგენს 130%-ს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გავრცელებულია დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, ზედნადებით რეალიზებულ საქონელზე არ არის გავრცელებული ფასნამატი.
ასანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2025 წლის 10 ნოემბრიდან 2026 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებზე.
გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საბუღალტრო დოკუმენტაცია. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმო პროდუქციის შეძენას ახორციელებს იმპორტით, ხოლო რეალიზაციას საცალო გზით. ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგინდა საქონლის ნაშთი და რეალიზაციის ფასი, ხოლო საბაზრო ფასისა და შეძენის ღირებულების შეპირისპირებით საწარმოს საშუალო ფასნამატმა შეადგინა 130%.
კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მიღებული ფასნამატის საფუძველზე, რის შედეგადაც დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, საერთო ჯამში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 201 142.13 ლარი.
საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);158;159;163;164;101;154;