გადაწყვეტილება №20631/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20631/2/2023
28 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) „---“ (ს/ნ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) „---“-ის 21.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20631/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22112 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №005-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19368 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 240 400,67 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 610 576
ჯარიმა - 330 481
საურავი - 299 343,67
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: ამხანაგობა გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის ოქტომბერში. ამავე პერიოდში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
შემოწმების პროცესში ელექტრომომარაგების კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ ამხანაგობის ზოგიერთი წევრის (მომავალი მესაკუთრეების) მიერ შესამოწმებელი პერიოდების გარკვეული თარიღებიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ ქონება ჯერ არ აქვთ მიღებული ინდივიდუალურ საკუთრებაში, ხდება ამხანაგობის მიერ აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების საცხოვრებლად გამოყენება ანუ მომავალი საკუთრების ფაქტობრივი განკარგვა.
ამხანაგობის მიერ, ამხანაგობის წევრების მიერ ფართების საცხოვრებლად ფაქტიური გამოყენების მომენტი არ არის მიჩნეული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ამხანაგობის წევრის მიერ საცხოვრებელი ფართით ფაქტიური სარგებლობის დაწყების მომენტი (დადგინდა ელექტრომომარაგების კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლით) საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაითვალა ამხანაგობის მიერ დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით შემოწმების მიერ, საბაზრო ფასის პრინციპის გათვალისწინებით დადგინდა აღნიშნული დასაბეგრი ოპერაციების თანხა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახდო ვალდებულებები დღგ-ში და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2021 წლის №005-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22112 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით განსაზღვროს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დრო და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22112 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს არასაკმარის და წინააღმდეგობრივ მონაცემებს, რომლებიც არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში დაცულ მონაცემებს, ვერ ადასტურებს გადამხდელის საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №005-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19368 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავდა არასაკმარის და წინააღმდეგობრივ მონაცემებს, რომლებიც არ შეესაბამებოდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, ასევე ვერ ადასტურებდა საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ამასთან, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამატებით წარმოადგენდა საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას, თუმცა საჩივრის განხილვის დღემდე არ წარმოუდგენია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) „---“ (ს/ნ ---) შექმნილია არაკეთილსინდისიერი მშენებლისგან დაზარალებული ფიზიკური პირების მიერ, რომლებსაც სახელმწიფომ სიმბოლურ თანხად და გარკვეული ვალდებულების სანაცვლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. დღეის მდგომარეობით სრულად არ არის შესრულებული სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები და ასევე არ არის დასრულებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აღნიშნულის გამო ამხანაგობის მიზანი ამ ეტაპზე მიღწეული არ არის და ჯერ ამხანაგობის წევრებზე ბინები არ გადაცემულა.
აღნიშნული მდგომარეობის მიუხედავად, რიგი ამხანაგობის წევრები გახდნენ ---ის აბონენტები და საკუთარი რისკით ახორციელებენ მომავალი საკუთრების გარემონტებას, თუმცა ეს მათი რისკია და ვერ ჩაითვლება საკუთრების სრულფასოვან განკარგვად.
შემოწმების აქტში მოყვანილი დარიცხვების საფუძველი ზემოაღნიშნული მიზეზის გარდა, შეიცავს არსებით უზუსტობებს და რიგ შემთხვევაში მხოლოდ შემმოწმებლებისთვისაა ცნობილი. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი ელექტრომომარაგების კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციასთან შეჯერებაზე რაიმე დანართი და საბაზრო ფასის პრინციპის განსაზღვრაზე რაიმე დოკუმენტი. მათი ერთობლიობა განსაზღვრავს დარიცხვის არითმეტიკულ სისწორეს და გადასახადის გადამხდელს არ ეძლევა შესაძლებლობა დაადგინოს, რომელი ბინები იქნა განსაზღვრული როგორც ფაქტიურ სარგებლობაში მიღებული და ხომ არ არის ამ ბინების სიაში ის ფართები, რომლებიც ამხანაგობის მიერ გასხვისებული იქნა მშენებელზე, დაბეგრილი იქნა დღგ-ით, მაგრამ საჯარო რეესტრში კვლავ ირიცხება ამხანაგობის სახელზე.
საჩივარში სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების დაზუსტება იყო მოთხოვნილი, რომელიც გადაანგარიშების აქტში საერთოდ არ არის ასახული და შემოსავლების სამსახურმაც ფორმალურად განიხილა საჩივარი, რასაც მათი ზემოაღნიშნული მოტივაციაც ადასტურებს. ეს მოტივაცია უსაფუძვლოა, რადგან წარდგენილ დოკუმენტაციაში არის დღეის მდგომარეობით მოპოვებული ისეთი დოკუმენტაცია, როგორიცაა მშენებლის ---ის მიერ 13.07.2015 წელს გაყიდული №58 ბინაზე ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც ამხანაგობამ დაბეგრა მშენებელზე რეალიზაციის მომენტში, №16 ბინაზე რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება სხვა მესაკუთრე და სხვა დოკუმენტები, რომლებიც უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული. უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №1143 ბრძანება და მოხდეს 30.01.2023 წლის №005-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22112 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით განსაზღვროს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დრო და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს არასაკმარის და წინააღმდეგობრივ მონაცემებს, რომლებიც არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში დაცულ მონაცემებს, ვერ ადასტურებს საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ამხანაგობამ სიმბოლურ ფასად მიიღო მიწა, რომელზეც უნდა აშენებულიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი. საცხოვრებელი ბაღი უნდა გადაეცა ქალაქ ----სთვის. საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში შესული არ არის. ამხანაგობის წევრების ნაწილმა დაიწყო ბინებში შესახლება. ელექტრომომარაგების კომპანიიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და მრიცხველების მიხედვით, განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მშენებელ კომპანიაზე შესამოწმებელ პერიოდამდე, 2015 წელში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სადაც მითითებულია მიწოდებული ბინები ნომრების მიხედვით. ამ ანგარიშ-ფაქტურებში №16 და №58 ბინები მითითებული არ არის. შემდეგ აღნიშნული ანგარიშფაქტურები დაკორექტირდა და არც კორექტირებულ ანგარიშ-ფაქტურებშია მითითებული №16 და №58 ბინები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული ბინები არ ჩაითვალა დაბეგრილად. მომჩივანმა წარმოადგინა ამხანაგობის წევრების ხელმოწერილი ოქმები, რომლის მიხედვით №15, №16 და №58 ბინები თითქოსდა უნდა გადაეცეს მშენებელს. №15 ბინა ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულია, ხოლო №16 და №58 ბინები მითითებული არ არის. ამხანაგობის წევრების საკუთრებაში გადაცემად მიჩნევას ეწინააღმდეგება მომჩივანი იმიტომ, რომ ქალაქ ---ის წინაშე არ აქვთ შესრულებული საბავშვო ბაღის აშენების ნაწილში არსებული ვალდებულება, სადაც საბავშვო ბაღის აშენების მიუხედავად მხარეები დავობენ საბავშვო ბაღის ეზოს და შენობის ფართის ოდენობაზე. აღნიშნული მიზეზით, ქალაქ ---ის მიერ არ ხდება ამხანაგობის კუთვნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღება.
მიმდინარე საჩივარზე დართულია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ქალაქ ---ს მიერ 2023 წლის ივლისში გაცემული წერილი, სადაც მათ მიერ დაფიქსირებულია აღნიშნული გარემოებები. წერილში აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან პირობები შესრულებული არ არის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22112 ბრძანების აღსრულების საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები საჭიროებს დამატებით შესწავლას, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19368 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. საბჭოს აპარატს დაევალოს, საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22112 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №005-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19368 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22112 ბრძანების აღსრულების საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები საჭიროებს დამატებით შესწავლას, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 171.