ბრძანება N 3371
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3371
26 თებერვალი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის:„-------“ )
2024 წლის 17 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 იანვრის და 21 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №6 და №16) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 დეკემბრის №24403/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------- -ს “ (ს/ნ „-------“ ) №92413/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 16 ოქტომბრის №"-------" ექსპერტიზის დასკვნას და №"-------" საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2024 წლის 16 ოქტომბერს იმპორტის დეკლარაციას განესაზღვრა წითელი დერეფანი. მოხდა ტვირთის ჩამოცლა და გადათვლა, საქონლის რაოდენობა იდენტური იყო ინვოისში მითითებული რაოდენობის. გეზის წარმომადგენლის მიერ მიჩნეული იქნა, რომ ჩატარებულიყო კამერალური შემოწმება, რომლის შედეგად ექსპერტმა ჩათვალა, რომ პროდუქცია არის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი ფასით შემოტანილი, რის საფუძველზეც მოხდა დამატებით დღგ-ს დარიცხვა. კომპანიის მხრიდან ზეპირსიტყვიერად გაცხადებული იქნა, რომ ექსპერტის დასკვნას არ ეთანხმებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა დასრულდა საბაჟო დეკლარაცია.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანია დაფუძნების დღიდან ახორციელებს იდენტური პროდუქციის შემოტანას და განბაჟებას, ასევე მომწოდებელი კომპანიაც იდენტურია. განბაჟებული საქონლის 2024 წლის მარტის და ივნისის თვეების მონაცემები ადასტურებს, რომ ფასები არათუ დაიწია არამედ გაიზარდა ან დარჩა უცვლელი, რაც მისი მოსაზრებით არ უნახავს ექსპერტს და არ მოუხდენია შედარება. მაგალითად, პოზიცია სადაც მითითებულია 138სმ PRINTED TABLECLOTH DECORAMA, ფასი იყო 1,60$ (ივნისი) და 1.65$ (ოქტომბერი), 65სმ*40სმ ANTISLIP MATS 0.65$ (მარტი) და 0,7$ (ოქტომბერი). სხვა დანარჩენი პოზიციების შედარება შესაძლებელია მოხდეს დანართი დოკუმენტების მიხედვით.
საჩივრის ხელახლა განხილვის ეტაპზე შპს „-------“-ს წარმომადგენელმა წარმოადგინა 2025 წლის 21 იანვრის №------- საბაჟო დეკლარაცია და განმარტა, რომ აღნიშნული დეკლარაციასაც განესაზღვრა წითელი დერეფანი, დეკლარირებულია იდენტური საქონელი, იგივე ფასით, თუმცა შემოწმებისას საქონლის საბაჟო ღირებულება არ შეცვლილა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვა საბაჟო დეკლარაციისა და ზედმეტად დარიცხული დღგ-ს შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 9 ოქტომბერს შპს „------- -ს “ (ს/ნ „-------“) მიერ ელექტრონულად (განცხადება №„-------“) წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი №"------" 03.10.2024; სატრანსპორტო ზედნადები ---- 07.10.2024; პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი №"------"03.10.2024) საფუძველზე დარეგისტრირდა №"------"საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით – „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის (სასადილო თეთრეული – 866.40 კგ; პლასტმასის იატაკის საფარი – 455.38 კგ) საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №„-------“ საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
შპს „------- -ს “ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება; არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა; მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.).
იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე უცნობმა გარემოებამ მოახდინა გავლენა, არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 16 ოქტომბრის №010474/2024 დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა – 4167.37 აშშ დოლარი (11347.75 ლარი), 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად – 1713.67 აშშ დოლარი (4666.32 ლარი). ხოლო შპს „------ -ს “ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 6988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება – 4666.32 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 ნოემბრის №24321 ბრძანებით შპს „------- -ს “ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება მომჩივანმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ დადგენილად მიიჩნია, რომ 9.10.2024 წელს მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელს საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ჩაუტარდა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა - 4 167.37 აშშ დოლარი (11 347.75 ლარი), 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად - 1 713.67 აშშ დოლარი (4 666.32 ლარი). მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა - 6 988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება - 4 666.32 ლარს.
საბჭომ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მომჩივანი არ ეთანხმება მსჯელობას, რომ საქონელი შემოტანილია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში, ვინაიდან კომპანია დაფუძნების დღიდან იდენტური საქონლის შემოტანას და განბაჟებას ახორციელებს, მომწოდებელი კომპანიაც დღემდე იდენტურია. მიმდინარე წლის მარტის და ივნისის თვეებში განბაჟებული საქონლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ფასები არა თუ დაწეულია, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია კიდეც ან დარჩა უცვლელი, რაც ექსპერტს უნდა ენახა და მოეხდინა შედარება. საჩივარზე დართულ დოკუმენტებში დანარჩენი პოზიციების შედარება ცალსახად ადასტურებს, რომ წინა პერიოდების იმპორტთან შედარებით, ფასი არსად არ შემცირებულა.
საბჭომ მიუთითა, რომ სადავო საკითზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 9.12.2024 წლის №„-------“ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა №„-------“ საბაჟო დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება, არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა, მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.).
საბჭომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანო ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.
შესაბამისად მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24321 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს:
საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება;
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, თუ სრულდება შემდეგი პირობა – არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
დადგენილია, რომ შპს „------ -ს “ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 6988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება – 4666.32 ლარს. საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, განხორციელდა №„-------“ საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
დადგენილია ასევე ის ფაქტიც, რომ შპს „------ ს “ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე უცნობმა გარემოებამ მოახდინა გავლენა, არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა №010474/2024 16.10.2024 დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა – 4167.37 აშშ დოლარი (11347.75 ლარი), 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად – 1713.67 აშშ დოლარი (4666.32 ლარი).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ №-------(09.10.2024) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (სასადილო თეთრეული – 866.40 კგ; პლასტმასის იატაკის საფარი – 455.38 კგ) საბაჟო ღირებულების განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით. მოცემულ შემთხვევაში, გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლის შედეგები, რომლის მიხედვით, დეკლარირებული საქონლის ფასი მნიშნელოვნად განსხვავდებოდა იმავე სასაქონლო კოდით დეკლარირებულ, მიახლოებული რაოდენობრივი დონისა და იდენტური მახასიათებლების მქონე საქონლის ფასისგან.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით მიხედვით, 2025 წლის 21 იანვარს შპს „------- -ს “ (ს/ნ „-------“) მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა №"------" საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით – „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის (პლასტმასის იატაკის საფარი – 54 ერთეული; უქსოვადი მასალა – 24 ერთეული; სასადილო თეთრეული – 800 ერთეული) საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №„-------“ საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და სასადილო თეთრეულის ვიზუალური დათვალიერება. ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი მნიშნელოვნად არ განსხვავდებოდა ბოლო 90 დღის განმავლობაში იმავე სასაქონლო კოდით დეკლარირებულ, მიახლოებული რაოდენობრივი დონისა და იდენტური მახასიათებლების მქონე საქონლის ფასისგან. შესაბამისად, საბაჟო ღირებულება განისაზღვრა გარიგების ფასის (პირველი) მეთოდის მიხედვით, შპს „------ -ს “ მიერ წარდგენილ ინვოისებში მითითებული საქონლის ღირებულების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ №„-------“ (09.10.2024) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონელი, წარმოადგენს „დაპრინტულ“ მაგიდის გადასაფარებელს (ინვოისი №„-------“ 03.10.2024), ხოლო №„-------“(21.01.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი – Pvc მასალის მაგიდის გადასაფარებელს (ინვოისი №"--------"17/01/2025).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 16 ოქტომბრის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და №„-------“ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ს ოდენობა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვა საბაჟო დეკლარაციისა და ზედმეტად დარიცხული დღგ-ს შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით – „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა.შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე უცნობმა გარემოებამ მოახდინა გავლენა, არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 16 ოქტომბრის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ს ოდენობა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო საბაჟო შემდეგ ნორმებს:
37,38.