ბრძანება N 3867

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2023
№ დოკუმენტი 3867
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3867

28.02.2023

"-------" (პ/ნ "-------" )

(მის.: ქ. ---------)

2023 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა "-------" (პ/ნ "-------" ) №78498/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 იანვრის №EL196238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის 1 იანვარს გადმოკვეთა "------"-ის საბაჟო პუნქტი რუსეთიდან. მებაჟეს სთხოვა, რომ სომხეთში გასასვლელად მიეთითებინა საბაჟო გამშვები პუნქტი „------“. რამდენიმე წუთში დაუძახეს და განუმარტეს, რომ "------" პუნტზე უნდა გამოცხადდეს რენდგენზე და ელექტრონულად მიეთითა საბაჟო გამშვები პუნქტი „------“. 3 იანვარს გამოცხადდა "------" გამშვებ პუნქტზე, სადაც განუმარტეს, რომ ჯარიმდებოდა "------" რენდგენზე არ გამოცხადების გამო.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის პირველ იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შევიდა "-------" (პ/ნ "-------" ) მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტული (სომხეთის რესპუბლიკის დანიშნულებით) საქონლით დატვირთული, №"-------" სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზეც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა №"-------" აღრიცხვის მოწმობა. აღნიშნული აღრიცხვის მოწმობისათვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „სკანირება - ორივე საბაჟო ორგანოსთვის“. გამომდინარე აქედან, საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ აღრიცხვის მოწმობაზე გაკეთდა აღნიშვნა „X-RAY SCANNER CONTROL“, სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა "-------" სტაციონალურ სკანერის დანიშნულებით და სკანირების აუცილებლობის შესახებ ეცნობა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს – "-------" , რაც დასტურდება მოწმობაზე დატანილი მისივე ხელმოწერით.

2023 წლის 3 იანვარს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში, სადაც საქონლის თანმხლები დოკუმენტების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ №"-------" ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ქონდა გავლილი სკანირების პროცედურა.

ვინაიდან, "-------" გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან და "-------" სტაციონარული სკანერის ნაცვლად გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 3 იანვარს შედგენილ იქნა №EL196238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "-------" (პ/ნ "-------" ) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

 საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.  საბაჟო ზედამხედველობა კი არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, საქონელი დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ ტრანზიტული საქონლით დატვირთულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილ აღრიცხვის მოწმობისათვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „სკანირება - ორივე საბაჟო ორგანოსთვის“. ამასთან, აღრიცხვის მოწმობაზე გაკეთდა აღნიშვნა „X-RAY SCANNER CONTROL“, სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა "------" სტაციონალურ სკანერის დანიშნულებით და სკანირების აუცილებლობის შესახებ ეცნობა "-------" , რაც დაადასტურა მოწმობაზე მისივე ხელმოწერით. აღნიშნულის მიუხედავად, მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "-------" (პ/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.