გადაწყვეტილება №24529/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24529/2/2024
26 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 24.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24529/2/2024).
დავის საგანი:
ცრუმაგიერი პირის ქონებაზე ყადაღის დადება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 21.10.2024 წლის №011-5864 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.10.2024 წლის №------- აქტი „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“;
3. შემოსავლების სამსახურის 12.12.2024 წლის №26156 ბრძანება
ფაქტების აღწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.05.2023 წლის (საქმე №-------) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6.03.2024 წლის ბრძანებით დარჩა ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, მომჩივნის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 21.10.2024 წლის №011-5864 ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 23.10.2024 წლის №------- აქტი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2024 წლის №26156 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილით, 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებით, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით და განმარტა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 6.03.2024 წლის ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), ფ/პ ------- (პ/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) ცნობილ იქნენ შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და მანამდე არაერთხელ დასმულ იქნა საკითხი, რომ საგადასახადო დავალიანების ამოღების და დაფარვის მიზნით თანხების მიქცევა ბიუჯეტში განხორციელებულიყო დებიტორებისგან. ვინაიდან შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ქონება ვერ უზრუნველყოფდა დავალიანების დაფარვას, შემოსავლების სამსახურს მიაწოდეს დებიტორების სია, რათა მათ მიმართ გატარებულიყო საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
შუამდგომლობაში მითითებული დავალიანება სრულად გასტუმრებულია. დაყადაღებული ქონება შეძენილია მომჩივნის სახსრებით და არაა კავშირში ე.წ. „გარიდებულ ქონებასთან“. დებიტორების დავალიანება შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ შეადგენს 389 632.93 ლარს. აღნიშნულ კომპანიას ერიცხება საგადასახადო დავალიანება 351 715 ლარის ოდენობით.
მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 51-ე მუხლზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და 240-ე მუხლზე მითითებით ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები, ასევე დაევალოს შესაბამის დეპარტამენტს შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, დებიტორების მიმართ განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, ბიუჯეტში თანხების მიქცევის მიზნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად:
1. პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.
2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად:
4. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
6. ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. თუ მესამე პირი განაცხადებს ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების აქტში და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.
სადავო საკითხზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 29.01.2025 წლის №4924-21- 17 წერილიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.05.2023 წლის (საქმე -------) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და შპს „-------“ (ს/ნ -------) აღიარებულ იქნა შპს „-------“-ის (ს.ნ -------) ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ბრძანება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6.03.2024 წლის ბრძანებით დარჩა ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6.03.2024 წლის №------- (-------) ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს „-------“-ის (ს.ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გამოცემულ იქნა შპს „-------“ (ს/ნ -------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 21.10.2024 წლის №011-5864 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგენილ იქნა შპს „-------“ (ს/ნ -------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 23.10.2024 წლის №------- აქტი.
ამგვარად, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.05.2023 წლის (საქმე №-------) ბრძანებით მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირად, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6.03.2024 წლის ბრძანებით ძალაში იქნა დატოვებული, მომჩივნის მიმართ მართებულად იქნა გამოცემული სადავო სამართლებრივი აქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია კანონშესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ცრუმაგიერი პირის ქონებაზე ყადაღის დადება.
ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს-ის ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6.03.2024 წლის ბრძანებით დარჩა ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს“-ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, მომჩივნის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2024 წლის №26156 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია კანონშესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241; 246