გადაწყვეტილება №20759/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20759/2/2023
31 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ა(ა)იპ "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი/ საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ს 5.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20759/2/2023).
დავის საგანი:
1. 1.06.2023 წლის №"------" საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება (საქონლის დასახელების მითითება და სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა);
2. საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გამოცემის მართლზომიერება და ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №011-2023-116407 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №"------" გადაწყვეტილება;
3. შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20368 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
2023 წლის პირველ ივნისს საფოსტო გადამზიდავის შპს "------"- ის (ს/ნ "------") მიერ მომჩივნის კუთვნილ №"------" საფოსტო გზავნილზე, მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (ინვოისი №"------") საფუძველზე შეივსო და დარეგისტრირდა №"------" საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 .
მომჩივანმა 2023 წლის 4 ივლისს №"------"განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა №"------"საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, სასაქონლო კოდის შეცვლა და დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველომ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და დაადგინა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში (ინვოისი №"------") მითითებული საქონელი – მიკროსკოპი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად კლასიფიცირდება 9011 სასაქონლო პოზიციაში. გამომდინარე აქედან,მომჩივანს 2023 წლის 19 ივლისის №"------"გადაწყვეტილებით უარი ეთქვა №"------"საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანაზე და დარიცხული დღგ-ის შემცირებაზე.
2023 წლის 19 ივლისის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 5 692.76 ლარი, საურავი 71.69 ლარი) გამო, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №011-2023-116407 ბრძანებით, მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოიწერა 5764.45 ლარი.
2023 წლის 24 ივლისს მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა იმპორტირებული ტვირთისათვის - სამედიცინო ოფთალმოლოგიური დანიშნულების სტატუსის მინიჭება, ხსენებული ტვირთის დღგ-ისგან გათავისუფლება და საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება.
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა მხოლოდ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №011-2023-116407 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გამოცემის მართლზომიერებაზე და 17.08.2023 წლის №20368 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20368 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები: 1. 1.06.2023 წლის №"------" საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება (საქონლის დასახელების მითითება და სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა)
ფაქტების აღწერა 2023 წლის პირველ ივნისს საფოსტო გადამზიდავის შპს „------ - ის “ (ს/ნ"------") მიერ მომჩივნის კუთვნილ №"------" საფოსტო გზავნილზე, მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (ინვოისი №"------") საფუძველზე შეივსო და დარეგისტრირდა №"------" საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4.
მომჩივანმა 2023 წლის 4 ივლისს №"------"განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა №"------" საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, სასაქონლო კოდის შეცვლა და დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველომ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და დაადგინა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში (ინვოისი №"------") მითითებული საქონელი – მიკროსკოპი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად კლასიფიცირდება 9011 სასაქონლო პოზიციაში. გამომდინარე აქედან, მომჩივანს 2023 წლის 19 ივლისის №"------" განცხადებით უარი ეთქვა №"------" საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანაზე და დარიცხული დღგ-ის შემცირებაზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურს აღნიშნულ დავის საგანზე არ უმსჯელია.
მომჩივნის არგუმენტაცია
"------" (ს/ნ "------") დაფუძნდა და სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების (შვედეთი, დანია და ნორვეგიის სამეფოები, ფინეთისა და ისლანდიის რესპუბლიკები) ლაიონს კლუბებისა და LCIF („ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელ ფაუნდეიშენი“ (აშშ)) ფონდის მხარდაჭერით. ეს არის „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელ ფაუნდეიშენი“-ს მიერ დაფუძნებული ერთადერთი კლინიკა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. კლინიკის ძირითადი მიზანია მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქ. "------"-სა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. აგრეთვე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის - შეღავათიანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევა. კლინიკა განხორციელებული აქვს არაერთი სახელმწიფო პროგრამა და დღეის მდგომარეობითაც განაგრძობს მათში მონაწილეობას და საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ჩატარებას.
დასახული მიზნის განხორციელება წარმოუდგენელია თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ, 2023 წლის მაისის თვეში იაპონელი მომწოდებლის ("------" ) მიერ კლინიკის სახელზე გამოგზავნილ იქნა შეძნილი სამედიცინო ოფთალმოლოგიური დანიშნულების აპარატი L0955XD პორტატული, ზუმით მომუშავე, ორი ღილაკით რეგულირებადი ბინოკულარული საოპერაციო ოფთალმოლოგიური მიკროსკოპი.
აღნიშნული აპარატი გამოიყენება ოფთალმოლოგიურ პაციენტებში თვალზე ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისას. თვალის ოპერაციები მიეკუთვნება მიკროქირურგიული ოპერაციების ჯგუფს, რომელთა განხორციელება შეუძლებელია ზემოხსენებული მოწყობილობის გარეშე.
შეძენილი სამედიცინო ოფთალმოლოგიური დანიშნულების აპარატის იმპორტირება განხორციელდა ტვირთის გადამზიდავი კომპანია DHL-ის მიერ. თავდაპირველად იაპონელი მომწოდებლის მიერ გამოგზავნილ ინვოისში არ იყო მითითებული შეძენილი სამედიცინო დანიშნულების აპარატის საერთაშორისო კოდი, თუმცა მასში აღნიშნული იყო, რომ იმპორტირებული იყო ოფთალმოლოგიური მოწყობილობის (OPTHALMIC INSTRUMENTS) ერთი ნაკრები (1 SET) და საოპერაციო მიკროსკოპის მოდელის ნომერი L0955XD (დანართი №1), რაც არ იქნა მხედველობაში მიღებული და იმპორტირებული ტვირთი აღქმულ იქნა როგორც მხოლოდ ბინოკულარული მიკროსკოპი. შესაბამისად, მოხდა დეკლარაციაში არასწორი მონაცემების დაფიქსირება (9018 კოდის ნაცვლად მიეთითა 9011) (დანართი №3), დაექვემდებარა განბაჟებას და განხორციელდა მისი დაბეგვრა.
იაპონელი მომწოდებლის მიერ ხელმეორედ იქნა გამოგზავნილი ინვოისი, რომელშიც მიეთითა იმპორტირებული სამედიცინო ოფთალმოლოგიური დანიშნულების აპარატის საერთაშორისო კოდი: 9018 და 9018 50 900 6 (დანართი №2).
ტვირთი გადამზიდავი კომპანია DHL-ის მიერ დეკლარაციაში მითითებულ იქნა არასწორი ინფორმაცია, კერძოდ, საქონლის დასახელებაში მითითებულია „მიკროსკოპი“, ხოლო საქონლის კოდი სეს ესნ დაფიქსირდა - 9011 ნაცვლად 9018-ისა (დანართი №3).
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანების №1 დანართის თანახმად, 90 ჯგუფში გაერთიანებულია: „ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეცეზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები“.
9011 ნომენკლატურა აერთიანებს: „მიკროსკოპებს ოპტიკური რთული, მიკროფოტოგადაღების, მიკროკინოგადაღების ან მიკროპროეცირების მიკროსკოპების ჩათვლით“, რომლებიც საგადასახადო კოდექსის თანახმად არ თავისუფლდება დღგ-ის გადასახადისაგან. ხოლო 9018 ნომენკლატურაში შედის „ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად სხვა კოდებთან ერთად დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 9018-9022 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი. შესაბამისად, იმპორტირებული სამედიცინო ოფთალმოლოგიური დანიშნულების აპარატი L0955XD პორტატული, ზუმით მომუშავე, ორი ღილაკით რეგულირებადი ბინოკულარული საოპერაციო ოფთალმოლოგიური მიკროსკოპი, რომლის კოდია 9018 (9018 50 900 6) (დანართი №2; №3; №4) და მისი იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ის გადასახადისაგან.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 ივლისს, გაცემულ იქნა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ №011-2023-116407 უკანონო ბრძანება, რომლის საფუძველზეც "------"- ს (ს/ნ "------") საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილ იქნა თანხა 5 764,45 (ხუთი ათას შვიდასსამოცდაოთხი ლარი და 45 თეთრი) ლარის ოდენობით (გადასახადი 5 692,76 ლარი და საურავი 74,54 ლარი).
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა მომჩივნის მიერ, 2023 წლის 24 ივლისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 17 აგვისტოს, №20368 ბრძანებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მომჩივანი უთითებს, რომ დავის განმხილველი ორგანო შემოიფარგლა საგადასახადო კოდექსის რიგი მუხლების ფორმალური მითითებით და საერთოდ არ დაინტერესებულა იმ გარემოებით არსებობდა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში კლინიკის დაბეგვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №011-2023-116407 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №20368 ბრძანება;
3. განხორციელდეს ცვლილება 2023 წლის 1 ივნისის №"------" საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა №4) (საქონლის დასახელებაში მიეთითოს: „სამედიცინო ოფთალმოლოგიური დანიშნულების აპარატი L0955XD პორტატული, ზუმით მომუშავე, ორი ღილაკით რეგულირებადი ბინოკულარული საოპერაციო ოფთალმოლოგიური მიკროსკოპი“, ხოლო სეს ესნ-ის შესაბამისად საქონლის კოდის გრაფაში - „9018“) და "------"-ს (ს/ნ "------") დაუბრუნდეს საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშიდან უკანონოდ ჩამოჭრილი 5 764,45 ლარი (გადასახადი 5 692,76 ლარი და საურავი 74,54 ლარი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანების მე3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების) პირველი პუნქტის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით.
დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.
მომჩივნის განმარტებით შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით და მოითხოვა იმპორტირებული ტვირთისათვის - სამედიცინო ოფთალმოლოგიური დანიშნულების სტატუსის მინიჭება, ხსენებული ტვირთის დღგ-ისგან გათავისუფლება და საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება, თუმცა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №20368 ბრძანებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მომჩივანი უთითებს, რომ დავის განმხილველი ორგანო შემოიფარგლა საგადასახადო კოდექსის რიგი მუხლების ფორმალური მითითებით და საერთოდ არ დაინტერესებულა იმ გარემოებით არსებობდა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში კლინიკის დაბეგვრის საფუძველი.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების საკითხზე. ამასთან, საჩივარი განხილულია გადასახადის გადამხდელი მონაწილეობის გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დავის საგნის ამ ნაწილში საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გამოცემის მართლზომიერება და ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნება
ფაქტების აღწერა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მომჩივანს 2023 წლის 19 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 5 692.76 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 71.69 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 0 ლარი.
შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №011-2023-116407 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, რომლის საფუძველზეც ჩამოწერილ იქნა 5 764.45 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 243-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 20 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია იხილეთ პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ, დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
ვინაიდან, მომჩივანს 2023 წლის 19 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20368 ბრძანება;
3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება, შემოსავლების სამსახურის ბრძანება და განხორციელდეს ცვლილება 2023 წლის 1 ივნისის საბაჟო დეკლარაციაში.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, სასაქონლო კოდის შეცვლა და დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველომ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და დაადგინა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული საქონელი – მიკროსკოპი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად კლასიფიცირდება 9011 სასაქონლო პოზიციაში. გამომდინარე აქედან,მომჩივანს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანაზე და დარიცხული დღგ-ის შემცირებაზე.
მომჩივანის სახელზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით, მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოიწერა.
2023 წლის 24 ივლისს მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა იმპორტირებული ტვირთისათვის - სამედიცინო ოფთალმოლოგიური დანიშნულების სტატუსის მინიჭება, ხსენებული ტვირთის დღგ-ისგან გათავისუფლება და საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება.
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა მხოლოდ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №011-2023-116407 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გამოცემის მართლზომიერებაზე და საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20368 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების საკითხზე. ამასთან, საჩივარი განხილულია გადასახადის გადამხდელი მონაწილეობის გარეშე.საბჭოს მიაჩნია, რომ დავის საგნის ამ ნაწილში საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
ვინაიდან, მომჩივანს 2023 წლის 19 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
243,238.
"საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანების მე-3 მუხლი.