გადაწყვეტილება №25716/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.10.2025
№ დოკუმენტი 25716/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25716/2/2025

10 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 02.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----”-ის 25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25716/2/2025).

 

დავის საგანი:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2025 წლის N ID: ----- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 04.08.2025 წლის N 17450 ბრძანება

 

ფაქტების აღწერა:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები. მომჩივანმა 05.05.2025 წელს განცხადებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელს 15.07.2025 წლის N ID: ----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 04.08.2025 წლის N 17450 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N 3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომსახურებას უწევს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სადაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები და მიმდინარეობს შესასრულებელი სამუშაოები. გამომდინარე იქიდან რომ ხდება ბიუჯეტიდან ანგარიშსწორება დღგ-ის არაკვალიფიციურობის გამო ვერ ტვირთავს ანგარიშ - ფაქტურას და ასევე ვერ ახდენს დადასტურებას, რის გამოც ხელი ეშლება როგორც გადასახადის გადამხდელს, ასევე დამკვეთს. ბიუჯეტიდან ჩარიცხვები ხდება ხელშეკრულებით შეთანხმებულ თანხებზე დღგ-ის გამოკლებით, რაზეც ექმნება დიდი პრობლემები, როგორც დამკვეთთან ასევე მასალების შესაძენად და ხელფასების გასაცემად.

შესასრულებელი სამუშაოები მიმდინარეობს ----- რაიონში. კომპანიის დირექტორი 2011 წლის პერიოდში იყო სხვა შპს-ის დამფუძნებელი, სადაც არანაირი წილობრივი მონაწილეობა და შემოსავალი არ ჰქონია და რომელიც სხვაზე გადააფორმა.

ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე კერძოდ, რომ მომსახურებას უწევს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. დღგ-ის არაკვალიფიციურობის გამო ვერ ტვირთავს ანგარიშ - ფაქტურას და ასევე ვერ ახდენს დადასტურებას, რის გამოც ხელი ეშლება როგორც გადასახადის გადამხდელს, ასევე დამკვეთს. კომპანიის დირექტორი 2011 წლის პერიოდში იყო სხვა შპს-ს დამფუძნებელი, სადაც არანაირი წილობრივი მონაწილეობა და შემოსავალი არ ჰქონია და რომელიც სხვაზე გადააფორმა.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დასკვნა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 04.08.2025 წლის N 17450 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები. მომჩივანმა განცხადებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში - საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს: 2022 წლის 16 თებერვლის N 3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტი.