გადაწყვეტილება №19811/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 19811/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19811/2/2023

14 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19811/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №006-559 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10587 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 450 672,09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 265 422

დღგ - 48 437

საშემოსავლო გადასახადი - 216 985

ჯარიმა - 136 427

საურავი - 48 823,09

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

 

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №31465 ბრძანება და ამავე თარიღის №006-559 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს "-----"-ს (ს/ნ "-------" ) თავმდები პირის შპს N1 -ის (ს/ნ "-----" ) უძრავ ქონებას (ს/კ ------ ).

ზემოხსენებული აქტები 13.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.05.2023 წლის №10587 ბრძანებით, საჩივარი, ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 ბრძანების ნაწილში, დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №006-559 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10587 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

10.06.2022 წელს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მომჩივანს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზეც შედგენილია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ამასთან, ბანკის ამონაწერების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთების, სალაროში ფულის ნაშთის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის მოძრაობა შემდეგი მეთოდით:

შემოსავალი დადგინდა პროექტის ფარგლებში ნასყიდობების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული/მისაღები თანხებით, გასული თანხები განისაზღვრა დოკუმენტით დადასტურებული ხარჯების და კრედიტორული დავალიანების ნაშთების გათვალისწინებით, რასაც დაემატა გაცემული ხელფასები, სხვა განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, მოგების გადასახადით დაბეგრილი ხარჯები, საბანკო ანგარიშიდან გაწეული სხვა ხარჯები (დაზღვევა, ბანკის საკომისიო, დაქირავებულების საპენსიო შენატანები და სხვა). შემოწმებით დადგენილი შემოსული და გასული თანხების სხვაობას დაემატა საწყისი ფულის ნაშთები ბანკებში და სალაროში, გამოაკლდა საბოლოო ფულის ნაშთი ბანკებში. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი, რაც შეუდარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩატარებულ სალაროს ინვენტარიზაციის შედეგებს (შედეგის მიხედვით სალაროს ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი), გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი, რაც შეუდარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩატარებულ სალაროს ინვენტარიზაციის შედეგებს.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ მასალებს (მათ შორის სააღრიცხვო პროგრამას) და შემოსვლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს მხრიდან არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის დარიცხვის წინაპირობებს. შემოწმების პროცესში შემმოწმებლებისათვის წარდგენილ იქნა საზოგადოების საბუღალტრო პროგრამა, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორისა, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ შემმოწმებლების მხრიდან ტექნიკური საშუალებების არქონის გამო, ვერ იქნა „გახსნილი“ აღნიშნული პროგრამა, „დამოუკიდებლად“ განსაზღვრეს ფულის მოძრაობა და არასწორი სასტარტო ფულის ნაშთზე დაყრდნობით დაადგინეს თითქოსდა პერიოდის ბოლოს საზოგადოების ნაღდი ფულის ნაშთი უნდა შეადგენდეს 1 084 925 ლარს, რაც შემდგომ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ადმინისტრაციული აქტი დარიცხვის ამ ნაწილში ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97-ე მუხლის მოთხოვნებს, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანომ არ შეასრულა ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

შესაბამისად უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად, ფულის მოძრაობის გაანგარიშების მიზნებისთვის, შემოსავალი დადგინდა პროექტის ფარგლებში ნასყიდობების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხებით. გასული თანხები განისაზღვრა დოკუმენტით დადასტურებული ხარჯების და კრედიტორული დავალიანების ნაშთების გათვალისწინებით, რასაც დაემატა გაცემული ხელფასები, სხვა განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, მოგების გადასახადით დაბეგრილი ხარჯები, საბანკო ანგარიშიდან გაწეული სხვა ხარჯები. შემოწმებით დადგენილ შემოსულ თანხებს და გასულ თანხებს შორის გამოვლინდა სხვაობა. ასევე გათვალისწინებული იქნა საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები საბანკო ანგარიშებზე და საწყისი ნაშთი სალაროში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლინდა სალაროში ფულის ნაშთი. 10.06.2022 წელს განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის გახსნის ტექნიკური პრობლემა არ არსებობდა, პროგრამის მონაცემები დამუშავებულია საგადასახადო შემოწმების დროს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. კომპანიას სულ აშენებული აქვს ერთი კორპუსი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაყიდული იყო ყველა ფართი, გარდა 2 ავტოსადგომისა. შესაბამისად, კორპუსის ასაშენებლად ყველა ხარჯი გაწეული იყო. შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია საჯარო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც მითითებული იყო, რომ ყველა ვალდებულება დაფარული იყო. ხარჯებში გათვალისწინებულია ყველა ფაქტობრივად გაწეული ხარჯი. მონაცემები ცხრილის სახით გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია. ასევე, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. შესაბამისად არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, ამასთან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პირობითი გრაფიკი დასარიცხი საურავის ჩათვლით და თავდების, შპს ,, N1 -ის “ (ს/ნ "-------" ) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (№------ ) მიმართ შპს ------ 16.03.2020 წლის დასკვნა, რომლის თანახმად ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 281 455 ლარს).

„აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ანალიტიკური დეპარტამენტის 7.04.2020 წლის №006-2020-2790 ბრძანების საფუძველზე დაკმაყოფილდა შპს "------"-ს 17.03.2020 წლის განცხადება და გადავადებულ იქნა 7.04.2020 წლის მდგომარეობით არსებული 179 835.19 ლარის ოდენობით აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება 31.03.2023 წლის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული ბრძანების და სსკ-ის 239-ე, 249-ე მუხლების საფუძველზე, შპს N1 -ის "--------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე,შემოსავლების სამსახურის 16.04.2020 წლის №006-13140 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, ანალიტიკურ დეპარტამენტსა და შპს "-------"-ს შორის გაფორმებული 7.04.2020 წლის №2020-1323 და 25.04.2020 წლის №2020-4110 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო გაუქმებულ იქნა ანალიტიკური დეპარტამენტის 7.04.2020 წლის №006-2020-2790 და 25.08.2020 წლის №006-2020-8009 ბრძანებები და 7.04.2020 წლის №2020-1323 და 25.08.2020 წლის №2020-4110 ხელშეკრულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 249-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 „ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებით, შპს "-------"-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო თავმდები პირის შპს N1 -ის (ს/კ: №------- ) რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 ნაწილებზე, მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე და 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს N1 -ის (ს/ნ "-------" ) უძრავ ქონებას (ს/კ"-------" მიაჩნია, რომ შპს "-------" (ს/ნ "-------") წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს და სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მოითხოვს შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10587 ბრძანების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 ბრძანება გამოცემულია მომჩივნის თავმდები პირის, შპს N1 -ის (ს/ნ "------" ) მიმართ, ხოლო 13.01.2023 წლის საჩივარი (№4769/21) შემოსავლების სამსახურში წარდგენილია შპს "-------"-ს (ს/ნ "-------") დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10587 ბრძანება ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 ბრძანების ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების ნაწილში შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი თვლის,რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება (შემცირება).

2.მომჩივანი მოითხოვს შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10587 ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზეც შედგენილია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი.შემოწმებით დადგენილი შემოსული და გასული თანხების სხვაობას დაემატა საწყისი ფულის ნაშთები ბანკებში და სალაროში, გამოაკლდა საბოლოო ფულის ნაშთი ბანკებში. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი, რაც შეუდარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩატარებულ სალაროს ინვენტარიზაციის შედეგებს,გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე.

სსკ-ის 249-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 „ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებით, მომჩივანს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო თავმდები პირის რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია. ასევე, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. შესაბამისად არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10587 ბრძანება ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5990 ბრძანების ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების ნაწილში შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9 „ა“ დ ),101 ,154 241,249.