ბრძანება N 2036

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2023
№ დოკუმენტი 2036
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2036

07.02.2023

ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

(მის: ---------- )

2023 წლის 11 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) №3565/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 9 იანვრის №011-12 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №011-2022-248744 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 243-ე მუხლების შემადგენლობას, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ მიხეილ შამოიანზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის №007-123 და №007-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნებით (პირველადი საგადასახადო მოთხოვნები N007-510 და N007-185) დარიცხულ თანხებზე მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. აღნიშნული საქმეები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეების განხილვაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხების აღიარებას არ აქვს ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ი/მ "----------" (ს/ნ ----------) 2022 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 260648.27 ლარი, ჯარიმა 180222.07 ლარი, საურავი 120203.35 ლარი.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №011-2022-248744 ბრძანება ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის თაობაზე, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს ჩამოწერილ იქნა 1667.85 ლარი.

2023 წლის 9 იანვრის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 239171.95 ლარი, ჯარიმა 180222.07 ლარი, საურავი 121800.43 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ი/მ "----------" (ს/ნ ----------) მიმართ გამოცემულ იქნა 2023 წლის 9 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-12 ბრძანება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №17990/2/2022 და №17989/2/2022 გადაწყვეტილებებით ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის №007-39 და №007-123 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა) დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 20 იანვრის მდგომარეობით ი/მ "----------" (ს/ნ ----------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 250453.78 ლარი, ჯარიმა 180222.07 ლარი, საურავი 123138.38 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 9 იანვრის №011-12 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2022 წლის 27 დეკემბრის №011-2022-248744 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ "----------" (ს/ნ ----------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2022 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.