ბრძანება N 9998
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9998
05.05.2023
ი/მ ---------- --------------ის (ს/ნ -------------------)
(მის: -------------------------------------)
2023 წლის 10 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი N44) განიხილა ი/მ ---------- ------------ის (ს/ნ -----------------) N80278/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მარტის NCB964073 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2019 წლის 7 მარტს დააჯარიმეს მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობაზე. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ გადამოწმებული იქნა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ,,--------“, რომელსაც მართავდა მძღოლი ----- ------- (პ/ნ ------------), რომელმაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებს განუცხადა, რომ საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა ი/მ ----- ----------გან, რომელმაც არ გამოწერა სასაქონლო ზედნადები, რის გამოც ------ --------ე დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნულ მომენტში შეჩერებული ჰქონდა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი, რაზეც ატვირთული ჰქონდა 2018 წლის 29 იანვრის განცხადება საქმიანობის შეჩერების თაობაზე და 2018 წლის შეწყვეტის წლიური დეკლარაცია N5227265. საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მოხსნებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 7 მარტს -- სთ-ზე ქალაქ ------ში, ----- ------ს ქუჩა N104-ში, საგადასახადო მონიტორინგის სამმართველოს ---------ის განყოფილების ოფიცრების მიერ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ---- -----ს (პ/ნ ---------) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა (ტაქსი) სახელმწიფო ნომრით --------, რომლითაც ხორციელდებოდა ი/მ ---------- ------------ის (ს/ნ -----------------) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (1400 ლარის ღირებულების შერეული სურსათი და ჰიგიენის საშუალებები) ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. გასაუბრების დროს ი/მ ---------- ------------ე (ს/ნ -----------------) იმყოფებოდა სამართალდარღვევის ადგილზე და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს თავად განუმარტა, რომ საქონელი განკუთვნილი იყო საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისათვის. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზით (ORACLE) გადამოწმებისას დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ საქონელზე ი/მ ---------- ------------ის (ს/ნ -----------------) მიერ ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ი/მ ---------- ------------ის (ს/ნ -----------------) მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB964073 სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და სამართალდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სადავო ოქმს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 7 აპრილს. ამასთან პორტალი გააჩნია 2010 წლის 12 იანვრიდან.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 500 ლარის ნაცვლად, სანქციის სახით უნდა განესაზღვროს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- ------------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ ---------- ------------ის (ს/ნ -----------------) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მარტის NCB964073 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 500 ლარის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დააჯარიმეს მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობაზე. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნულ მომენტში შეჩერებული ჰქონდა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი, რაზეც ატვირთული ჰქონდა განცხადება საქმიანობის შეჩერების თაობაზე და 2018 წლის შეწყვეტის წლიური დეკლარაცია . საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მოხსნებითი ბარათიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის მიერ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ფიზიკური პირის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა , რომლითაც ხორციელდებოდა მომჩივანის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. გასაუბრების დროს მომჩივანი იმყოფებოდა სამართალდარღვევის ადგილზე და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს თავად განუმარტა, რომ საქონელი განკუთვნილი იყო საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და სამართალდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით უნდა განესაზღვროს გაფრთხილება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 269(1,8); 270(1,2,7); 281; 286(1,11); 291;302(6);
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლი;