ბრძანება N 19638

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2026
№ დოკუმენტი 19638
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19638

03 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 20 ივლისის და 4 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს და 3 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №70 და №78) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 20 ივლისის №103556/1/2026 და 4 აგვისტოს №103866/1/2026 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 ივნისის №006-192 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. მომჩივანი განმარტავს, რომ გადასახადებით შეიძლება დაიბეგროს შემოსავალი, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი, თუმცა არსებობს მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც შემოსავალს არ გააჩნია სასყიდლიანი ხასიათი და საწარმოს ოპერაციიდან არ მიუღია ფინანსური სარგებელი/საკომპენსაციო თანხა. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო მიზნებისთვის, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დანაკლისით, პროდუქციის გაჩუქებით, ვალის პატიებით და სხვა. დამატებით განმარტავს, რომ ერთია რამდენად სამართლიანად განისაზღვრა შემოსავლის ოდენობა, მაგრამ სასყიდლიანია თუ უსასყიდლო ასეთი სახით განსაზღვრული შემოსავალი, ეს წარმოადგენს ცალკე მტკიცების საგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის განკარგვა სცდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებს, მართალია შემოწმებამ განსაზღვრა რა შემოსავალს მიიღებდა საწარმო ყველა ბინის რეალიზაციის შემთხვევაში, თუმცა შემდგომ აღნიშნული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით, მიიჩნია კომპანიის სალაროში ჯერ ფულის სახით მიღებულად, ხოლო შემდეგ ხელფასის სახით განაცემად და ეს მაშინ, როდესაც არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება აღნიშნული თანხის მიღების ან მისი შემდგომი განკარგვის შესახებ. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დგინდება თანხის რეალური მოძრაობა, ვერ დგინდება პირები, რომლებმაც კომპანიის სასარგებლოდ გადაიხადეს ან კომპანიიდან წაიღეს თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97- 98-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა დაიბეგროს არა საშემოსავლო, არამედ მოგების გადასახადით. დამატებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით განიხილა როგორც კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, შემოწმება არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად, არიცხავს დღგ-ის, ხოლო მეორე მხრივ, ის რაც ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ია, ასევე განხილულია დირექტორის კუთვნილ სარგებლად და ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ზე (18%-ზე) დამატებით განსაზღვრულია საშემოსავლო გადასახადი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების კორექტირებას.

3. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების თანახმად, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. მომჩივანი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდა როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, შემოწმებას არ გაუთვალისწინებია აღნიშნული გარემოება. ასევე, განმარტავს, რომ საწარმოს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემმოწმებელმა გაითვალისწინა დამფუძნებლის მიმართ არსებული სასესხო დავალიანება, რომლითაც შემცირდა ფულის მოცულობა, თუმცა არ გაუთვალისწინებია დამფუძნებლის სესხზე დარიცხული პროცენტი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს გაწეული აქვს ისეთი ხარჯები, რომელიც არ არის შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული და დღეის მდგომარეობით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის წარდგენაც შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა. ასევე, მიუთითებს, რომ მომწოდებლის მხრიდან გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მომწოდებლების მხრიდან არ იყო გამოწერილი შემოწმების პროცესში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საწარმოს გონივრული ნაშთის, დამფუძნებლის მიმართ გადახდილი პროცენტის, ხარჯებისა და შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებას, ფულის ნაშთის დივიდენდად დაკვალიფიცირებას და დარიცხული გადასახადების კორექტირებას.

4. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4633 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 8 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 9 ივნისის №12678 ბრძანება და 2026 წლის 10 ივნისის №006-192 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 934 343 ლარი, მათ შორის, გადასახადი 541 158 ლარი, ჯარიმა 269 047 ლარი და საურავი 124 138 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „-------“ (ს/ნ -------) დაფუძნებულია 2020 წლის 20 თებერვალს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 27 თებერვალს. საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორია ------- (ს/ნ -------). გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ასევე, საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელთან კომუნიკაცია ვერ შედგა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებაში ჩართულმა პირმა (ბუღალტერი ------- (პ/ნ -------)) წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამის, „ინფო ბუღალტერის“ ასლი. აღნიშნული საბუღალტრო პროგრამის ანალიზით დადგინდა, რომ მასში გარკვეული ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები ასახული არ არის, ამიტომ საგადასახადო შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო მას. შპს „-------“ (ს/ნ -------) შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში უფიქსირდება 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ -------) შემდეგ მისამართზე: -------, -------. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადასახადის გადამხდელმა შეიძინა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2022 წლის 9 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ ნასყიდობის საგანზე ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2021 წლის 8 ივნისის №5438090 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებულია მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი, რომელთან დაკავშირებული ყველა უფლებაც გადადის მყიდველზე ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ. ამასთან, ნებართვის განვითარებასთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილება ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადავიდა მყიდველზე. შპს „-------“ (ს/ნ -------) შესყიდულ მიწის ნაკვეთზე 2022 წლიდან დაიწყო 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც დაფინანსდა როგორც სს „-------“, ასევე დამფუძნებლისგან აღებული სესხებით. მშენებლობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დასრულებულია, ხოლო ყველა ბინა/ფართი რეალიზებული. სს „-------“ და შპს „-------“ გამოთხოვილი რეგისტრირებული აბონენტების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, კომპლექსი დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში 2025 წლის თებერვლიდან. სსიპ ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ. გვერდზე მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი ითვალისწინებდა შიდა და გარე ავტოსადგომებსაც. აღნიშნულ ავტოსადგომებს საკადასტრო კოდები არ აქვთ მინიჭებული და საგადასახადო შემოწმების შედეგად არც მათი რეალიზაციაა დადგენილი. შემოწმებაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან ჩართული პირის (ბუღალტერი ------- (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე სასამართლომ დააყადაღა ობიექტი, რის გამოც ზემოაღნიშნულ ავტოსადგომებს საკადასტრო კოდი ვერ მიენიჭა, ავტოსადგომები ფაქტიურად არსებობს, თუმცა რეალიზებული არ არის. საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით, შპს „-------“-გან (ს/ნ -------) იჯარით აიღო საოფისე ფართი შემდეგ მისამართზე: -------, -------, საოფისე ფართი №1, სართ. №13 (ს/კ -------, საერთო ფართი 381,84 კვ.მ.), რომელიც 2024 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით იჯარით გასცა შპს „-------“ (ს/ნ -------).

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაციის, ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზისა და შპს „-------“ (ს/ნ -------) ბინების/ფართების მყიდველებთან გასაუბრების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს, ბინების/ფართების რეალიზაციაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს არასრულად. შედეგად, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ანგარიშსწორების პირობებიდან, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მასალებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაციის, ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზისა და შპს „-------“ (ს/ნ -------) ბინების/ფართების მყიდველებთან გასაუბრების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. საგადასახადო შემოწმებით, საწარმოს მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შინაარსის ანალიზიდან და მყიდველებთან გასაუბრებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის ყველა ბინა/ფართი ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო ნასყიდობის ღირებულება შესამოწმებელ პერიოდში სრულად ანაზღაურებულად. გათვალისწინებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №1787 ბრძანების საფუძველზე 2026 წლის 8 თებერვალს შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, რა დროსაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. გათვალისწინებულ იქნა საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორისგან, ------- ნასესხები და უკან დაბრუნებული თანხები. ------- ნასესხებ თანხაზე დავალიანების ჯამური ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, საგადასახადო შემოწმებით დაკორექტირდა და ჩაითვალა - 833 404 ლარი. დამფუძნებლისგან ნასესხები თანხის ძირი საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა სრულად დაბრუნებულად. აღნიშნული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გამოვლინდა ფულის ნაშთი, განკარგვადი თანხა, რომელიც არ ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არც გადასახადის გადამხდელის სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე. ზემოაღნიშნული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ------- გაცემულ ხელფასად.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ა) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად, ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით;

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

გ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში;

დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შემოწმებისას საწარმოს მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა „ინფო ბუღალტერის“ ასლი, თუმცა მასში გარკვეული ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები ასახული არ იყო, ამიტომ საგადასახადო შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო მას. საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდებოდა 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც გადასახადის გადამხდელმა შეიძინა 2022 წლის 9 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით. საწარმომ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე 2022 წლიდან დაიწყო 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა უკვე იყო დასრულებული, ხოლო ყველა ბინა/ფართი - რეალიზებული. სს „-------“ და შპს „-------“ გამოთხოვილი რეგისტრირებული აბონენტების მიერ მომხმარებული ელ. ენერგიის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, კომპლექსი დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2025 წლის თებერვლიდან. სსიპ ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ. გვერდზე მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი ითვალისწინებდა შიდა და გარე ავტოსადგომებსაც. აღნიშნულ ავტოსადგომებს საკადასტრო კოდები არ ჰქონდათ მინიჭებული და საგადასახადო შემოწმების შედეგად არც მათი რეალიზაცია იყო დადგენილი. საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ საწარმომ 2024 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით, შპს „-------“-გან იჯარით აიღო საოფისე ფართი, რომელიც 2024 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით იჯარით გასცა შპს „-------“. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაციის, ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზისა და შპს „-------“ (ს/ნ -------) ბინების/ფართების მყიდველებთან გასაუბრების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს, ბინების/ფართების რეალიზაციაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ჰქონდა არასრულად. შედეგად, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ანგარიშსწორების პირობებიდან, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მასალებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაციის, ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზისა და შპს „-------“ (ს/ნ -------) ბინების/ფართების მყიდველებთან გასაუბრების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებული იქნა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. საგადასახადო შემოწმებით, საწარმოს მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შინაარსის ანალიზიდან და მყიდველებთან გასაუბრებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის ყველა ბინა/ფართი ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო ნასყიდობის ღირებულება შესამოწმებელ პერიოდში სრულად ანაზღაურებულად. გათვალისწინებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, ასევე, შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. გათვალისწინებულ იქნა საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორისგან ნასესხები და უკან დაბრუნებული თანხები. ------- ნასესხებ თანხაზე დავალიანების ჯამური ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის დაკორექტირდა და ჩაითვალა - 833 404 ლარი. დამფუძნებლისგან ნასესხები თანხის ძირი თანხა საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა სრულად დაბრუნებულად. აღნიშნული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გამოვლინდა ფულის ნაშთი, განკარგვადი თანხა, რომელიც არ ფიქსირდებოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არც გადასახადის გადამხდელის სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე. ზემოაღნიშნული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ------- გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შემოწმებისას გათვალისწინებული იქნა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რაც, თავის მხრივ მოიცავს, როგორც ბიუჯეტში გადახდილ, ასევე ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ის. ამას გარდა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების მიხედვით, შპს „-------“ არსებითი ხარჯი გაწეული არ აქვს და აღნიშნულთან დაკავშირებით არც რაიმე დოკუმენტი აქვს წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა სრულად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. დამატებით, სესხზე დარიცხულ პროცენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან დაკავებული არ ჰქონდა სესხზე გადახდილი პროცენტების შესაბამისი გადასახადი, შესაბამისად, საპროცენტო ხარჯი არ დადასტურდა და არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

3. ითხოვს დამფუძნებლის სესხზე დარიცხული პროცენტის გაუთვალისწინებას და ფულის ნაშთის დივიდენდად დაკვალიფიცირებას.

4. ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ასევე, საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაციის, ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზისა ბინების/ფართების მყიდველებთან გასაუბრების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს, ბინების/ფართების რეალიზაციაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს არასრულად. შედეგად, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ანგარიშსწორების პირობებიდან, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მასალებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გამოვლინდა ფულის ნაშთი, განკარგვადი თანხა, რომელიც არ ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არც გადასახადის გადამხდელის სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე. ზემოაღნიშნული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164; 269(7)