გადაწყვეტილება №27280/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27280/2/2026
05 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 4.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27280/2/2026).
დავის საგანი:
ყადაღადადებული ქონების განკარგვა, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 3.12.2025 წლის №------- სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 20.04.2026 წლის №8710 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 4 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის 23.02.2017 წლის №011-619 ბრძანებით ყადაღის დაედო შპს ,,-------”- ის (ს/ნ -------) საკუთრებაში (ბალანსზე) არსებულ ქონებას, რაზეც შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 13.04.2018 წლის აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ავტომანქანა ------- ცისტერნა (ლურჯი 1990 წ. სახ. №-------), რომელიც შესანახად ჩაბარდა მომჩივანს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ყადაღადადებული ნივთის წარდგენა. აღნიშნულ ფაქტზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 3.12.2025 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.04.2026 წლის №8710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 241-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 278-ე მუხლით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით და განმარტა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნული ქონება, 2024 წელს ------- აღსრულების ბიუროს მიერ აღრიცხულია და ჩაბარებული აქვს სხვა პირს, კერძოდ, ------- (პ/ნ -------). ასევე, ------- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა მისი გადალუქვა. ავტომანქანის სავარაუდო საბაზრო ფასი 1 000 ლარს არ აღემატება და ჯარიმის თანხა ავტომანქანის სავარაუდო ღირებულებაზე 4-ჯერ მეტი გამოდის. არის მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელი და რთულ პირობებში უწევს არსებობა. ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე დაყრდნობით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
დადგენილია, რომ მომჩივანს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების განკარგვისთვის, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
მომჩივნის განმარტებით, სადავო ქონება, 2024 წელს ------- აღსრულების ბიუროს მიერ აღრიცხულია და ჩაბარებული აქვს სხვა პირს, -------. ასევე, ------- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა ავტომანქანის გადალუქვა.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და აღსრულების მარეგულირებელი ნორმების თანახმად, დაყადაღებული ქონება ექვემდებარება სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს და მისი ნებისმიერი ფორმით გადაცემა, გასხვისება ან სხვაგვარი განკარგვა დაუშვებელია უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე.
მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას, კერძოდ დასადგენია:
ა) რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მომჩივანი და ------- (პ/ნ -------) შპს ,,-------”-თან (ს/ნ -------) სადავო ქონების დაყადაღების მომენტში;
ბ) რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან ამჟამად აღნიშნული პირები აღნიშნულ კომპანიასთან;
გ) არის თუ არა სადავო ქონება იგივე მდგომარეობაში, როგორიც იყო დაყადაღების მომენტში. თუ არ არის, გაიზარდა თუ შემცირდა მისი საბაზრო ღირებულება;
დ) რეალურად მოხდა თუ არა ქონების გადაცემა სხვა პირზე, რა ფორმით და რა საფუძვლით;
ე) წინა პუნქტებში მითითებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, არის თუ არა განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი სამართალდარღვევის სუბიექტი.
აღნიშნული გარემოებების დაუდგენლობა ან არასრულყოფილი კვლევა არღვევს ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობისა და კანონიერების პრინციპებს, რაც წარმოადგენს მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.04.2026 წლის №8710 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ყადაღადადებული ქონების განკარგვა, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით ყადაღის დაედო შპს-ს საკუთრებაში (ბალანსზე) არსებულ ქონებას, რაზეც შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ავტომანქანა, რომელიც შესანახად ჩაბარდა მომჩივანს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ყადაღადადებული ნივთის წარდგენა. აღნიშნულ ფაქტზე, ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 278; 269(7)